ორი იაპონური გიგანტი, Sony და Honda ერთობლივი წარმოების ელექტრომანქანებს გამოუშვებენ – პარტნიორობის გასამყარებლად იაპონურმა კომპანიებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელზე დაყრდნობითაც ირკვევა, რომ ელექტრომანქანების ბიზნესში ისინი ერთობლივი საწარმოს ფორმატში შევლენ. როგორც მოსალოდნელია, ახალი კომპანია წელს დარეგისტრირდება, თუმცა პირველი ელექტრომანქანა ბაზარზე მხოლოდ 2025 წელს გამოჩნდება.
პარტნიორობის ფარგლებში, ელექტრომანქანის პირველ მოდელზე, მათ შორის მის დიზაინზე, განვითარებასა და გაყიდვაზე Honda იზრუნებს, ხოლო Sony – მობილურ-სენსორულ პლატფორმას შექმნის. ამგვარად, ერთობლივ საწარმოდ დარეგისტრირებული კომპანია გამოიყენებს, როგორც Honda-ს მანქანათწარმოებასა და მარკეტინგში დაგროვილ ექსპერტულ ცოდნას, ასევე Sony-ის სენსორულ, ტელესაკომუნიკაციო და გართობის ინდუსტრიებში არსებულ შესაძლებლობებს.
„Sony-ის მიზანია, რომ კრეატიულობითა და ტექნოლოგიით, სამყარო ემოციით აღავსოს“, – ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, კენიჩირო იოშიდამ განაცხადა. „Honda-სთან შემდგარი ალიანსით – კომპანიასთან, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში, საავტომობილო ინდუსტრიაში გლობალური მასშტაბის უსაზღვრო ექსპერტული ცოდნა დააგროვა და ამ სფეროში რევოლუციურ განვითარებას დღესაც აგრძელებს, გვსურს, რომ ჩვენი ხედვა – მობილობის ემოციურ გამოცდილებად გარდაქმნა – რეალობად ვაქციოთ“.
მსგავსი პათოსის კომენტარი გაავრცელა Honda-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტოშიჰირო მიბემ: „ახალი კომპანიის მიზანი ინოვაციისა და ევოლუციის წინა ხაზზე დგომა და მობილობის გლობალური ექსპანსია იქნება – ამას კი, ამბიციური მიდგომით ვაპირებთ, რომელიც ჩვენი მომხმარებლების მოლოდინებსა და წარმოსახვის უნარს გასცდება“.
აღსანიშნავია, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში შესვლის სურვილი Sony-მ ჯერ კიდევ 2020 წელს დაადასტურა, როცა იმ წლის CES-ზე ელექტრომანქანის კონცეპტუალური მოდელი, Vision-S-ი წარმოადგინა. ორი წლის შემდეგ, Sony-მ კიდევ ერთი ელექტრომანქანა, Vision-S 02-ი წარმოადგინა.