სი ძინპინი ეგვიპტეში ჩავიდა – ირანის ომმა ახლო აღმოსავლეთში ალიანსების გადახედვის საჭიროება გააჩინა

სი ძინპინი ეგვიპტეში ჩავიდა – ირანის ომმა ახლო აღმოსავლეთში ალიანსების გადახედვის საჭიროება გააჩინა

ფოტო: Yin Bogu/Xinhua via AP

 

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ეგვიპტეში ჩავიდა. ეს არაბული სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში ბოლო ათი წლის განმავლობაში მისი პირველი ვიზიტია. სი ძინპინის ვიზიტი ემთხვევა პერიოდს, როდესაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ირანის ომის ფონზე უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პარტნიორობების გადახედვას ცდილობენ.

სი ძინპინს კაიროს საერთაშორისო აეროპორტში ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი დახვდა. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის კადრებში ჩანს, რომ მათ წითელ ხალიჩაზე გაიარეს, რომელსაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული ჯარისკაცები, მოცეკვავეები და ჩინეთის დროშებიანი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეგვიპტის სახელმწიფო მედია აქტიურად აშუქებდა კაიროსა და პეკინს შორის მზარდ ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობაზე ინფორმაციას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეს ჩინეთის პრეზიდენტის მეორე ვიზიტია საზღვრებს გარეთ. მანამდე სი ძინპინი ყირგიზეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრო, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიასააგენტო Xinhua-სთვის მიცემულ კომენტარში სი ძინპინმა ეგვიპტესა და ჩინეთს „ახლო ძმები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა ერთმანეთის გვერდით დგას იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის წინააღმდეგ. მისი თქმით, ჩინეთი მზად არის ეგვიპტესთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები შეისწავლოს.

ეგვიპტემ, რომელიც აშშ-ისგან ყოველწლიურად დაახლოებით $1.3 მილიარდის სამხედრო დახმარებას იღებს, გასულ თვეში ჩინეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს მეორედ უმასპინძლა. წვრთნები პირველად გასულ წელს ჩატარდა და რეგიონში აშშ-ის გავლენის შემცირების მიმართულებით ჩინეთის მცდელობების ნაწილად განიხილება.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის წვრთნები აფრიკაში ჩინური J-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების პირველ განთავსებას და ჩინური გამანადგურებლებისა და ფრანგული Rafale-ების მონაწილეობით საჰაერო საბრძოლო სწავლებას მოიცავდა.

ეგვიპტემ ჩინეთთან ურთიერთობების აქტიურად გაღრმავება 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც ალ-სისი პრეზიდენტად აირჩიეს. ის ჩინეთში ჩავიდა და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების პარალელურად, კაირო ჩინეთთან ეკონომიკურ კავშირებსაც აფართოებს. ბოლო წლებში ჩინურმა ინვესტიციებმა ეგვიპტეში მნიშვნელოვნად მოიმატა და წარმოების, პორტების, მზის ენერგიის, მწვანე წყალბადისა და სატელიტური ტექნოლოგიების სექტორებში მილიარდობით დოლარი ჩაიდო.

ექსპერტების შეფასებით, ღაზასა და ირანში მიმდინარე ომებმა ეგვიპტის სურვილი, პარტნიორები გაამრავალფეროვნოს, კიდევ უფრო გააძლიერა. მათი განცხადებით, ეგვიპტე აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებას კვლავ ცდილობს, თუმცა ამავდროულად სურს ახლო კავშირები ჩინეთთან, რუსეთთან და ევროპასთანაც დაამყაროს.

ეგვიპტის სტრატეგიულ მნიშვნელობას მისი გეოგრაფიული მდებარეობაც განაპირობებს. ქვეყანა ისრაელს, სუდანსა და ლიბიას ესაზღვრება და აკონტროლებს სუეცის არხს, რომელიც გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო მარშრუტად არის მიჩნეული. სწორედ ამიტომ, ეგვიპტე ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში გავლენის გაძლიერების მსურველი გლობალური ძალებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.