სწრაფი სვლით

სწრაფი სვლით
დიანა კიღურაძის მთელი კარიერა ბარიერების მოხსნას ემსახურება, იქნება ეს გადახდების პროცესში, საზღვრებს შორის თუ იმ სტერეოტიპის წინააღმდეგ, რომ განვითარებადი ბაზრები საკუთარ რიგს უნდა დაელოდონ. როგორც Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში, ის გლობალურ ფინანსურ და სამოგზაურო რუკაზე საქართველოს ადგილის გადააზრებაში აქტიურადაა ჩართული. აეროპორტის სწრაფი გავლის სერვისითა და ინოვაციური ფინტექ-პარტნიორობებით, მისი ხედვა მკაფიოა: საქართველო გლობალური ეკონომიკის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ გამორჩეული ციფრული ლიდერი უნდა იყოს.

თქვენი კარიერა ფინანსების, გადახდების სისტემებისა და რეგიონული ბაზრების კვეთაზე ააგეთ. რატომ აირჩიეთ კონკრეტულად ეს მიმართულება?

მოძრაობა ყოველთვის ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი ნაწილი იყო, განსაკუთრებით მოგზაურობის სახით. ჩემი მსოფლმხედველობა ახალი ადგილების, კულტურებისა და პერსპექტივების გაცნობამ ჩამოაყალიბა და ბუნებრივად მიმიყვანა იმ სფერომდე, რომელიც სხვებისთვისაც ხელმისაწვდომს ხდის მსგავს შესაძლებლობას. თავისი არსით, Visa მოგზაურობის პროცესის გამარტივებას ემსახურება, იქნება ეს საზღვრების გადაკვეთა, ახალი მიმართულებების აღმოჩენა თუ უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების მართვა. გადახდები ამ გამოცდილების უხილავი, თუმცა აუცილებელი ელემენტია. Visa-ში მუშაობა საშუალებას მაძლევს, ჩემი წვლილი შევიტანო მოგზაურობის უფრო კომფორტულ პროცესად ქცევაში, რაც იმ მომენტებიდან ბარიერების მოხსნას გულისხმობს, რომლებსაც ჩვენთვის რეალური მნიშვნელობა აქვს. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ რეალური გავლენის მოხდენა სწორედ აქ შემიძლია, ინდუსტრიაში, რომელიც ამარტივებს მოძრაობას, ხელს უწყობს აღმოჩენებს და ადამიანებს მთელ მსოფლიოში არსებულ შესაძლებლობებთან აახლოებს.

Visa საქართველოში 25 წელზე მეტია ოპერირებს. რით გამოირჩევა ეს ბაზარი და კონკრეტულად რატომ ხედავს გლობალური ბრენდი მოგზაურობისა და ცხოვრების სტილის განვითარების დიდ პოტენციალს სწორედ აქ? 

საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და პროგრესული ბაზარია. ის უკონტაქტო გადახდების ათვისების კუთხით მსოფლიო ლიდერია, რასაც ხელს უწყობს სწრაფად განვითარებადი ფინტექ ეკოსისტემა და მოსახლეობა, რომელიც ციფრული ინოვაციების მიმართ განსაკუთრებით ღიაა. ამავდროულად, საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და მზარდ საერთაშორისო ცნობადობასთან ერთად, მას გლობალური მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველ მიმართულებად აქცევს. ორი ფაქტორის, მაღალი ციფრული სიმწიფისა და ძლიერი ტურისტული პოტენციალის შერწყმა ქმნის უნიკალურ გარემოს პრემიუმ სამოგზაურო და ცხოვრების სტილის გამოცდილების შესაქმნელად. ჩვენი პერსპექტივიდან, ეს კომბინაცია საქართველოს აქცევს ბაზრად, სადაც გლობალური გადაწყვეტილებების დანერგვა სწრაფად და მასშტაბურად არის შესაძლებელი, თანაც ისე, რომ ისინი ადგილობრივ საჭიროებებს მოერგოს.

რა მოტივაცია აქვს Visa-ს, რომ ინვესტიცია კონკრეტულად აქაურ პრემიუმ სამოგზაურო ინფრასტრუქტურაში ჩადოს და როგორ ჯდება ეს ქვეყნის რეგიონული როლის შესახებ არსებულ საერთო ხედვაში?

საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილების გაუმჯობესება ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა, რაც რეგიონულ და საერთაშორისო მოგზაურობაში ქვეყნის მზარდი როლის მხარდაჭერას გულისხმობს. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2022-დან 2024 წლამდე მკვეთრად გაიზარდა. ეს ზრდა საქართველოსთვის რეალური შესაძლებლობაა, გააძლიეროს თავისი საერთაშორისო პოზიციონირება, Visa-ს კი სურს აქტიური როლი ითამაშოს მოგზაურობის საერთო გამოცდილების გაუმჯობესებაში, როგორც საქმიანი, ისე დასასვენებელი მიზნით ჩამოსული სტუმრებისთვის.

ინოვაციურ სამოგზაურო გადაწყვეტილებებში ინვესტირება ჩვენთვის სიახლე არ არის. 2024 წელს, TAV Operation Services-თან პარტნიორობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი სწრაფი გავლის (Fast Track) სერვისი გავუშვით, რამაც პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის აეროპორტის პროცედურები უფრო სწრაფი და მარტივი გახადა. ასევე, თიბისი ბანკთან და Turkish Airlines-თან ერთად წარვადგინეთ კობრენდირებული სამოგზაურო ბარათი, რომელიც სამივე ბრენდის ძლიერ მხარეებს ერთ უნიკალურ შეთავაზებაში აერთიანებს. 

ეს ძალისხმევა ასახავს ჩვენს ნდობას საქართველოს განვითარების ტრაექტორიის მიმართ და ჩვენს ერთგულებას, შევქმნათ სრულყოფილი პრემიუმ სამოგზაურო ეკოსისტემა.

როგორ ფიქრობთ, რა წვლილი შეაქვს პრემიუმ მოგზაურობაში განხორციელებულ ამ კონკრეტულ ინვესტიციებს საქართველოში ბიზნეს ტურიზმის განვითარებაში?

Visa-ს მსგავსი გლობალური ბრენდის არსებობა სამოგზაურო ეკოსისტემაში საქართველოს საერთო კონკურენტუნარიანობას აძლიერებს. პრემიუმ ინფრასტრუქტურა გადამწყვეტ როლს თამაშობს ავიაკომპანიების სტრატეგიის ჩამოყალიბებაშიც. სამოგზაურო გამოცდილების სტანდარტების აწევით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც უფრო მიმზიდველია ავიაკომპანიებისთვის ახალი მარშრუტებისა და სერვისების გაფართოების განხილვისას. ტურიზმის პერსპექტივიდან, სწრაფი გავლის სერვისისა და ჩვენი ბრენდირებული ლაუნჯების მსგავსი ინვესტიციები პირდაპირ უჭერს მხარს ბიზნეს და კორპორატიული ტურიზმის ზრდას. ჩვენი პროექტები ქვეყანას წარმოაჩენს არა მხოლოდ როგორც ეფექტურ სასაზღვრო პუნქტს, არამედ როგორც დანიშნულების ადგილს, რომელსაც პრემიუმ და კორპორატიული აუდიტორიის მაღალი მოლოდინების დაკმაყოფილება შეუძლია. დროთა განმავლობაში, ეს აძლიერებს საქართველოს მიმზიდველობას, როგორც რეგიონული ბიზნეს და სამოგზაურო ჰაბისა, რაც ქვეყანაში მაღალბიუჯეტიან ვიზიტორებს იზიდავს და საერთო ეკონომიკური ეკოსისტემის განვითარებაში შეაქვს წვლილი.

როგორია ის სამომხმარებლო გამოცდილება, რომლის შექმნასაც ცდილობთ Visa-ს პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის?

საჰაერო მგზავრობა, განსაკუთრებით ბიზნეს მოგზაურთათვის, ხშირად მგზავრობის ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი ნაწილია. გრძელი რიგები, მჭიდრო გრაფიკი და მუშაობის გაგრძელების საჭიროება აეროპორტში გატარებულ დროს ხშირად სტრესის წყაროდ აქცევს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენისა და მოფრენისას ხელმისაწვდომი სწრაფი გავლის სერვისით, ჩვენი მიზანი სწორედ ამის შეცვლაა. იმ მომენტიდან, როდესაც პრემიუმ ბარათის მფლობელი აეროპორტში შედის, ჩვენი ამოცანაა, ყოველი ინტერაქცია იყოს ეფექტური, კომფორტული და მათ საჭიროებებზე მორგებული.

ეს სერვისი ქმნის მოწესრიგებულ და გამართულ გარემოს, სადაც მოგზაურებს აეროპორტში გადაადგილება მარტივად შეუძლიათ, რაც პროცესს ბარიერებისგან ათავისუფლებს და უზრუნველყოფს სისწრაფესა და საიმედოობას მაშინ, როცა ამ ელემენტებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. უფრო ფართო გაგებით, ჩვენი მიზანია დროის აღქმის შეცვლა. გვსურს, მოგზაურობა გაფრენამდე ბევრად ადრე დაიწყოს და ყოველი ეტაპი იყოს ღირებული. ეს ხედვა აეროპორტის ფარგლებს სცდება, რადგან Visa მუდმივად ავითარებს ბენეფიტებს, რომლებიც პრემიუმ ბარათის მფლობელებს მთელი მგზავრობის განმავლობაში ეხმარება: დაგეგმვისა და დაჯავშნის ეტაპიდან დაწყებული, ტრანსფერებითა და საერთაშორისო როუმინგით დასრულებული. ჩვენი ამბიციაა, რომ მოგზაურობის თითოეული ნაბიჯი იყოს ღირებული, მარტივი და დასამახსოვრებელი.

Visa-მ ცოტა ხნის წინ სტრატეგიული პარტნიორობა დააანონსა hashbank-თან,  ციფრულ ბანკთან, რომელიც ყოველდღიურ ბანკინგს ციფრულ აქტივებთან აერთიანებს. რას ამბობს ეს თანამშრომლობა ზოგადად რეგიონის განვითარების მიმართულებაზე? 

Hashbank-თან პარტნიორობა იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ იქცევა ჩვენი სტრატეგია ხელშესახებად. ის აერთიანებს Visa-ს გლობალურ ქსელს, უსაფრთხოების ინფრასტრუქტურასა და გადახდების სფეროში არსებულ გამოცდილებას ჭეშმარიტად ინოვაციურ ადგილობრივ პლატფორმასთან. კრიპტო ქეშბექიდან დაწყებული, საერთაშორისო გზავნილებითა და სმარტ დეპოზიტებით დასრულებული, Hashbank-ის შეთავაზებები პირდაპირ პასუხობს საქართველოს ტექნოლოგიურად განვითარებული მომხმარებლების საჭიროებებს. Visa-ს როლი არის გლობალური სისტემისა და იმ სანდოობის უზრუნველყოფა, რომელიც ამ სერვისებს მასშტაბირებისა და მეტი ადამიანის წვდომის საშუალებას აძლევს. უფრო ფართო გაგებით, ეს პარტნიორობა ამყარებს საქართველოს, როგორც ციფრული ფინანსური ინოვაციების მზარდი ჰაბის რეპუტაციას და განსაზღვრავს რეგიონში ფინანსური მომსახურების მომავალ ეტაპს.

რამდენიმე ბაზრის ერთდროულად მართვა სერიოზული პასუხისმგებლობაა. რა იყო თქვენი მუშაობის პერიოდში ის გადამწყვეტი გადაწყვეტილება, რომელმაც თქვენი ლიდერული სტილი ჩამოაყალიბა?

კავკასიისა და მოლდოვის მართვა ჩემთვის არა გამოწვევა, არამედ რეგიონული ლიდერობის გადააზრების რეალური შესაძლებლობა აღმოჩნდა. ამ ბაზრებს განვითარების მსგავსი ტრაექტორია აქვთ, თუმცა თითოეულს თავისი ფინანსური ეკოსისტემა, მომხმარებელთა ქცევა და ინსტიტუციური ურთიერთობები ახასიათებს. ნაცვლად იმისა, რომ ერთი სტანდარტული კორპორატიული მოდელი გამომეყენებინა, შეგნებულად ავირჩიე რეგიონული მოდელის აგება ცოდნის სტრუქტურირებული გაზიარების გარშემო.

როდესაც რაღაც ამართლებდა საქართველოში ან სომხეთში, იქნებოდა ეს კონკრეტული პარტნიორობის მოდელი თუ რეგულატორებთან მუშაობის მეთოდი, ვქმნიდი პირობებს, რომ მოლდოვას მოეხდინა ამის ადაპტირება და არა უბრალოდ კოპირება. ეს პროცესი არასდროს ყოფილა ცალმხრივი. ასეთი რეგიონული მასშტაბი ქმნის რეალურ სინერგიას, რადგან ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლა ხდება, ამასთანავე, ნარჩუნდება ყოველი სტრატეგიის ადგილობრივი აქტუალობა და შესაბამისობა ჩვენს გლობალურ ხედვასთან.

პირადად თქვენთვის, როგორ გამოიყურება წარმატება ხუთი წლის შემდეგ?

ჩემთვის ნამდვილი წარმატება ყოველთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ გაზომვადი მაჩვენებლები. ის იმ ნდობაშია, რომელსაც აშენებ, იმ გარემოში, რომელსაც ქმნი და იმ მომენტებში, როდესაც შენ გარშემო მყოფი ადამიანებს თავადვე აოცებთ თავის თავში აღმოჩენილი შესაძლებლობები. ყოველთვის მსურდა ვყოფილიყავი ლიდერი, რომელიც ჰორიზონტებს ხსნის, ისეთი ლიდერი, რომლის გუნდიც ხედვას არა მხოლოდ ასრულებს, არამედ რეალურად მართავს. ჩემთვის წარმატება, თავისი არსით, იმის შეგრძნებაა, რომ თითოეული ადამიანი, ვისთანაც ვმუშაობ, თავს დაფასებულად გრძნობს. როდესაც ეს ხდება, შედეგები ბუნებრივი გაგრძელებაა. 

ხუთი წლის შემდეგ საკუთარ თავს კიდევ უფრო აქტიურად ვხედავ ამ რეგიონში. კავკასია და მოლდოვა ფინანსური განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა და მინდა ვიყო ის, ვინც უკან მოიხედავს და იტყვის: ჩვენ აქ საჭირო დროს ვიყავით და ეს შანსი გამოვიყენეთ. იქნება ეს Visa-ს საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოება, ლიდერების ახალი თაობის გაზრდა თუ ციფრული ფინანსების მეშვეობით განვითარებადი ეკონომიკების ჩამოყალიბებაში დახმარება, მინდა, რომ ჩემს საქმეს ციფრებზე ბევრად დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.