სტარტაპმა “ედუფეიმ” პირველივე საინვესტიციო რაუნდში პროდუქტის განვითარებისა და ქართული ბაზრის ათვისებისთვის 300 000 ლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა, რითაც კომპანიის გუნდი ასევე მოემზადება აზიურ და შუა აღმოსავლეთის ბაზარზე გასასვლელად.
“ედუფეი” არის სწავლის გადასახადის ავტომატიზაციის ვებპლატფორმა კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და საფასურის გადამხდელთათვის. პლატფორმა სკოლებს, უნივერსიტეტებსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ფასიან სასწავლებლებს სთავაზობს ჩარიცხვების მენეჯმენტისათვის სამართავ პროგრამას, ხოლოს მშობლებსა და სტუდენტებს სწავლის გადასახადის დაფარვის მარტივ გზას.
საგანმანათლებლო ორგანიზაციების სამართავი პანელი ინტეგრირებულია ბანკებთან. „ედუფეი“ საკუთარი ალგორითმით აანალიზებს მათ საბანკო ამონაწერს, საიდანაც აიდენტიფიცირებს, თუ რომელმა გადამხდელმა რომელ მოსწავლეს ჩაურიცხა თანხა.
კომპანიის გუნდი მალე გაუშვებს გადამხდელის ვებგვერდს და www.edupay.ge -დან მხოლოდ მოსწავლის პირადი ნომრით მისცემს მათ საშუალებას, რომ შეამოწმონ მიმდინარე დავალიანება, სურვილის შემთხვევაში კი დაფარონ ის საბანკო ბარათით ან ონლაინ განვადებით. ყველა გადამხდელს პლატფორმა გადახდის თარიღამდე უგზავნის sms შეხსენებასა და ავტომატურად გენერირებულ ინვოისს.
„ედუფეი“ ჭრის ისეთ პრობლემებს, როგორიც არის გადასახადის იდენტიფიცირების გაწელილი პროცესები, სწავლის გადასახადის თარიღისა და დავალიანების დავიწყება, ვადაგადაცილების გამო გადამხდელისთვის დაკისრებული ჯარიმები და სხვა.
„ჩვენი სტარტაპის ინტერესი გამოიწვია იმ პრობლემებმა, რაც ყველა საგანმანათლებლო ორგანიზაციას, მშობელსა თუ სტუდენტს აწუხებს – ეს არის სწავლის გადასახადთან დაკავშირებული რთული პროცესები. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა პირველადი ინვესტიციის გარეშე, საკუთარი კომპეტენციით შევძელით MVP-ის შექმნა, რომელსაც უკვე აქტიურად ვავითარებთ ჩვენს პირველ მომხმარებლებთან ერთად. რაც შეეხება თავად ინვესტიციას, მას პლატფორმის განვითარებასა და ქართული ბაზრის ათვისებისთვის გამოვიყენებთ“, – ამბობს Forbes Georgia-სთან საუბრისას “ედუფეი“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ხაჩიძე.
კომპანიამ უკვე დაიწყო საკუთარი პლატფორმის ინტეგრაცია რამდენიმე ორგანიზაციასთან, რაც ჯამში 2500+ გადამხდელს აერთიანებს.
სტარტაპმა ახლახან გაიარა Impact Hub Tbilisi-ს აქსელერაციის პროგრამა და პირველად ივნისის დასაწყისში გამოჩნდა ინვესტორების წინაშე, რის შემდეგაც არაერთ მოლაპარაკებას აწარმოებდა, საბოლოოდ კი ამერიკის მოქალაქისგან მიიღო ინვესტიცია.