"სილქ როუდ ჯგუფმა“ ტელეგრაფის შენობის მოსაწყობად 15 მილიონი ევრო მოიზიდა

"სილქ როუდ ჯგუფმა“ ტელეგრაფის შენობის მოსაწყობად 15 მილიონი ევრო მოიზიდა

15 მილიონი ევროს ოდენობის უცხოური ინვესტიცია თბილისში „მწვანე არქიტექტურის“ სტანდარტების პირველი ინოვაციური სასტუმროს მოსაწყობად დაიხარჯება, ამის შესახებ ინფორმაციას “სილქ როუდ ჯგუფი” ავრცელებს. 

“სილქ როუდ ჯგუფმა” დანიის საინვესტიციო ფონდთან (IFU) საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა 15 მილიონი ევროს დაფინანსების თაობაზე. 

განვითარებადი ქვეყნების დაფინანსებას IFU დანიური საინვესტიციო ფონდის (Danish SDG Investment Fund) და მისი დამფინანსებლები დანიის მსხვილი საპენსიო ფონდების საშუალებით ახორციელებს. 

220-ნომრიანი სასტუმრო 350 სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტის საბოლოო ვარიანტი ითვალისწინებს პირველ სართულზე საკვები ობიექტების, ხოლო სახურავზე კი ტერასის მოწყობას. ასევე საკმაოდ მოცულობითი შიდა ეზოს რეკონსტრუქციას საკონფერენციო და საბანკეტო ობიექტების განსათავსებლად. 

რეკონსტრუქცია ჩატარდება „მწვანე არქიტექტურის“ ეკოლოგიური ოქროს სტანდარტის (LEED Gold standard) დაცვით. აღსანიშნავია, რომ ტელეგრაფის შენობა იქნება პირველი კავკასიის რეგიონში, რომელიც რეკონსტრუქციას აღნიშნული სტანდარტით განახორციელებს. 

მშენებლობის დაწყებამდე სილქ როუდ ჯგუფი – საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს- ჯგუფი – განაგრძობს ადგილობრივი და უცხოური საფინანსო ინსტიტუტების მოძიებას აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად. 

ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი

“მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დანიის საინვესტიციო ფონდმა (Danish SDG Investment Fund) ვალდებულება აიღო გამოყოს 15 მილიონი ევრო ჩვენი ახალი პროექტისთვის, რომელიც გულისხმობს თბილისის გულში ყოფილი ტელეგრაფის უნიკალური შენობის რეკონსტრუქციას. 

ჩვენ 2007 წელს დავიწყეთ საქართველოში სასტუმრო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ინდუსტრიაში ინვესტირება. ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო და ის დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და აგვისტოს ომს. მიუხედავად ამისა, ჩვენი პროექტები წარმატებული აღმოჩნდა. 

ახლაც ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს. ჩვენ გვჯერა საქართველოში ტურიზმის და გართობის ინდუსტრიის პოტენციალის და მადლობელი ვართ IFU-სი ზოგადად საქართველოს ეკონომიკის და კერძოდ ჩვენი კომპანიის და ამ პროექტის მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის ამ ურთულეს დროს. მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნიშანია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის.“ 

IFU’s გენერალური დირექტორი ტორბენ ჰუსი: 

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაფინანსებთ ამ პროექტს და მოუთმენლად დაველოდებით ამ ღირსშესანიშნავი შენობის გადაქცევას მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ თანამედროვე სასტუმროდ, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და შეიტანს წვლილს საქართველოში ტურიზმის და ბიზნესის შემდგომ განვითარებაში.“ 

ტელეგრაფის შენობა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და თბილისში საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. სიმბოლურია მისი რეკონსტრუქცია თანამედროვე ტურიზმის ერთ-ერთ მიზიდულობის ცენტრად საქართველოში, რომლის ტურისტული პოპულარობაც დღითიდღე იზრდება, რასაც მოწმობს 2019 წლის განმავლობაში 5 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორის სტუმრობა. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა: 

“ეს პროექტი ძალიან კარგი სიახლეა საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის, რომელიც უკანასკნელ წლებში ქვეყნის საერთო ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა. ის შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და უზრუნველყოფს მსხვილ ადგილობრივ ინვესტიციას ამ მეტად რთული ეკონომიკური გამოწვევების პერიოდში.” 

IFU-ს ენერგეტიკული ინვესტიციების განყოფილება ფინანსურად მხარს დაუჭერს რეკონსტრუქციის პროცესში ენერგიის დაზოგვის და გარემოს დაცვის პროექტირების ოქროს სტანდარტის (LEED GOLD) დანერგვას. 

IFU-ს ინვესტიციების დირექტორი კლაუს პრებენსენი, რომელიც ამ პროექტის დაფინანსებას IFU-ს მხრიდან ხელმძღვანელობდა: 

“მწვანე არქიტექტურის ოქროს სტანდარტის პროექტში ინტეგრირება ასახავს ჩვენს სწრაფვას ხელი შევუწყოთ ადგილობრივ განვითარებას ბუნებრივ გარემოზე ზრუნვასთან ერთად, რაც მდგრადი განვითარების კონცეფციის უმთავრესი პრინციპებია და წარმოადგენს IFU-ს და განვითარებადი ქვეყნების დაფინანსების დანიური საინვესტიციო ფონდის მძირითად პრიორიტეტებს. 

შენობა მდებარეობს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე და წარმოადგენს რესპუბლიკის მოედანზე სილქ როუდ ჯგუფის სხვა უძრავი ქონების ობიექტების კომპლექსის შემადგენელ ნაწილს. ჯგუფის კუთვნილი რადისონის სასტუმროსთან ახლო მდებარეობა საშუალებას იძლევა ეს პროექტი მოექცეს მოედნის საერთო სარეკონსტრუქციო გეგმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გადააქციოს რესპუბლიკის მოედანი ქალქში ტურიზმის და გართობის ინდუსტრიის მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. 

• სილქ როუდ ჯგუფში დასაქმებულია 5000-ზე მეტი ადამიანი უძრავი ქონების, სატელეკომუნიკაციო, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში. 
• 2019 წელს საქართველოს ეკონომიკაში საგარეო ტურიზმის მხრიდან შემოსავლებმა შეადგენა 3.2 მილიარდი აშშ დოლარი. 
• საბჭოთა პერიოდში ტელეგრაფის შენობა წარმოადგენდა ქალაქის ცენტრალური საფოსტო სამსახურის ოფისს. 
• დანიის განვითარების საინვესტიციო ფონდი (IFU) არის დამოუკიდებელი ფონდი, რომელმაც მოახდინა საერთო ჯამში 3,3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანაინვესტირება მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანის პროექტებში. 
• LEED Gold Standards – მწვანე არქიტექტურის ოქროს სტანდარტი არის მსოფლიოში აღიარებული მწვანე მშენებლობის ნებაყოფლობითი სერთიფიცირების პროგრამა, რომელიც შეიმუშავა 1998 წელს „ამერიკის მვწანე შენობების საბჭომ“ მდგრადი განვითარების პროექტების ენერგოეფექტურობის და ეკოლოგიურობის შესაფასებლად. პროგრამა მოიცავს მწვანე შენობის დიზაინის, პროექტირების, მშენებლობის, ოპერირების და მოვლის პრინციპებს.