„ტერაბანკის“ აქციონერსა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ AGE S.A.-ს შორის „ტერაბანკის“ აქციების შეძენის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. „ტერაბანკის“ მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, შესყიდვაზე ტრანზაქციის დასრულება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საჭირო ნებართვების გაცემის შემდეგ მოხდება.
AGE S.A. სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფის Arins Group-ის ეკოსისტემის ნაწილია, რომელიც საბანკო, სადაზღვევო და სხვა ფინანსური მომსახურებების მიმართულებებს აერთიანებს. მათ შორისაა „არდშინბანკიც“ — აქტივების მოცულობით, სომხეთის უმსხვილესი ბანკი. „ტერაბანკში“ ინვესტიცია კი, თავად ქართული მხარის განმარტებით, Arins Group-ის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის ნაწილია.
„საქართველო რეგიონული გაფართოებისთვის პრიორიტეტულ ბაზრად შეირჩა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკის, დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური სექტორის ძლიერი საზედამხედველო ჩარჩოს გათვალისწინებით“, — ვკითხულობთ ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ცნობისთვის, Arins Group LLC სომხური „არდშინბანკის“ დაახლოებით 99%-ს ფლობს. თავად „არდშინბანკის“ წილი კი სომხეთის საბანკო სისტემის მთლიან აქტივებში 21%-ს შეადგენს. როგორც „ტერაბანკი“ განმარტავს, „არდშინბანკს“ კორპორაციული, მცირე და საშუალო ბიზნესისა და საცალო საბანკო მომსახურებების მიმართულებით ძლიერი პოზიციები უკავია და მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის EBRD-სა და EIB Global-თან.
ამავდროულად, „არდშინბანკი“ ერთადერთი სომხური კომპანიაა, რომელსაც სამივე წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს — S&P Global-ის, Moody’s-ისა და Fitch-ის — რეიტინგი აქვს. „ბანკის რეიტინგები სომხეთის სუვერენული რეიტინგის დონეზეა, რაც „არდშინბანკის“ საერთაშორისო აღიარებას უსვამს ხაზს“, — აღნიშნულია „ტერაბანკის“ ოფიციალურ პრესრელიზში.
„არდშინბანკის“ თითქმის 100%-იანი წილი სომეხი ბიზნესმენის, კარენ საფარიანის საკუთრებაა. საფარიანი 2003 წელს, ბანკის დაფუძნების დღიდან, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
Arins Group-ის მიერ „ტერაბანკის“ შეძენით დაინტერესებას საქართველოს ეროვნული ბანკი გუშინ, 24 აგვისტოს გამოეხმაურა. სებ-ის გუშინდელი განცხადებით, ამ ეტაპზე კომპანიას მარეგულირებლისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონმდებლობით, მნიშვნელოვანი წილის გასხვისებისთვის კომერციულ ბანკებს საქართველოს ეროვნული ბანკისგან თანხმობა სჭირდება.
ცნობისთვის, აქტივების მოცულობით, „ტერაბანკი“ საქართველოს მეექვსე უმსხვილესი კომერციული ბანკია. „ტერაბანკის“ აქტივების მოცულობა 2026 წლის ივლისის მდგომარეობით 2.27 მილიარდ ლარს შეადგენდა. „ტერაბანკი“ ქართულ საფინანსო სექტორში 1999 წლიდან ოპერირებს. „ტერაბანკის“ აქციების 80% არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრის, შეიხ ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის საკუთრებაშია.
















