Sony ჯასტინ ბიბერისა და ნილ იანგის მუსიკალურ კატალოგში $4 მილიარდს გადაიხდის

Sony ჯასტინ ბიბერისა და ნილ იანგის მუსიკალურ კატალოგში $4 მილიარდს გადაიხდის

ფოტო: Amy Sussman/Getty Images

 

Sony Music-ი, მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგების ფარგლებში კატალოგის გამოსყიდვაზე, რომელიც სხვა მუსიკოსებს შორის კანადელი შემსრულებლების, ჯასტინ ბიბერისა და ნილ იანგის ნამუშევრებს მოიცავს, Blackstone-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. შესყიდვის პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში Sony-ის საკუთრებაში Recognition Music Group-ი გადავა, რომელიც ამჟამად 45,000-ზე მეტ სიმღერაზე ფლობს საავტორო უფლებას.

Blackstone-თან ექსკლუზიურ მოლაპარაკებებს Sony სინგაპურის სუვერენულ ფონდ GIC-თან ერთობლივი საწარმოს მეშვეობით ახორციელებს. Bloomberg-ის წყაროთა ინფორმაციით, შესყიდვის პოტენციური ღირებულება $3.5 მილიარდიდან $4 მილიარდამდეა. როგორც გამოცემა ამ საკითხში გათვითცნობიერებულ პირებზე დაყრდნობით წერს, მხარეები შეთანხმების მიღწევას 15 მაისისთვის განიხილავენ, თუმცა არსებობს შანსი, რომ მოლაპარაკებები ბოლო წუთს ჩაიშალოს.

Recognition-ის შეძენაზე Blackstone-ს წინადადებით Sony-ის გარდა კიდევ რამდენიმე სუბიექტმა მიმართა, მათ შორის – პოტენციურ შეთანხმებაზე მაღალი ღირებულებით. Blackstone-ს დაინტერესებულ კომპანიათა ვინაობა არ გაუმხელია, თუმცა, როგორც ცნობილია, რამდენიმე მყიდველს მონაცემების გაზიარებაზე უარი უთხრა და კვლავ Sony-ისთან განაგრძობს მოლაპარაკებებს.

მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეს მუსიკალური ინდუსტრიისთვის რიგით მესამე მრავალმილიარდიანი გარიგება იქნება – Concord-ის BMG-ისთან გაერთიანებისა და Primary Wave Music-ის მიერ Kobalt-ის შესყიდვის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ამ კატალოგის დიდ ნაწილს ადრე ბრიტანული Hipgnosis Songs Management-ი ფლობდა. მერკ მერკურიადისის ხელმძღვანელობით, Hipgnosis-მა ათასობით სიმღერა შეისყიდა და სტრიმინგის ბუმის ფონზე, საავტორო უფლებებზე ფასების ზრდას შეუწყო ხელი. სწორედ Hipgnosis-მა შეიძინა თავის დროზე ჯასტინ ბიბერის მუსიკალური კატალოგი, $200-მილიონიანი ღირებულებით, ხოლო $100 მილიონად – ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმღერებზე უფლებები.