SOCAR Energy Georgia - რეიტინგის ლიდერი

SOCAR Energy Georgia - რეიტინგის ლიდერი

Forbes Georgia-ს უმსხვილესი კომპანიების პირველი სიის სათავეში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ქართული შვილობილი SOCAR Energy Georgia იმყოფება. 1.17 მილიარდი ლარის ღირებულების აქტივებით და 1.45 მილიარდი ლარის შემოსავლით, კომპანია რეიტინგის ასეულის 18-მილიარდიანი აქტივების 6.4%-ს და შემოსავლების 8.3%-ს ქმნის.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი დღეს გლობალური კომპანიაა, რომელიც 50 ათას ადამიანს ასაქმებს. 1994 წლის შემდეგ, როცა საუკუნის კონტრაქტს ოფიციალურად მოეწერა ხელი და მსოფლიოს ლიდერმა ნავთობკომპანიებმა “სოკართან” ერთად კონსორციუმი შექმნეს, კომპანიამ მნიშვნელოვანი დივერსიფიცირება განიცადა და 2006 წელს საქართველოს ბაზარზეც შემოვიდა.

კომპანიის მიერ საქართველოში შვილობილი კომპანიის – SOCAR Energy Georgia-ს დაარსებას წინ რუსეთ-საქართველოს ენერგოკრიზისი უძღოდა, როცა 2006 წლის იანვარში გაზსადენზე მომხდარი ორი აფეთქების შემდეგ, განსაკუთრებით ცივ ზამთარში რუსეთმა საქართველოს გაზის მიწოდება მთლიანად შეუწყვიტა და ქვეყანას მძიმე პერიოდში დახმარების ხელი სწორედ აზერბაიჯანმა გამოუწოდა.

ამდენად, SOCAR-ის საქართველოს ენერგო-უსაფრთხოების, დივერსიფიკაციისა და ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი კომპანიაა. საქართველოს გარდა, SOCAR-ი დღეს წარმოდგენილია თურქეთის, რუმინეთის, შვეიცარიის, გერმანიისა და უკრაინის ბაზრებზე და მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვს დამყარებული ძირითადად შვეიცარიასთან, სინგაპურსა და ნიგერიასთან.

SOCAR Energy Georgia-მ საქართველოს ბაზარზე თავის დამკვიდრება 2006 წლის სექტემბრიდან დაიწყო. აზერბაიჯანული ენერგოგიგანტის, SOCAR-ის შვილობილი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო კომპანიაა. ის აერთიანებს საქართველოს უმსხვილეს ავტოგასამართი სადგურების და ბუნებრივი აირის სადისტრიბუციო ქსელებს (SOCAR Georgia Petroleum-სა და SOCAR Georgia Gas-ს). ჯგუფს ფლობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია, რომელსაც კომპანიის საწესდებო კაპიტალის 75.505% ეკუთვნის.

SOCAR Energy Georgia-სა და მის შვილობილ კომპანიებში, საერთო ჯამში, 4265 ადამიანი მუშაობს, რის შედეგადაც კომპანია საქართველოს ერთ- ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

“საქართველოში წარმოდგენილები ვართ არა მარტო მთავარ მაგისტრალებსა და დიდ ქალაქებში, არამედ მაღალმთიან რაიონებშიც, მაგალითად, სტეფანწმინდასა და მესტიაში, – ამბობს SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორი ლევან გიორგაძე. – ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანს გორის ჩქაროსნულ მაგისტრალზე არსებული თანამედროვე მრავალფუნქციური ობიექტი და არაერთი არქიტექტურული ჯილდოს მფლობელი, ბათუმში მდებარე ავტოგასამართი სადგური წარმოადგენს. ბათუმის ავტოგასამართ სადგურს მომხმარებელი “მაკდონალდსის” რესტორნით იცნობს. აღსანიშნავია, რომ ამ სტრატეგიას მომავალშიც გავაგრძელებთ”. ამ მიმართულებით კომპანიის უახლოესი გეგმები უკვე გარკვეულია – მორიგი დიდი კომპლექსი სულ მალე თერჯოლაში, ახალაშენებულ მაგისტრალზეც უნდა გაიხსნას.

კომპანია კიდევ ერთი პროექტით განსაკუთრებით ამაყობს – ეს საირმის საპილოტე პროექტია – ვირტუალური გაზსადენი. “ტექნოლოგია ითვალისწინებს მაღალმთიან, რთული რელიეფის მქონე რეგიონებში, სადაც გაზსადენი ქსელის მოწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ბუნებრივი გაზის მიწოდებას, – გვიხსნის ლევან გიორგაძე. – შედეგად, დასახლებულ პუნქტში გაზის ტრანსპორტირება მოხდება სპეციალური კონტეინერებით და არა გაზსადენით”. საპილოტე პროექტმა, გიორგაძის შეფასებით, გაამართლა და რეგიონში ტურისტული ბიზნესის განვითარების საქმეშიც შეიტანა წვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მსგავს პროექტს მომავალშიც უნდა ველოდოთ.

კომპანიას საქართველოში ბიზნესის წარმოების გრძელვადიანი გეგმები აქვს. ამას, ლევან გიორგაძის თქმით, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. “საქართველო რეგიონში ერთ- ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა. ის გამოირჩევა მცირე ბიუროკრატიით, რაც ერთმნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას. მას აქვს რეგიონალური ჰაბის დიდი პოტენციალი და ასევე დიდი პოტენციალი, ეფექტიანად შეასრულოს როგორც ენერგომატარებლების, ისე სხვა ტიპის რესურსების კორიდორის ფუნქცია”, – ასე აანალიზებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორი.

SOCAR Georgia Petroleum-ის მშობელი გლობალური კომპანია SOCAR-იც ზუსტად ამ აზრზეა, რადგან საქართველო ამ ქვეყნის პარტნიორია პრაქტიკულად ყველა მასშტაბურ სატრანზიტო პროექტში. 2018 წლის განმავლობაში საქართველოს მილსადენებით ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს – 9.03 მილიარდ კუბმეტრს მიაღწია. ზრდა პირველ რიგში 2018 წლის 12 ივნისს, ტრანსანატოლიური მილსადენის – TANAP-ის გახსნას უკავშირდება, რის შედეგადაც საქართველოს ზეგამავალი სამხრეთკავკასიური მილსადენის (SCP) ახალაშენებულმა ხაზმა დაიწყო ოპერირება. განახლებულ მილსადენს ყოველწლიურად 20 მილიარდი კუბმეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის გატარება შეუძლია. მისი სრული სიმძლავრით დატვირთვა უახლოეს წლებში მოხდება. TANAP-ის გაფართოების პროექტით, TAP-ით, ანუ ტრანსადრიატიკული მილსადენით, კასპიური ბუნებრივი აირი კი იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მიეწოდება.

პროგნოზის თანახმად, “შაჰ-დენიზის” საბადოს II ფაზის ათვისების შემდეგ 2019-2020 წლიდან, ქვეყნისათვის ხელმისაწვდომი “ოფციური” და “დამატებითი” გაზის ჯამური მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება – წლიურად 1.2 მილიარდი კუბმეტრი, ხოლო პერსპექტივაში – წლიურად 1.6 მილიარდ კუბმეტრამდე. შედეგად, არსებული მოწოდების ხელშეკრულების გათვალისწინებით, “სოციალური” სექტორის მთლიანი მოთხოვნა 2026 წლის ჩათვლით დაკმაყოფილებული იქნება.

2018 წელს SOCAR-ის მიერ მოწოდებული ბუნებრივი გაზის წილმა საქართველოს მთლიან მიწოდებაში – 61.9% შეადგინა.

ბუნებრივი აირის მიმართულებით,ლევან გიორგაძე აქცენტს უსაფრთხოებასა და მომხმარებლის მაქსიმალურ ინფორმირებაზე აკეთებს: “თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს ჩართულობა, ზოგადად, აუცილებელია. ბუნებრივი აირის ინდუსტრიაში კი ეს ჩართულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამასთან, გაზის დისტრიბუცია, ისე როგორც ყველა სხვა განვითარებულ ქვეყანაში, რეგულირებული ბიზნესია”, – ამბობს ლევან გიორგაძე.

SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორი ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ხარისხით კმაყოფილია. ამბობს, რომ კერძო სექტორსა და მთავრობას შორის, ასოციაციების მეშვეობით, მჭიდრო და ხშირი კავშირია; ხშირ შემთხვევაში ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, აზრი გამოთქვას საკანონმდებლო ინიციატივებზე, რაც, ლევან გიორგაძის შეფასებით, ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია.

SOCAR Energy Georgia ბუნებრივი აირის იმპორტისა და რეალიზაციის გარდა, საწვავის იმპორტსა და რეალიზაციასაც ეწევა. “საწვავის ინდუსტრიას რაც შეეხება, აქ ურთულესი კონკურენციაა”, – ამბობს ლევან გიორგაძე.

სულ ქვეყანაში 1,150 ბენზინგასამართი სადგურია. აქედან SOCAR Georgia Petroleum-ი 115-ს ფლობს. კომპანიას ბაზრის დაახლოებით 14% უჭირავს. “არაბრენდულ და პატარა ქსელებს ბაზრის 30-35% მიაქვთ. ჩვენ გარდა, ბაზრის ოთხი უმსხვილესი მოთამაშიდან სამი ვერტიკალურად სრულად ინტეგრირებულია და იმპორტის ძირითადი წილიც მათზე მოდის”, – განმარტავს ლევან გიორგაძე და აქვე კომპანიის მხრიდან ბაზარზე სათანადო კონკურენციის გაწევისთვის აუცილებელ ფაქტორებსაც გვიზიარებს: “რადგან საწყისი ყველგან ერთია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საწვავის ტრანსპორტირებას და შენახვას. ამდენად, მძლავრი ლაბორატორიების, ბენზინისა და დიზელისთვის ცალ- ცალკე გამოყოფილი ტრანსპორტის, რეზერვუარების წმენდისა და სხვა მსგავსი მიმართულებები ჩვენი პრიორიტეტია”.

SOCAR Energy Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2017 წელს მთლიანი შემოსავლის სახით 1,455,470,000 ლარი მიიღო, ეს 2016 წელთან შედარებით 11.7%-ით მეტია. რაც შეეხება კომპანიის ჯამურ აქტივებს, ის 1,178,857,000 ლარს შეადგენს.

“საქართველო რეგიონის გამორჩეული, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა. აქ ინვესტორს გრძელვადიანი გეგმების დასახვის შესაძლებლობა აქვს. წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ის წარმატება, რომელსაც რეგიონის მასშტაბით მივაღწიეთ”, – ასეთია ლევან გიორგაძის პოზიცია.

SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორი წარმა  ტებებს შორის საქართველოს საგადასახადო სისტემასაც მოიაზრებს, რომელიც, მისივე შეფასებით, ერთ- ერთი ყველაზე მარტივი და ტექნოლოგიურად განვითარებულია: “ესტონური მოდელის დანერგვის შემდეგ, საქართველოში ინვესტირება უფრო მიმზიდველი და საინტერესოა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დღგ-ის ავტომატური უკან დაბრუნების სისტემაც, რომელიც საქართველოში უკვე დაინერგა”.

2006 წლიდან მოყოლებული დღემდე, SOCAR Energy Georgia-ს საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი აქვს 1.4 მილიარდი ლარი და დამატებით 1.1 მილიარდი დოლარი ინვესტიციის სახით აქვს დაბანდებული. ჰოლდინგი ზედიზედ ორი წლის განმავლობაში (2007 და 2008 წლებში) ნავთობინდუსტრიაში უმსხვილეს ინვესტორად, საქართველოს ბიუჯეტის უმსხვილეს გადამხდელად და ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად სახელდებოდა.

შარშან კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს სისტემური სახე მისცა – შექმნა გრძელვადიანი CSR სტრატეგია, რომელიც 5 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება, ხანდაზმულთა და შშმ პირების უფლებების რეალიზაცია.

კომპანიას ყველა ამ მიმართულებით აქვს გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა, მაგრამ მთავარი – სოციალური პასუხისმგებლობა – ცხადია, საწვავის ხარისხს უკავშირდება. “ყოველთვის მზად ვართ დაუგეგმავი შემოწმებებისთვის, რადგან ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საწვავის ხარისხი ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის”, – ამბობს ლევან გიორგაძე და აქვე ამატებს, რომ კომპანიამ საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატის მიღების რთული და ხანგრძლივი პროცესი დაიწყო: “საწვავის რეალიზაცია ჩვენი ძირითადი საქმიანობის სფეროა, თუმცა, გულწრფელად, ძალიან ვგულშემატკივრობთ ახალი ტიპის ენერგიების გამოყენებას. ვხვდებით, რამდენად აუცილებელია ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების რაოდენობის ზრდა და სწორედ ამიტომ, ჩვენს სადგურებზე ელექტროდამტენებსაც შეხვდებით”.

კომპანიას აქვს იმის ამბიცია, რომ ბაზარზე უახლესი ტენდენციები პირველმა დანერგოს, ინდუსტრიის განვითარების ლიდერი გახდეს და ამით კიდევ უფრო მეტად განიმტკიცოს ის ღირებულება და პოზიცია, რაც მას გლობალურად და უშუალოდ საქართველოს ბაზარზე აქვს. “ბიზნესის წარმატება უმთავრესად ინვესტორების კაპიტალის ზრდით იზომება, თუმცა აუცილებლად ვითვალისწინებთ იმ პასუხისმგებლობას, რომლითაც ბიზნესი ეკიდება გარემოს და საზოგადოებას”, – ამბობს ლევან გიორგაძე.

SOCAR-ის ღირებულება საქართველოსთვის სრულიად ნათელია: ის ერთი ჩვეულებრივი კერძო კომპანია არ არის – მისი დახმარებით, საქართველომ იპოვა დივერსიფიკაციის გზა და ქვეყნის ენერგეტიკაზე რუსეთის გავლენა საგრძნობლად შეასუსტა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *