მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა კოსმოსური ხომალდი Starship-ი მე-8 სატესტო ფრენის ფარგლებში გამოცადა. ხომალდი ტეხასში, ბოკა-ჩიკაში მდებარე კოსმოდრომიდან გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა, რის გამოც ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) იძულებული გახდა, ფლორიდის თავზე დროებით საჰაერო მიმოსვლა შეეჩერებინა.
SpaceX-ის Starship-მა ტესტირება 7 მარტს, თბილისის დროით 03:30 საათზე, წარმატებული აფრენით დაიწყო. გაშვებიდან 7 წუთის შემდეგ, Starship-ის პირველი საფეხური, Super Heavy, Starbase-ის ბაზაზე უსაფრთხოდ დაეშვა. თუმცა SpaceX-მა კავშირი დაკარგა მეორე საფეხურთან, რომელმაც გამორთული ძრავებით უკონტროლოდ დაიწყო ბრუნვა. მალევე ხომალდი აფეთქდა და მისი ნამსხვრევები ბაჰამის კუნძულების, ფლორიდისა და დომინიკის რესპუბლიკის თავზე გაიფანტა.
უსაფრთხოების მიზნით, FAA-მ მაიამის საერთაშორისო აეროპორტიდან, ფორტ-ლოდერდეილ-ჰოლივუდის საერთაშორისო აეროპორტიდან და პალმ ბიჩის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების დროებით შეჩერების განკარგულება გასცა.
აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე წელს Starship-ის მეორე სატესტო ფრენა იყო. წლის პირველი ტესტირება ხომალდმა 17 იანვარს გაიარა. Super Heavy-მ დაშვების მანევრი მაშინაც წარმატებით შეასრულა, თუმცა Starship-ის მეორე საფეხური მისიის დროს ძრავებთან დაკავშირებული პრობლემის გამო აფეთქდა.
SpaceX-მა Starship-ი მთვარესა და მარსზე ადამიანებისა და ტვირთვის ტრანსპორტირებისთვის შექმნა. ის ორი ნაწილისგან შედგება და ორივე მათგანი მრავალჯერადი გამოყენებისაა. როგორც აღვნიშნეთ, პირველ საფეხურს Super Heavy წარმოადგენს, მეორე საფეხურს კი თავად Starship-ი, რომლის სიგრძე 50 მეტრს შეადგენს. მთლიანობაში ხომალდი 123 მეტრი სიგრძისაა.
აღსანიშნავია, რომ NASA ილონ მასკის კომპანიის დახმარებით 2030-2040 წლებში მარსზე ადამიანის გაგზავნას და იქ სამეცნიერო კვლევების მრავალწლიანი კამპანიის დაწყებას გეგმავს.