შვედეთში პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება: მოსახლეობის უმრავლესობას NATO-ში გაწევრიანება სურს

შვედეთში პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება: მოსახლეობის უმრავლესობას NATO-ში გაწევრიანება სურს

რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრას და ევროპის ტერიტორიაზე ომის დაწყებას შვედეთში პოლიტიკური ლანდშაფტის და მოქალაქეთა დამოკიდებულების ცვლილება მოჰყვა. ბოლო გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს შვედეთის სამხედრო ალიანსში – NATO-ში გაწევრიანებას.

აღსანიშნავია, რომ 1814 წლის შემდეგ შვედეთი არცერთ ომში არ ყოფილა ჩართული და მთელი ამ დროის განმავლობაში, მსოფლიო ომების პერიოდშიც კი, ის ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს ინარჩუნებდა.

Demoskop-ისა და Aftonbladet-ის გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა 51% უკვე მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, იანვარში კი აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 42%-ს შეადგენდა. კლების ტენდენცია შეიმჩნევა სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რაოდენობაში. 37%-დან 27%-მდე შემცირდა მოქალაქეთა იმ ნაწილის რაოდენობა, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა შვედეთის NATO-ში შესვლას.

„შვედეთი ახლა უფრო ახლოსაა NATO-ში გაწევრიანებასთან, ვიდრე ოდესმე, თუმცა ამას მოსახლეობასა და პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება“. – ამბობს რუსეთისა და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, კლას ლევინსონი.

საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა სკანდინავიური ქვეყნებისთვის 11 სექტემბრის მსგავსი მნიშვნელობის მოვლენა აღმოჩნდა.

საგულისხმოა, რომ შვედური პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნებას და ეწინააღმდეგება ქვეყნის სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებას.