„ტაქცია“, „ბაზარნიკები“, „ქალაქის მაწანწალა ძაღლები“ და ა.შ. | „ტფილისის დღიური“

„ტაქცია“, „ბაზარნიკები“, „ქალაქის მაწანწალა ძაღლები“ და ა.შ. | „ტფილისის დღიური“

XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა. ეს ამბები ხშირად იმდროინდელ ქართულ პრესაშიც პოვებდა ასახვას. ყველაფერთან ერთად, ცნობები, ზოგჯერ სულაც მწირი და ერთი შეხედვით – უმნიშვნელო, ძველი თბილისის ყოველდღიურობასა და ეკონომიკაზე მრავალფეროვან და  საინტერესო ინფორმაციას შეიცავს, ზოგჯერ კი სრულიად უჩვეულო რაკურსით გვაჩვენებს ამა თუ იმ მოვლენას და გვიხსნის მის მნიშვნელობას.

რუბრიკაში „ტფილისის დღიური“ ძველი ქართული გაზეთებიდან ამოკრეფილ სწორედ ამ ტიპის პატარ-პატარა ამბებს გაგაცნობთ, რომელთა მთხრობელები, არცთუ იშვიათად, თავად თფილისის მოქალაქეები იყვნენ – ადამიანები, რომლებიც ყველაზე უკეთ გრძნობდნენ, თუ რა ხდებოდა მათ თავს, რა ხდებოდა ქალაქში…

 

„ტფილისის დღიური“ | 1877 წელი

ამბავი #1 – „ტაქცია“ და „ბაზარნიკები“

სიძვირე და შესაბამისი ორგანოების მიერ ამა თუ იმ პროდუქტზე დაწესებული „ტაქცია“ თფილისში განხილვის ხშირი თემა იყო. მოსახლეობამ კარგად იცოდა, რომ ქალაქელი შაითან-ვაჭრები დაწესებულ ნიხრს ყურადღებას არ აქცევდნენ და პროდუქტს იმ ფასს დაადებდნენ, რაც მოესურვებოდათ.

ეს გარემოება, რომელიც გვარიანად ავიწროებდა ქალაქის მოსახლეობას, ხოლო ვაჭრებს არცთუ პატიოსანი გზით, იოლად გამდიდრების საშუალებას აძლევდა, იმდენად საგრძნობი იყო, რომ პრესა ხშირად მოუწოდებდა „ვისაც ჯერ არს“, რომ ვაჭართა მხრიდან თფილისელთა „ყვლეფის“ მავნე პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ „მოესპოთ“.

პასუხისმგებელი პირები კი, თავის მხრივ, ცდილობდნენ, თუნდაც მოჩვენებითად მაინც ეაქტიურათ და „გადამჭრელი ზომებისთვის“ მიემართათ, მაგრამ საერთო სურათი უცვლელი რჩებოდა.

ქალაქში „ხორაგეულის გაძვირება“ ყველასთვის საგრძნობი რომ გახდებოდა, მაშინ კი შეიბერტყავდნენ ყურს და მოსახლეობის ბედით შეწუხებულნი ახალ-ახალი ინიციატივებით გამოვიდოდნენ, მაგრამ თუკი ქალაქის რჩევის რომელიმე ხმოსანი „ახირებულ“ წინადადებას წამოაყენებდა, ამგვარ სიახლეს მყისვე დაუპირისპირდებოდნენ.

მაგალითად, 1877 წლის იანვარში, ერთი საგულისხმო ინიციატივით გამოსულა ქალაქის რჩევის ერთ-ერთი ხმოსანი – „რადგან ქალაქის გამგეობა მუდამ ადგენს ტაქსას, მაგრამ იმას არასოდეს არ ასრულებენ ჩვენს ქალაქშიო, კარგი იქნებაო, რომ დროებით, გამოსაცდელად, სრულებით მოვსპოთ ბაზარში ტაქსაო“.

ხმოსანის ამ წინადადებას კოლეგები ერთხმად აღდგომიან წინ, ქალაქის დაწესებული „ტაქცია“ სიძვირესთან არაფერ შუაშია, „ხორაგეულის გაძვირების“ მიზეზი ის ჩარჩ-ვაჭრები არიან, სოფლიდან თფილისისკენ მომავალ გლეხებს სხვადასხვა ადგილას რომ უხვდებიან და საქონელს, დაშინებითა თუ იძულებით, ბითუმად და იაფად სძალავენო.

კი ბატონო, ჩარჩ-ვაჭრები ქალაქისთვის დიდ თავის ტკივილად იყვნენ ქცეული, თუმცა თფილისის პასუხისმგებელი პირების საქმეც სწორედ ის იყო, რომ ამგვარი პრობლემები მოეგვარებინათ. თუმცა მათ მიერ არჩეული პოლიტიკა, მათ შორის სავაჭრო პოლიციის, ე.წ. „ბაზარნიკების“ პასიურობა, რომლებსაც უშუალოდ ვაჭრობის სფეროს კურირება ევალებოდათ, თფილისელ ვაჭრებს თავნებობისა და საკუთარ ნებაზე მოქმედების საშუალებას აძლევდა.

ბაზარი მეიდანზე / ეროვნული ფოტომატიანე

მართალია, ქალაქის გამგეობის 1877 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, სავაჭრო პოლიციის თითოეულ „ბუდკაში“ სავალდებულოდ შემოიღეს საჩივრების სპეციალური წიგნი, რომელშიც მოსახლეობას წესების დამრღვევი ვაჭრების შესახებ შეეძლოთ საჩივრის დაფიქსირება, თუმცა, წერა-კითხვის გავრცელების დონისა და ზოგადად, სავაჭრო პოლიციის მიმართ არსებული ნიჰილისტური განწყობების გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია, მოსახლეობას ამ წიგნის ფურცლები აეჭრელებინა.

ე.წ. „ბაზარნიკების“ მიმართ თფილისელთა სკეპტიკურ დამოკიდებულებას ძირითადად სავაჭრო პოლიციის მოხელეთა არაპროფესიონალიზმი და პასიურობა, შესაბამისად, ქალაქის ბაზრებში გამეფებული განუკითხაობა იწვევდა:

„თუ როგორი წესები ჰსუფევენ ჩვენს ბაზრებში შემდეგი მაგალითი გვიმტკიცებს:

გუშინწინ რუსის ბაზარში ერთს ვიღაც სოფლელს ურმით ხილი (მსხალი) ჩამოეტანა და გოდრებით ჰყიდდა. ოთხი-ხუთი კინტო ერთად მიადგა ამ გლეხს და დაუწყეს ვაჭრობა, ეს გოდორი ჩემია, ამდენს მოგცემო, ფულებიც ხელში ეჭირათ. ამ დროს ერთმა კინტომ უეცრად დაავლო ერთს გოდორს ხელი და გააქანა. გლეხი გამოუდგა იმას; მაგრამ სანამ ეს იმ კინტოს იჭერდა, სხვა კინტოებმა მეორე გოდრებს დაავლეს ხელი და გაიტაცეს. ახლა იმათ გამოუდგა. ბოლოს, როგორც იყო, ყველა გოდრებს მოუყარა თავი, გარდა ერთისა, რომელიც ისე გააქრეს, რომ ვერც კი შენიშნა.

ერთი ვიღაც მადლიანი კაცი ამოჩნდა, რომელსაც შეენიშნა, სად წაეღო კინტოს ის გოდორი და როგორ დაემალა. მივიდა ეს კაცი, ერთი ლაზათიანი ლავაში მიართვა კინტოს, თან წაართვა გოდორი და რის ვაი-ვაგლახით თავის პატრონს ჩააბარა.

სანამ ერთი აყალ-მაყალი არ შედგა, მანამდე ბაზარნიკი არ გამოჩენილა. ეს კაცი რომ სერთუკში და სუფთად ჩაცმული არ ჰყოფილიყო, ასე დაგვარწმუნეს, ბაზარნიკი ხელსაც არ გაანძრევდაო“.

ამგვარი და უარესი შემთხვევები კი თფილისურ ბაზრებში ლამის ყოველდღე ხდებოდა…

 

ამბავი #2 – „თფილისელი აღა-ბატონები“

ამას გარდა, მოუწესრიგებელი იყო ეკონომიკური კავშირები თფილისელ აღა-ბატონებსა და მათ დაქირავებულებს შორის.

დამქირავებლები, რომლებიც მიცემულ პირობას ხშირად არღვევდნენ და ზოგჯერ ულუკმაპუროდ ტოვებდნენ დაქირავებულს, როგორც წესი, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარეშე, მზაკვრულად ახერხებდნენ ფონს გასვლას და დაქირავებულთათვის ფულის არგადახდას, რადგან მთელი რიგი ობიექტური მიზეზების, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ სამართლებრივ ბერკეტებზე ხელი არ მიუწვდებოდათ, ანაზღაურების გარეშე დატოვებული დაქირავებული იშვიათად თუ გაიბრძოლებდა თავისი უფლებების დასაცავად.

თუმცა ზოგჯერ ამგვარი ეკონომიკური კავშირები არა მხოლოდ დაქირავებულთათვის, არამედ „აღა-ბატონებისთვისაც“ ტრაგიკულად სრულდებოდა, რადგან მავანი საკუთარი უფლების დაცვას და შელახული ღირსების აღდგენას არა სასამართლოს, არამედ იარაღის გზით შეეცდებოდა.

გაზეთ „დროების“ ცნობით, 1877 წლის 2 მარტს, თფილისში „ერთი ყურადღების ღირსი უბედურება“ მომხდარა – ერთ დურგალს მდიდარი ქალაქელი ვაჭრის – ხოჯაევისთვის დამბაჩა უსვრია და ადგილზე მოუკლავს:

„კაცის მოკვლა ისეთი იშვიათი შემთხვევა არ არის ჩვენში, რომ იმაზედ მაინცა-და-მაინც განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ღირდეს; ეს შემთხვევა სხვა მხრით არის ყურადღების ღირსი; აი რას ლაპარაკობენ ქალაქში ამ მოკვლის თაობაზე:

ამბობენ, რომ ამ დურგალს რაღაც უმუშავნია ხოჯაევისათვის და დიდი ხანი სთხოვდა თურმე იმას, რომ ანგარიშები გაეწმინდა და იმაზე დარჩომილი ფული (სულ ორასი თუმანი) მიეცა; დიდი გაჭირება ადგაო დურგალს, მოვალეები აწუხებდნენო და ამ ფულით მოელოდა იმათგან განთავისუფლებასაო.

ხოჯაევმა, ამბობენ, დიდხანს აცდევინა, ბოლოს 2 მარტს დაიბარა და უთხრაო, რომ ხელი მოაწერე ჩვენს პირობაზე, რომ ფული მიღებული გაქვსო და მოგცემო. დურგალს ხელი მოუწერია; მაგრამ ფული კი ვეღარ მიუღია; ხოჯაევმა უარი უთხრაო, აკი მიღებული გაქვს ფულიო, ხელიც მოგიწერიაო. მოთმინებიდან გამოსულ დურგალს ამოუღია ჯიბიდამ დამბაჩა და ზედ გულზე დაუცლია“.

 

ამბავი #3 – „ოქრომჭედლის შეგირდი“

ქალაქში „ბევრს ლაპარაკობდნენ“ ოქრომჭედელ ლაქსინის გაქურდვაზეც, რომელიც თფილისელ ქურდებს დიდი ოსტატობით „გაუსუფთავებიათ“.

დამნაშვეებს ლაქსინის მეზობლად მდებარე თამბაქოს მაღაზიის კედელი გამოუნგრევიათ და, როგორც ამბობდნენ, დაახლოებით 70 ათასი მანეთის ღირებულების ბრილიანტი და ძვირფასი ნივთი მოუპარავთ, დანაშაულის კვალის დასაფარად კი ხის იატაკზე ნავთი დაუსხამთ და ცეცხლი წაუკიდებიათ.

ოქრომჭედელთა სახელოსნო / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ყურადღებიანი და გამბედავი მეზობლების წყალობით შენობა დაფერფვლას კი გადარჩენილა, მაგრამ ოქრომჭედლის ზარალი მაინც ძალიან დიდი ყოფილა:

„ამ მარჯვე ქურდობის თაობაზე, გუშინ ქალაქში გავარდა ხმა, ვითომც ქურდი აღმოჩენილიყოს; ამბობენ, ლაქსინისვე შეგირდს მოუპარავს და ვიღაც სხვა ოქრომჭედლისთვის მიუბარებია; ამას შეშინებია – ვაი თუ შემიტყონო, წასულა ლაქსინთან და უთქვამს: სამას თუმანს თუ მამცემ, შენ ნივთებს ყველას უკლებლივ ამოვიგებო; ესეც დათანხმებულა; ამბობენ, ნოტარიუსთანაც პირობა დაუწერიათო და მართლაც ნივთები ჩაუბარებია“.

უცნობია, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ქალაქში „გავარდნილი ხმა“, მაგრამ რამდენიმე დღეში უკვე გაზეთ „კავკაზს“ გაუგონია, რომ ლაქსინის მაღაზიიდან მოპარული თვალ-მარგალიტი და ოქრო-ვერცხლის ნივთები „ყველა უნახავთ, ქურდები აღმოუჩენიათ და დაუჭირავთ კიდეც“.

 

ამბავი #4 – „იჯარა ქალაქის მაწანწალა ძაღლების დახოცვის შესახებ“

დასასრულ კი გთავაზობთ ამბავს, რომელიც, როგორც ჩანს, განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო თფილისელთათვის, რადგან, როგორც პრესა წერდა, ქალაქში „იმდენი უპატრონო და მაწანწალა“ ძაღლი იყო, ავლაბარსა და სოლოლაკში „თითქო თავიანთი სამეფო ჰქონდათ გამართული და ღამე იმათგან მოსვენება არ იყო“.

ამ ცნობების თანახმად, 1877 წელს, ქალაქის გამგეობას განუცხადებია, „მაწანწალა ძაღლები უნდა დაიხოცონ და ამათი დახოცვა მსურველს იჯარით შეუძლიან აიღოსო“.

საქმის იჯარით აღების მსურველს წერილობითი ან სიტყვიერი განცხადებით უნდა მიემართა ქალაქის გამგეობისთვის, სადაც კონტრაქტის პირობების გაცნობაც შეეძლო.

ნიკო ფიროსმანაშვილი / „ძაღლი „ბათურა“ / ეროვნული ფოტომატიანე

მსურველიც მალევე გამოჩენილა, საფრანგეთის მოქალაქე ლუი ალომი, რომელსაც ქალაქის გამგეობა „კონტრაქტის ძალით შეკვრია“. ამ კონტრაქტის მიხედვით, ლუი ალომს უკისრია:

„რომ ის ზამთარში და შემოდგომაზე ყოველ დღე დილის რვა საათამდინ და გაზაფხულზე და ზაფხულში დილის შვიდ საათამდინ დაიჭერს თფილისის ქუჩებში უპატრონო და მაწანწალა ძაღლებს ბადითა, ანუ საგდებელიდ, მაგრამ ისე, რომ ძაღლები წვალებულნი არ იქნებიან და არც ქუჩებში ხმაურობას გააჩენს.

ქუჩებში და მაედნებზე მაწანწალა უბრალო ძაღლებს, რომელთაც პატრონი არ ამოუჩნდებათ, ლუი ალლომი დაიჭერს, წაიყვანს ცალკე სადგომში და იქ დახოცს.

კარგი მოდგმის ძაღლებს, როგორც მაგალითად: მონადირე ძაღლებს, მწევრებს, მეძებრებს, ნიუფანდლენდს, პუდელს, ბოლონკებს, ლივრეტკებს, ბულდოგებს, სენ-ბერნარს და სხვ., რომელთაც საბელი არ ექნებათ და რომელნიც უპატრონოდ ირბნენ ქუჩებში, მეიჯარადრე დაიჭერს და სამის დღის განმავლობაში თავის ხარჯით შეინახავს; თუ ამ სამს დღეში გამოუჩნდა პატრონი, დაუბრუნებს ძაღლს და შენახვის ფასს ერთს მანეთს გადაახდევინებს პატრონსა; განსაკუთრებით კარგის მოდგმის ძაღლები შეუძლია სამის დღის შემდეგაც შეინახოს, მაგრამ იმ პირობით, რომ თუ პატრონი ამოუჩნდა, დღეში ძაღლის შესანახავად ორ აბაზზე მეტი არ გადაახდევინოს.

ცოფიანი ძაღლები, რაც უნდა კარგის მოდგმის იყოს, იმ წამსვე უნდა დაიხოცოს და დაჭრილის ტყავით უნდა ჩააგდოს მიწაში.

თუ კარგის მოდგმის ძაღლი, რომელიც ცოფიანი არ არის, სამ დღეზე ადრე მოკლა, მაშინ მეიჯარადრე პასუხს აგებს პატრონსა და ვალდებულია იმდენი გადაუხადოს, რამდენათაც ეს ძაღლი დაფასდება.

ლუი ალლომი ვალდებულია ადგილობრივ გაზეთებში გამოაცხადოს, თუ სად მოაგროვებს ის ქუჩებში დაჭერილ უპატრონო ძაღლებსა; ეს იმისთვის, რომ პატრონებს შეეძლოსთ ადვილად პოვნა თავის ძაღლებისა.

მეიჯარადრე ვალდებულია ძაღლის პატრონს, რომელიც თავის საქონლის წასაყვანად მისულა, ჩამოართვას ხელწერილი, რომელშიაც მოხსენებული იქნება ამ პირის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ალაგი და აგრეთვე ნიშნები თვითონ ძაღლისა“.

P.S. როგორც ჩანს, რიგი მიზეზების გამო, ლუი ალომს იჯარით აღებული ამ ვადლებულებისგან გათავისუფლება განუზრახავს და ქალაქის გამგეობის ნებართვით, ეს საქმე, იმავე პირობებით, სოფელ აკულისის მცხოვრებ ავეტიკ ზაგაროვისთვის გადაუცია…