შვეიცარიული UBS-ი Credit Suisse-ს $3.3 მილიარდად შეიძენს

შვეიცარიული UBS-ი Credit Suisse-ს $3.3 მილიარდად შეიძენს

გლობალურ ფინანსურ ბაზარზე გავრცელებული ნდობის კრიზისის შესაკავებლად, შვეიცარიაში დაფუძნებული საინვესტიციო ბანკი UBS Group-ი თავისივე კონკურენტის, Credit Suisse-ის შესყიდვას დათანხმდა. შვეიცარიის მთავრობის შუამავლობით შემდგარი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც UBS-ი კონკურენტი ბანკის აქციების სრულად შესასყიდად დაახლოებით $3.3 მილიარდს იხდის, ფართო სამთავრობო გარანტიებსა და ლიკვიდურობის უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის პიკთან შედარებით, Credit Suisse-ის თითო აქციის ფასი 99%-ითაა შემცირებული. შვეიცარიის ეროვნული ბანკი UBS-ს დაახლოებით $108 მილიარდის ლიკვიდურობის მხარდაჭერას სთავაზობს, ხოლო მთავრობა UBS-ის მიერ შესყიდული აქტივებიდან პოტენციური ზარალისთვის $9.7 მილიარდის გარანტიებს გასცემს. შვეიცარიის ეროვნული მარეგულირებლის, Finma-ს განცხადებით, Credit Suisse-ის დაახლოებით $17 მილიარდის ობლიგაციები ღირებულებას დაკარგავს, რაც კერძო ინვესტორებს ხარჯებთან გამკლავებაში დაეხმარება.

შვეიცარიის მთავრობასა და ბანკებს შორის ნაჩქარევად შეთანხმებული გეგმა Credit Suisse-ის აქტივებსა და ობლიგაციებში მასობრივ არეულობებსა და კლიენტების გადინებას მიემართება, რომელიც აშშ-ის მცირე კრედიტორების კოლაფსს მოჰყვა. შვეიცარიის ეროვნული ბანკის პრეზიდენტ თომას ჯორდანის შეფასებით, Credit Suisse-ი სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკია, რის გამოც, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი უსწრაფეს ვადებში უნდა მოეძიებინათ.

ისტორიულ გარიგებას მიესალმებიან აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო და სახაზინო დეპარტამენტსა და ევროპის ცენტრალურ ბანკში. Bloomberg-ის ინფორმაციით, ორივე კრედიტორი ფართო ოპერაციებს ფლობს აშშ-ში, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აქტიურად მუშაობდა შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიულმა გიგანტმა Credit Suisse-მა გასულ კვირას აქციების დიდი ნაწილი გაყიდა, რამაც აშშ-ის ორი უმსხვილესი ბანკის, Silicon Valley Bank-ისა და Signature Bank-ის კოლაფსის შემდეგ, გლობალურ საბანკო სექტორში, შესაძლო კრიზისის შესახებ არსებული შეშფოთება კიდევ უფრო გაამძაფრა. ბანკის უმსხვილესმა ინვესტორმა, საუდის არაბეთის ეროვნულმა ბანკმა, Credit Suisse-ის დამატებითი აქციების შესყიდვაზე უარი განაცხადა, ხოლო მისი გადარჩენისა და ინვესტორების ნდობის გასაძლიერებლად, შვეიცარიის მთავრობამ ბანკისთვის $54 მილიარდის სესხების გადაწყვეტილება მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *