კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად შვედეთის მიერ მსუბუქი ზომების მიღება არ უნდა იქნას გამოყენებული მოდელად სხვა ქვეყნების მიერ, რომლებსაც ეკონომიკის მალე გახსნა სურს. ამის შესახებ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები აცხადებენ.
შვედეთში, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, სკოლებს, სავარჯიშო დარბაზებს, ბარებს და მაღაზიებს თითქმის არ შეუწყვეტიათ მუშაობა კრიზისის პერიოდში. ამის ნაცვლად, შვედეთის მთავრობა დაეყრდნო საზოგადოების ნდობას და მოქალაქეებს უბრალოდ სთხოვა დარჩენილიყვნენ სახლში თუ რაიმე სასწრაფო საქმე არ ჰქონდათ გარეთ და დაეცვათ სოციალური დისტანცია.
ამ მიდგომას და სტრატეგიას ბევრი კრიტიკოსიც გამოუჩნდა და თაყვანისმცემელიც. მისი მეზობლებისგან განსხვავებით, შვედეთში გაცილებით უფრო მეტი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა კორონავირუსით, მაგალითად შვედეთში 2 941 ადამიანი დაიღუპა, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია დანიასა და ნორვეგიაში ერთად დაღუპული ადამიანების რიცხვისა.
თუმცა, თუ შევადარებთ სიკვდილიანობის მაჩვენებელს ყოველ მილიონ მოქალაქეზე მაგალითად იტალიასა და დიდ ბრიტანეთში, შვედეთი გაცილებით კარგ მდგომარეობაშია. უფრო მეტიც, შვედეთის წამყვანი ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების შკალა პლატოსებური გახდა. ამასთან, შვედეთს გრძელვადიანი ეკონომიკური ზიანი მისი მეზობლებისგან განსხვავებით არ ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა ცდილობს შვედეთის მიდგომა გზამკვლევად გამოიყენოს დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთვის, Goldman-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მისი “გადაკოპირება“ სხვასთან არ შეიძლება. ამის მიზეზი კი შვედეთში არსებული მკვეთრად გამორჩეული დემოგრაფიული მაჩვენებლებია:
“შვედეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე იტალიის ნახევარია, შვედეთში ასევე მეტწილად ერთსულიანი ოჯახებია, იშვიათია რამდენიმეთაობიანი ოჯახები. ამიტომაც შვედეთის გამოცდილება ვერ იქნება გამოყენებული სხვა ქვეყნების მიერ ბიზნესების გახსნის პროცესში“.
შვედეთის მთავრობაც ფრთხილად ეკიდება ქვეყანაში ცხოვრების ჩვეული რეჟიმის აღდგენის საკითხს. სამთავრობო უწყებები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თუ არ დაიცავენ რეკომენდაციებს დაინფიცირების რაოდენობა გაიზრდება.