სიძვირე

სიძვირე

თფილისში, ბაზრებში გამეფებულ სიძვირეზე, როგორც მოვლენაზე, მუდამ ჩიოდნენ. ქალაქის მოსახლეობა ლამის გაწამებული იყო იმით, რომ ბაზრის ნამდვილი ბატონ-პატრონები – თფილისელი ვაჭრები როგორც სურდათ, ისე ყიდდნენ „სავაჭროს“, გაზრდილ ფასებს კი მოსახლეობის ჯიბე ვერ აუდიოდა. პურსა და ხორცზეც კი, რაზეც კანონით საგანგებოდ იყო ვაჭრობის ნიხრი დადგენილი, თფილისელი ვაჭრები ფასს ისე ზრდიდნენ, როგორც გაუხარდებოდათ, რადგან, როგორც ქალაქში ამბობდნენ, „ხეირიანი ყურის მგდებელი და მეთვალყურე არავინა ჰყავთო“.

პასუხისმგებელი პირები კი ცდილობდნენ გარკვეული რეგულაციების დაწესებას და არსებული არასახარბიელო ვითარების გამოსწორებას, მაგრამ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, უმეტეს შემთხვევაში, უშედეგო იყო, რასაც ემატებოდა მუდმივი საჩივრები სავაჭრო პოლიციის აგენტებზე, ე.წ. ბაზარნიკებზე, რომლებსაც პირდაპირ ევალებოდათ ქალაქის ბაზრებში წესრიგის დამყარება და უკანონობის აღკვეთა, მაგრამ მათი სიმცირის, არაპროფესიონალიზმისა და კორუმპირებულობის გათვალისწინებით, რაზეც ასე ხშირად მიუთითებდნენ თფილისელები, ვითარება დღითიდღე უარესდებოდა.

ამას ემატებოდა თფილისის სავაჭრო სფეროს ერთ-ერთ მთავარ თავის ტკივილად ქცეული ჩარჩებისა და ალაფების თავგასულობა, რომლებიც სოფლის მოსახლეობისგან „მოტყუილებით, ხშირად ძალაობით და ათასი გაიძვერობით ნახევარ, მეოთხედ ფასად“ ყიდულობდნენ პროდუქტს და ქალაქში გაცილებით ძვირად ყიდდნენ.

ბაზარი / დავით გურამიშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

როგორც აღვნიშნეთ, მართალია, თფილისელები სიძვირეზე მუდამ ჩიოდნენ, მაგრამ თუკი ამ ვითარებას სხვა ფაქტორებიც ემატებოდა, მაგალითად, „ცოტა მოსავალი, პირუტყვის გაწყვეტა და ან სხვა რაიმე მოულოდნელი ბუნებითი უბედურება“, ვთქვათ – ომი, ქალაქში პროდუქცია „მამასისხლად“ იყიდებოდა…

ასეთი, გაუსაძლისი, სიძვირე თფილისში 1870-იანი წლების ბოლოს, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგაც გამეფებულა, როდესაც ყოველდღიური მოხმარების საგნებიც კი ისე გაძვირებულა, რომ არათუ ღარიბ ხალხს, არამედ ლამის მთელი ქალაქის მოსახლეობას „თან-და-თან გასძნელებია თავის ცოდვილი სხეულის დაკმაყოფილება“:

„ადრინდელი ომების მომსწრე კაცებისაგან გავიგონეთ, რომ სიძვირე მაშინაც, უწინდელ ომების დროსაც ყოფილაო; მაგრამ ამისთანა სიძვირეს არასოდეს არ მოვსწრებივართო“.

გაზრდილი ფასები, რასაკვირველია, მთელი მოსახლეობისთვის პრობლემა იყო, თუმცა ყველაზე მეტად ეს სიძვირე თფილისის ღარიბ, მუშა ხალხზე აისახებოდა, მით უმეტეს, რომ ძვირდებოდა არა მხოლოდ ფუფუნების საგნები, არამედ „საჭმელ-სასმელი, ტანთ-საცმელი და სადგომები, რომელიც ადამიანის ცხოვრებისათვის აუცილებელს საჭიროებას შეადგენს“.

ეს სიძვირე განაპირობებდა იმას, რომ ისედაც უქონელნი ან მცირეს მქონენი ვალებს იღებდნენ, გასაყიდს – ყიდდნენ და უკიდურეს სიდუხჭირეში ვარდებოდნენ, რადგან მათი დამსაქმებლები, ხშირ შემთხვევაში, ცხოვრების გაძვირებას არად აგდებდნენ, შესაბამისად, დასაქმებულთა გასამრჯელო ბაზრებში პროდუქტებზე გაზრდილი ფასების პროპორციულად არ მატულობდა:

„ჩვენ გვატყობინებენ, რომ მუშა ხალხს ამ ჟამად, ცხოვრების სიძვირის წყალობით, დიდი ვალი დაედო და ეს ვალი მუდამ მატულობსო. ვალი დასდებიათ იმ აღებისა, იმ პირებისა, რომელთანაც ეს ხალხი მუშაობს, რომელთაგანაც ისინი დამოკიდებულნი არიან. ყოველგვარ მუშას ახლაც იმ ფასად იშოვით, დაიქირავებთ ქალაქში, რა ფასადაც ამ ოთხი-ხუთი თვის წინათ აძლევდით.

ერთი გარემოება მეტად გვაკვირვებს ჩვენ ამ შემთხვევაში: იმ დროს, როდესაც ყველაფერს ასე მოემატა ფასი, როდესაც ყოველი ცხოვრებისათვის აუცილებლად საჭირო საგანი ასე ერთი-ორად გაძვირდა, მუშა ხალხის შრომის ფასი, დღიური ქირა კი არ მატულობს ჩვენს ქალაქში“, – წერდა გაზეთი „დროება“.

ამ ყველაფრის ფონზე, თფილისელები კი უჩიოდნენ „ახლანდელ დროს“ და „60-70-ის წლის მოხუცებულები კი ამბობდნენ – ამისთანა სიძვირეს არ მოვსწრებივართო“, მაგრამ სიძვირის მხოლოდ ომიანობისთვის და ომიანობის ნიადაგზე ქალაქში ხალხის მომრავლებაზე მიწერა არ უნდა ყოფილიყო სამართლიანი – ეს იყო კომპლექსური, მრავალწახნაგოვანი პრობლემა, რომელსაც მხოლოდ სავაჭრო პოლიციის უმოქმედობა და არაპროფესიონალიზმი თუ ჩარჩებისა და ალაფების თავგასულობა, ან თფილისის ახლო-მახლო სოფლებიდან მიწოდებული პროდუქტის დეფიციტი როდი იწვევდა.

თევზით მოვაჭრე დანით ხელში / დავით გურამიშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

კი ბატონო, ჩარჩ-ვაჭრების თავნებობა და სავაჭრო პოლიციის უმოქმედობა ამ პრობლემის მნიშვნელოვანი ასპექტები იყო. ამის დასტურად ძველ ქართულ პრესაში არაერთი ფაქტი შეგხვდებათ, მაგალითად:

„თფილისის განცხადებაში“ დაბეჭდილია შემდეგი ანგარიში, რომელიც გვიჩვენებს თუ რა უსინდისოთ იქცევიან ჩვენი ვაჭრები: ერთი ვიღაც წასულა ელისავეტალის კალონიაში [ქალაქიდამ 30 ვერსია] უყიდნია იქ 70 ფუთი კართოფილი და ჩამოუტანია ქალაქში. როცა გამოუანგარიშნია კართოფილის ფასი, თავის გზის ქირა, ჩამოტანა და ყველაფერი, გამოსულა, რომ ფუთი კართოფილი ათ შაურად დაჯდომია. ქალაქში კი ვაჭრები გირვანქობით შაურად ჰყიდიან კართოფილსა, ფუთს – ორ მანეთად“;

„თელავიდამ იწერებიან, მინდვრის თაგვებზე უფრო მავნებელი ჩვენი ხალხისათვის სხვა-და-სხვა ჩარჩები არიანო, რომელნიც ჩამოვიდნენ ქალაქიდამ და თამბაქოსა და ღვინოს ჰყიდულობენო. კახური თამბაქოს ფუთი შარშან 8-18 მანეთამდინ იყიდებოდა, წელს კი 12 მანეთზე ზევით აღარ იყიდებაო, ვაჭრებს პირი აქვთ ერთმანეთისათვის მიცემული და მეტს არ იძლევიანო. ეს თამბაქო თფილისში ფუთი 60-80 მანეთად იყიდებაო“;

„თფილისის განცხადებანი“ მიაქცევენ საზოგადოების ყურადღებას ერთს მართლაც საყურადღებო გარემოებას: ქალაქის გარშემო, ყოველის მხრით, საიდამაც კი შემოაქვთ ახლო-მახლო სოფლებიდამ გასასყიდლად ქათმები, ინდაურები, ქერი, ბზე, შეშა, კვერცხი, წვანილი, ხილი და სხვ. ყველგან გამართულია დუქნები, რომლის პატრონები უხვდებიან გზაზე ამ სოფლიდამ მონავალ ხალხს და ხშირად ძალ-დატანებით ჰყიდულობენ იმათგან ნახევარ ფასად ყველაფერს, რაც კი წამოუღიათ შინიდამ ქალაქში გასასყიდლად; შემდეგ ამათ შემოაქვთ ქალაქში და ერთი-ორად ჰყიდიან…“

ხორცის დუქანი / დავით გურამიშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

„დროებაში“ იყო გამოცხადებული, რომ რაც მთებში ყველი მოიპოებოდა, თითქმის სულ ქალაქელ კინტოებს უყიდნიათო; აქვე იყო ნათქვამი, რომ ნახშირის ვაჭრობაც კი ვაჭრებმა ჩაიგდეს ხელში, ისინი უხვდებიან გზაზე, ჰყიდულობენ, სკლადებში ინახვენ და მერე როგორც ნებავთ, იმ ფასზედა ჰყიდიანო.

მარტო ყველზე და ნახშირზე კი არ არის ასე; ყველაფერი, რაც მცხოვრებლებისათვის აუცილებელ საჭიროებას შეადგენს: პური, ღვინო, ხორცი, ხახვი, ხილი, წვანილეული და სხვა, ყველაფერი ამათა აქვთ ხელში ჩაგდებული, ყველაფერი პირველად ალაფებისა და ჩარჩების სარდაფებში და დუქნებში შედის და მერე იქიდამ ისყიდება. ამნაირად რასაც ქალაქი ხორაგს ხმარობს, ყველა რამდენიმე კაცის ხელშია მოგროვილი და ამიტომ, რასკვირველია, იმათ როგორც ჰსურსთ, ისე შეუძლიანთ ფასის აწევა და დაწევა“.

და მიუხედავად იმისა, რომ ჩარჩ-ვაჭრების ამგვარ ქმედებებს ქალაქის სავაჭრო პოლიცია  პრაქტიკულად ვერაფერს უპირისპირებდა, სიძვირე, როგორც მოვლენა, რომელსაც თფილისურ ბაზრებში ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული, წარმოადგენდა პრობლემას, რომლის აღმოფხვრასაც ფუნდამენტური ძალისხმევა სჭირდებოდა.

ამ ძალისხმევის გამოჩენას მოსახლეობა ქალაქის რჩევისა და გამგეობისაგან მოელოდა, უწყებებისგან, რომლებიც, როგორც ამბობდნენ, ბაზარს ყურადღებას სრულებით არ აქცევდნენ – „ველით, ვუცდით, რომ ჩვენი ქალაქის გამგეობა, რომელიც ყოველ ორშბათობით გვპირდება ამ სიძვირეზე მოლაპარაკებას, ერთს რამე ღონის-ძიებას მიიღებს და ცოტაოდენ საღავათს მაინც მისცემს ჩვენ გაჭირვებულ ხალხს. ვუცდით, მაგრამ არ იქნა, ჩვენი მოლოდინი სულ ტყუილ-უბრალოთ ხდება, საუბედუროთ, არა გამოდის-რა“.

ქალაქის რჩევაში და გამგეობის სხდომებზე მსჯელობით კი მსჯელობდნენ თფილისში გამეფებულ სიძვირეზე, მაგრამ ამ მსჯელობის ეფექტიანობისა რა მოგახსენოთ, ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, პასუხისმგებელნი პირნი შედეგს უფრო ებრძოდნენ, ვიდრე მიზეზებს, მეორეხარისხოვან ასპექტებს უფრო დიდ ყურადღებას უთმობდნენ, ვიდრე მთავარს და ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას ვერ ან არ აბამდნენ თავს.

„მე თვითონ მუდამ დღე დავიარები ბაზარში და ვრწმუნდებიო, რომ მართლაც ისეთი სიძვირეა ახლა ჩვენ ბაზრებში, ისეთი მოტყუება ხალხისა, თუ წონაში და თუ ზომაში, რომ არც ერთი მყიდველი კმაყოფილი არ მიდის ვაჭრისაგანო. აუცილებლად საჭიროა, რომ ქალაქის გამგეობამ მალე და ჯეროვანი ღონის-ძიება იხმაროს ამ უწესოებისა და სიძვირის წინააღმდეგო“, – ერთ-ერთ სხდომაზე აღინიშნავს ქალაქის ხმოვან ალადათოვს, რაზე პასუხადაც, გამგეობის წევრ უფალ დოლუხანოვს ისღა უთქვამს, წონაში მოტყუებისათვის ჩვენ ექვსი პროტოკოლი შევადგინეთ და პროკურორს გადავეცითო!

„მეტი არაფერი! ამით გაათავეს ლაპარაკი! არავითარი საშუალება ბაზრის უწესოების მოსასპობლად, არავითარი ღონის-ძიება ღარიბი ხალხის ბედის შემსუბუქებისათვის…“, – წერდნენ ქართული გაზეთები, რომლებიც მოწინავე სტატიებით ცდილობდნენ ქალაქის ხელისუფალთა დამუნათებას.

„თქვენ ხედავთ, რომ ქალაქში წარმოუდგენელი სიძვირე ჩამოვარდა ყოველ გვარის საგნისა, რაც ცხოვრებისათვის აუცილებელ საჭიროებას შეადგენს; ხედამთ, რომ ხალხი დიდს გაჭირვებაში ჩავარდა, რომ იმას გაუჭირდა ლუკმა-პური დამშეული სტომაქის გასაძღომად და ფიჩხი შეშა გაცივებული სხეულის გასათბობად; ხედავთ, რომ ეს ხალხი, რომელმანც თვის მზრუნველად ამოგარჩიათ, რომლის მდგომარეობა თქვენ ვალდებულ ხართ რითაც შეგიძლიანთ შეუმსუბუქოთ, რომლის ოფლითა და შრომით თქვენ და ყველას ჩვენ სული გვიდგია, ხედავთ, რომ ეს ხალხი სიცივისა, შიმშილისა და ამათგან წარმომდგარ სხვა-და-სხვა ავათმყოფობისაგან იხოცება. ხედავთ და ძალიან გვიკვირს, რომ ხელსაც არ ანძრევთ, ყურსაც არ იბერტყთ, თითქო ყველა ეს სრულებით თქვენ არ შეგეხებათ!

თქვენ, ვითარცა ქალაქის წარმომადგენლებს, ვითარცა ხალხის მზრუნველთ, მოვალეობა გაწევთ, რომ ეს მიზეზი ხალხის გაჭირვებისა შეამსუბუქოთ და დაეხმაროთ იმათ, ვინც თქვენ მოგანდოთ თავის ბედი, ვინც ამოგირჩიათ ქალაქის მოწინავე, წარმომადგენელ კაცებად“, – მიმართავდა პრესა პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც ქალაქის სიძვირეს ხან ჩარჩ-ვაჭრებს აბრალებდნენ, ხანაც ქალაქის სავაჭრო პოლიციას.

მწვანილით მოვაჭრე / დავით გურამიშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

იშვიათად, თუმცა ზოგჯერ ისეც მოხდებოდა, რომ ქალაქის რომელიმე ხმოსანი თუ გამგეობის წევრი, ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთგვარ ინიციატივას გამოიჩენდა, მაგალითად:

„უფალმა ხმოვანმა ბებუთოვმა შეიტანა ქალაქის რჩევაში წინადადება, რომ დაინიშნოს კომისია, რომელმაც მონახოს ღონის-ძიება, რომ სიძვირე მოისპოს ქალაქში.

რჩევამ გარდაწყვიტა: ხმოვანმა ბებუთოვმა გარკვევით გამოაცხადოს თუ რა ღონის-ძიებით შეიძლება ამ სიძვირის მოსპობა, დასწეროს თავის ჰაზრი, წარუდგინოს ის გამგეობას, რომელიც თავის ჰაზრით წარმოუდგენს შემდეგ რჩევას“.

ან, რომელიმე ხმოსანი თფილისის გუბერნიის სოფლებს დაივლიდა იმ განზრახვით, რომ გლეხებს ქალაქში „ბლომად შემოატანინოს სხვა-და-სხვა ხორაგეულიო და ამნაირად გაიაფდეს ქალაქის ღარიბი ხალხისათვის ცხოვრებაო“.

თუმცა ასეთი განზრახვები იმას უფრო მოწმობდა, რომ პასუხისმგებელ პირებს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ ქალაქში სიძვირის გამომწვევ მიზეზებზე, რადგან ჩვეულებრივ ვითარებაში სიძვირე იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ გლეხებს მცირე ოდენობით საქონელი შემოჰქონდათ გასაყიდად, არამედ იმით, რომ თფილისის ბაზრებსა და „მაედნებზე უწესოება და უთავბოლობა“ სუფევდა.

მიზეზთა და მიზეზთა გამო, ქალაქის მმართველობა ვერ ახერხებდა იმ ჯაჭვის გაწყვეტას, რომლითაც ქალაქის მოსახლეობა თუ სოფლებიდან პროდუქციის გასასაღებლად ჩამოსული გლეხები, კორუმპირებული და, გარკვეულწილად, სამართლებრივი ბერკეტების გარეშე დარჩენილი სავაჭრო პოლიციის იმედად, ჩარჩ-ვაჭრებზე იყვნენ მიბმულნი.

ბაზარი / დავით გურამიშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

არადა, როგორც „მეგაზეთენი“ ამბობდნენ, ათასი გზა არსებობდა ქალაქში „სიძვირის მოსასპობად“, რომელთაგან უმთავრესი იყო, რომ ქალაქის მცხოვრებსა და სოფლიდან, სავაჭროდ ჩამოსულ გლეხს, ყოველგვარი შუამავლების, მით უმეტეს ჩარჩ-ვაჭრების გარეშე შესძლებოდა აღებმიცემობა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ ამ აღებმიცემობაში ეს შუამავლები მონაწილეობდნენ, რომლებიც სოფელ-სოფელ დადიოდნენ და გაჭირვებულ ხალხს მეოთხედ ფასად ართმევდნენ: პურს, ღვინოს, ყველს, მწვანილს და სხვა ყოველგვარ ხორაგეულს, შემდეგ კი ქალაქში ერთორად, ერთიოთხად ყიდდნენ, მანამ ქალაქში სიიაფის მოლოდინი არ უნდა ყოფილიყო:

„საშუალება კიდევ ის არის, რომ ქალაქში, სადმე შუა ადგილას, გაიმართოს ისეთი დიდი შენობა, თუნდა მარტო ზევიდამ დახურული, სადაც სოფლის მწარმოებლებს პირ-და-პირ შეეძლოთ ჩამოტანა თავის ნაწარმოები ხორაგეულისა და აქ გაყიდვა პირ-და-პირ იმაზე, ვისაც ეს ხორაგი ეჭირება, ე.ი. მომხმარებელზე.

ევროპის თითქმის ყველა დიდ და პატარა ქალაქებში არის ამისთანა შენობა გამართული; დილით ადრე ჩამოაქვთ აქ სოფლებიდამ პური, ყველი, წვანილი, კარტოფილი, ახალი თევზი და სხვა ყველა გვარი საჭმელ-სასმელი და ჰყიდიან.

ქალაქის გამგეობისაგან დაყენებულ პირებს ადვილად შეუძლიანთ ყური უგდონ აქ, რომ ტაქცია მტკიცედ იყვეს ასრულებული და სოფლის მწარმოებელი ისე არ იცარცვებოდეს ჩარჩებისაგან, როგორც ახლა იცარცვება.

ქალაქის გამგეობას შეუძლია დასდვას ტაქცია ყოველგვარ ხორაგზე. მართალია, კანონით მარტო ხორცზე და პურზე შეიძლება ტაქციის დანიშვნა, მაგრამ ქალაქს შეუძლიან სთხოვოს უმაღლეს მთავრობას, რომ ნება მიეცეს სხვა აუცილებელ სასმელ-საჭმელზედაც დანიშნოს ტაქცია და, უეჭველია, რომ მთავრობა ამის უფლებას მისცემს.

ერთის სიტყვით, როგორც ზემოთ ვსთქვით, ათასი საშუალება და ღონისძიება მოინახება ქალაქში სიძვირის მოსასპობელად, როცა ეს სიძვირე მხოლოთ ვაჭრების უსინიდისობისა და უყურადღებლობისაგან წარმოსდგება. ათასი ღონისძიება მოინახება, თუ ქალაქის გამგეობა, რჩევა და პოლიცია ცოტაც არის ხელს გაანძრევენ და მოინდომებენ…“ – წერდა პრესა.

თუმცა კი სიძვირე და „მამასისხლობა“ ღრმად ჩაბუდებულიყო ქალაქის ბაზრებში… იმდენად, რომ როცა 1870-იანი წლების ბოლოს, ქალაქის ახალ თავს, უფალ მატინოვს, თითქოს ჯეროვანი ყურადღება მიუქცევია თფილისური ბაზრებისთვის და დილაობით საკუთარი თვალითაც ეცნობოდა ადგილზე არსებულ ვითარებას, მის ყურადღების მიქცევას „ბევრი ვერა გაურიგებია-რა“ – „სამწუხაროთ, გვესმის, რომ იქ ისეთივე უწესოება და ხალხის წეწვა-გლეჯა ხდებაო, როგორც ადრე იყოვო“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *