პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმის, Signal-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მოქსი მარლინსპაიკმა, დაკავებული თანამდებობა დატოვა. პლატფორმის დროებითი აღმასრულებელი დირექტორი კი ასევე პოპულარული საკომუნიკაციო არხის, Whatsapp-ის თანადამფუძნებელი ბრაიან ექტონი იქნება.
„ახალი წლის დადგომასთან ერთად, გადავწყვიტე, რომ შესაფერისი დროა, Signal-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დავტოვო“, – განაცხადა მოქსი მარლინსპაიკმა. გავრცელებული ინფორმაციით, ის პლატფორმის აღმასრულებელ საბჭოში დარჩება და შემდეგი CEO-ს კანდიდატს თავადვე შეარჩევს.
რაც შეეხება Signal-ის დროებით CEO-ს, ბრაიან ექტონმა ცნობილი საკომუნიკაციო არხი, Whatsapp-ი 2009 წელს დააარსა. ეს უკანასკნელი კი Facebook-მა 2014 წელს შეისყიდა. თავად ექტონმა Whatsapp-ი 2017 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც დანარჩენ დამფუძნებლებთან მომხმარებლების მონაცემებისა და რეკლამის პოლიტიკის შესახებ საერთო ენა ვერ გამონახა.
2018 წლის თებერვალში ექტონმა Signal-ის აწ უკვე ყოფილ აღმასრულებელ დირექტორთან, მარლინსპაიკთან ერთად Signal Foundation-ი დააფუძნა. შეგახსენებთ, რომ Signal-ი ამჟამად კონფიდენციალობის ყველაზე მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და შესაბამისად დიდი რეპუტაციითაც სარგებლობს. მას მხარს ისეთი პიროვნებები უჭერენ, როგორებიც Twitter-ის CEO ჯეკ დორსი და ცნობილი Whistleblower-ი ედუარდ სნოუდენი არიან.