ფოტო: Getty Images for HumanX Conference
ისტორიული IPO-ს შემდეგ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა AI-ზე დაფუძნებული კოდირების პლატფორმა Cursor-ის შესყიდვა დააანონსა. გარიგება, რომელიც სრულად აქციების გაცვლით განხორციელდება, $60 მილიარდადაა შეფასებული და, არსებული გეგმით, 2026 წლის მესამე კვარტალისთვის დაიხურება.
SpaceX-თან გაერთიანებაზე მიღწეული გარიგება მნიშვნელოვნად გაზრდის Cursor-ის ოთხი ახალგაზრდა თანადამფუძნებლის კაპიტალს. კერძოდ, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, შესყიდვის პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მაიკლ ტრუელის (25 წლის), ამან სანგერის (25 წლის), სუალე ასიფისა (25 წლის) და არვიდ ლუნემარკის (26 წლის) ქონება გაორმაგდება და თითოეული მათგანისთვის, ინდივიდუალურად, $2.7 მილიარდს მიაღწევს.
აღნიშნული გარიგებიდან სარგებელს SpaceX-ის ადრეული ვენჩურული ინვესტორებიც მიიღებენ. მათ შორისაა Andreessen Horowitz-ი, რომელიც წინასწარი შეფასებებით მასკის კომპანიის 10%-იან, $6 მილიარდის ღირებულების წილს ფლობს და Thrive-ი, რომლის 7%-იანი წილი SpaceX-ში, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, $4.2 მილიარდად ფასდება.
ცნობისთვის, Cursor-ის მშობელი კომპანია, Anysphere-ი 2022 წელს, სან-ფრანცისკოში დაფუძნდა. პლატფორმა დეველოპერებს კოდის წერის, რედაქტირებისა და გამართვის პროცესის ავტომატიზებაში ეხმარება. Cursor-ი თანამედროვე გენერაციულ AI-მოდელებს იყენებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან, შეცვალონ ან გააანალიზონ პროგრამული კოდი ბუნებრივი ენის გამოყენებით.
ივნისის დასაწყისში Cursor-ის წლიურმა შემოსავალმა $4 მილიარდს გადააჭარბა, რის შედეგადაც სტარტაპი ისეთი კომპანიების კონკურენტთა რიგებში გადავიდა, როგორებიცაა Anthropic-ი და OpenAI. შედარებისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში Cursor-ის წლიური შემოსავალი მხოლოდ $2 მილიარდს უტოლდებოდა. ფინანსური ზრდა დიდწილად ახალი პროდუქტის, Cloud Agents-ის გაშვებით იყო განპირობებული.
SpaceX-სა და Cursor-ს შორის თანამშრომლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო მაშინ, როდესაც მხარეებმა შესყიდვის ექსკლუზიურ უფლებებზე წინასწარი ხელშეკრულება გააფორმეს. შეთანხმების პირობებით, ტრანზაქციის ჩაშლის შემთხვევაში, SpaceX-ს $1.5 მილიარდის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა ეკისრება.














