შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის თარიღად 2023 წლის ოქტომბერი განიხილება

შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის თარიღად 2023 წლის ოქტომბერი განიხილება

შოტლანდიის პირველ მინისტრს, ნიკოლა სტერჯენს სურს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2023 წლის 19 ოქტომბერს ჩატარდეს, – ამის შესახებ BBC-ი წერს. როგორც ირკვევა, რეფერენდუმის მთავარი შეკითხვა 2014 წლის რეფერენდუმის იდენტური იქნება – „შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა იყოს?“. რეფერენდუმის ჩანიშვნის მოთხოვნის ოფიციალური უწყისი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ პირველი მინისტრის შემოთავაზებას განიხილავს, მაგრამ აქვე ხაზი გაესვა იმას, რომ რეფერენდუმის ჩასატარებლად ახლა შესაფერისი დრო არ არის. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ დასძინა, რომ რეფერენდუმის ჩატარება-არჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება სწორედ მას აქვს.

საინტერესოა, რომ განსხვავებულად ფიქრობს შოტლანდიის პირველი მინისტრი, რომელმაც ქვეყნის უზენაეს სასამართლოს ამ საკითხზე ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

„[შემოთავაზებას] დეტალურად შევისწავლით და შესაბამისად ვუპასუხებთ. ჩემი აზრით, ქვეყანა უფრო ძლიერი ეკონომიკის შენებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული – ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად უფრო ძლიერი ეკონომიკასა და უფრო ძლიერი ქვეყანას შევქმნით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი შოტლანდიაში 2014 წლის 18 სექტემბერსაც ჩატარდა – მაშინ, ქვეყნის გაერთიანებულ სამეფოს წევრად დარჩენას მოსახლეობის 55.3%-მა დაუჭირა მხარი. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, რეფერენდუმის ხელახლა ჩატარება ქვეყანაში კვლავაც აქტუალური გახდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *