სუეცის არხის შემოსავალმა რეკორდულ $7 მილიარდს მიაღწია

სუეცის არხის შემოსავალმა რეკორდულ $7 მილიარდს მიაღწია

ეგვიპტეში სუეცის არხის შემოსავალმა მიმდინარე ფინანსურ წელს რეკორდული თანხა, $7 მილიარდი შეადგინა. არხის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შემოსავალი წინა წელთან შედარებით 20.7%-ით გაიზარდა.

სუეცის არხის ხელმძღვანელობის განცხადებით, შემოსავლის მატება ძირითადად გემების რაოდენობისა და ტვირთის ზრდას უკავშირდება. მიმდინარე წელს, ტვირთის მთლიანმა მოცულობამ ასევე რეკორდულად მაღალ ნიშნულს, 1.32 მილიონ ტონას მიაღწია. ტვირთის მოცულობა 2020/21 წელთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა, ხოლო გემების რაოდენობამ 15.7%-იანი მატების შემდგომ 22,032-ს მიაღწია.

სუეცის არხი ევროპასა და აზიას შორის ტვირთის გადაზიდვის ყველაზე სწრაფი საშუალება, ხოლო ეგვიპტის მთავრობისთვის უცხოური ვალუტის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. 2015 წელს არხის გაფართოება შემოსავლის ზრდაზეც აისახა, შემდგომი გაფართოების დასრულება კი 2023 წლისთვის იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ  მეორე გაფართოების შესახებ სუეცის არხში უზარმაზარი საკონტეინერო გემ Ever Given-ის გაჭედვის შემდეგ გამოცხადდა. Ever Given-ის არხში გაჭედვის მიზეზი ქარი და უამინდობა გახდა. გემის მიერ სავაჭრო მარშრუტის ჩაკეტვამ გლობალური ვაჭრობა მნიშვნელოვნად შეაფერხა. მიყენებული ზარალის გამო, არხის ადმინისტრაციამ გემის მფლობელებისგან $550 მილიონის გადახდა მოითხოვა. საკომპენსაციო შეთანხმების შემდგომ, გემმა სუეცის არხი საბოლოოდ სამი თვის შემდგომ დატოვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *