Super App - ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში

Super App - ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში

ჩვენ უკვე მოგიყევით იმ რამდენიმე ტექნოლოგიურ სიახლეზე, რომელიც საქართველოს ბანკმა, როგორც ტექნოლოგიურმა ბანკმა, BOG UPDATE-ზე გააჟღერა. ახლა კი გვინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ბანკმა დააანონსა. ესაა Super app.

ჩვენი მობილურები უამრავ ისეთ აპლიკაციას აერთიანებს, როგორებიცაა: ტაქსის გამოძახების აპლიკაცია, ბილეთების შეძენის აპლიკაცია, ონლაინ მაღაზიების აპლიკაციები, მობილბანკები და ა.შ ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ჩვენ ხშირად გვიწევს ამ სერვისებით სარგებლობა.

ყველაზე დიდი გამოწვევა კი, რასაც დღესდღეობით ამ საკითხთან მიმართებით ვაწყდებით, არის ის, რომ ზემოხსენებული სერვისები ერთ სივრცეში არ არის და თითოეული პლატფორმის ცალ-ცალკე გამოყენება დღეში რამდენჯერმე გვიწევს. Super app სწორედ ისეთი აპლიკაციაა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ სხვა მრავალი ტიპის სერვისს მოიცავს.

ეს ტერმინი პირველად ბლექბერის დამფუძნებელმა – მაიკ ლაზარიდისმა ახსენა 2010 წელს და სუპერაპი აღწერა, როგორც ბევრი აპლიკაციის ჩაკეტილი ეკოსისტემა, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად გამოიყენებენ, რადგან მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მარტივ, ინტეგრირებულ და კონტექსტურ გამოცდილებას მიიღებენ. სუპერ აპები ხშირად გვხვდება ფინანსურ სფეროში, მაგალითად რევოლუტი, რომელმაც ფინტექ აპლიკაციით დაიწყო და ნელ-ნელა სუპერ აპი გახდა. ასევე ყაზახეთის ტრადიციული ბანკის აპლიკაცია “Kaspi”, რომელიც დღეს სუპერ აპია და მილიონობით მომხმარებელს ემსახურება. “საქართველოს ბანკის აპლიკაციაც დროთა განმავლობაში უამრავ ცვლილებას განიცდიდა და ლოგიკურად გაგვიჩნდა სურვილი, არსებულ სუპერ აპებში ეს აპლიკაციაც მოაზრებულიყო. შეიძლება ითქვას, რომ სუპერ აპის ნიშნები ჩვენს მობილბანკს ნამდვილად აქვს“,- ამბობს ლევან კობახიძე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი. ამის თქმის საფუძველს კი მას შემდეგი ციფრები აძლევს:

  • ბანკის აპლიკაციას ყოველთვიურად 900,000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს და აქედან – 44% ყოველდღიურად;
  • ბანკში არის მომხმარებლებთან დაკავშირებული უამრავი განსხვავებული ტიპის მონაცემი, რომელზე დაყრდნობითაც მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებების გაკეთებაა შესაძლებელი, სწორ დროს და სწორ ადგილას;
  • მომხმარებელთა დიდი რაოდენობა და მდიდარი მონაცემთა ბაზა სუპერ აპის მნიშვნელოვანი ფუნდამენტია. ამ კომპონენტების გარეშე სუპერ აპის შენება თითქმის წარმოუდგენელია.

როგორც ლევანი ამბობს, იმისთვის, რომ ეს აპლიკაცია სუპერ აპად იქცეს, უკვე დაინერგა და ინერგება რამდენიმე ახალი სერვისი, ესენია:

ღია ბანკინგი – სხვა ბანკში არსებული ანგარიშების საქართველოს ბანკის მობილბანკთან მიბმის შესაძლებლობა. სამომავლოდ კი – ამავე აპლიკაციიდან სხვა ბანკებში არსებული ანგარიშების მართვა;

ინვესტიციების მოდული – საინვესტიციო ანგარიშის გახსნისა და გლობალური კომპანიის აქციებით ვაჭრობის შესაძლებლობაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შესთავაზა საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს და საშუალება მისცა, შეეძინათ სასურველი აქცია, თუნდაც 1 დოლარის ოდენობით, მარტივად, პირდაპირ მობილბანკიდან.

კრიპტოვალუტებით ვაჭრობის სერვისირომლის ფარგლებშიც კრიპტო ვალუტების ყიდვა/გაყიდვა მობილბანკში ჩაშენებული მოდულიდან გახდება შესაძლებელი.

ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევის სერვისი – სასურველი სადაზღვევო კომპანიის არჩევა და მგზავრობის დროს მესამე პირისადმი მიყენებული ზიანის დაზღვევა უკვე შესაძლებელია მობილბანკში. მალე კი, ავტო დაზღვევა და სამოგზაურო დაზღვევაც ხელმისაწვდომი იქნება მობილბანკის მომხმარებლებისთვის და ისინი მომენტალურად შეძლებენ მათთვის სასურველი პოლისის გააქტიურებას.

Lifestyle შეთავაზებების სივრცე – შეთავაზებათა კომპლექტი, რომელსაც საქართველოს ბანკის 12,000-ზე მეტი პარტნიორი სთავაზობს მომხმარებელს, ფასდაკლების, საჩუქრის, საკრედიტო პროდუქტებზე შეღავათის და სხვა სახით. მას ამ ეტაპზე საინფორმაციო სახე აქვს მობილბანკში, თუმცა მალე ამ სივრცეს მობილურ მარკეტფლეისად ვიხილავთ, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული ანგარიშსწორება, ნაწილ-ნაწილ ყიდვა და ასე შემდეგ.

ასევე, ამ ყველაფერს სულ  მალე დაემატება QR ტექნოლოგიის საშუალებით თანხის განაღდება, მიღება, შეძენა – რომელიც მობილბანკს მისცემს შესაძლებლობას, სრულად ჩაანაცვლოს საბანკო ბარათი.

ბილეთების შეძენის მოდული – აპლიკაციიდან გაუსვლელად სასურველი ღონისძიების ბილეთების შეძენაც ახლო მომავალში იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც კიდევ ერთი პარტნიორობის შედეგად იქნება შესაძლებელი. სწორედ ეს ყველაფერი, მის საბანკო სერვისებთან ერთად, აძლევს საქართველოს ბანკის აპლიკაციას საშუალებას, გახდეს სუპერ აპი და მომხმარებელთა არამხოლოდ საბანკო, არამედ ყოველდღიური, ცხოვრებისეული საჭიროებები მარტივად დააკმაყოფილოს.

წყარო: https://bit.ly/3MM7GCl

ჩვენ ვაგრძელებთ ტექნოლოგიური დღის  სიახლეების შესახებ თვალის დევნებას და ამ თემას კიდევ არაერთხელ მივუბრუნდებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.