TBC: ლარის 2.8 ნიშნულამდე ან მეტად გამყარებაა მოსალოდნელი

TBC: ლარის 2.8 ნიშნულამდე ან მეტად გამყარებაა მოსალოდნელი

TBC ლარის გამყარებას პროგნოზირებს. როგორც ბანკის ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული,  მომდევნო თვეებში ლარის 2.8 ნიშნულამდე ან მეტად გამყარებაა ნავარაუდევი. 

აღნიშნული პროგნოზი შემდეგს ეფუძნება:

  • დოლარის მსოფლიო მასშტაბით შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა;

  • მართალია საგარეო სექტორი ისეთივე ძლიერი აღარაა, როგორც მოსალოდნელი იყო და როდესაც სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი დაგროვება ხდებოდა, თუმცა ის მაინც დაბალანსებულია;

  • საერთაშორისო ბაზრებზე საკრედიტო რესურსების მოზიდვის მხრივ გარემო უფრო ხელსაყრელია;

  • ლარის რეალური ეფექტური კურსი სადღეისოდ მკვეთრად გაუფასურებულია, უფრო მეტადაც კი ვიდრე 2015 წლის პიკის დროს;

  • დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე საბალანსო უწყისის ეფექტები ძლიერია და უარყოფითად მოქმედებს შიდა მოთხოვნასა და იმპორტზე;

  • იმ დაშვებით, რომ საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა ელასტიურია, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება შესაძლოა დროითი ჩამორჩენით იწვევდეს ჩანაცვლების გარკვეულ ეფექტს;

  • სადღეისოდ არსებული გაცვლითი კურსის შენარჩუნება ინფლაციის შემდგომ ზრდას გამოიწვევს, რასაც ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით, საპროცენტო განაკვეთების აწევისა და მონეტარული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით რეაგირება მოჰყვება;

  • ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დონე, რუსეთის სანქციებამდე დაგეგმილთან შედარებითაც კი უფრო მაღალია;

  • გაუფასურების მოლოდინების გამო დაფიქსირებული დეპოზიტების გარკვეული კონვერტაციები ლარიდან დოლარში ნაკლებსავარაუდოა რომ გაგრძელდეს და შესაძლოა მცირე მასშტაბით საპირისპირო ტენდენციასაც კი ჰქონდეს ადგილი;

  • იმ შემთხვევაში თუ საკრედიტო მარეგულირებელი ჩარჩო და 200 000 ლარამდე უცხოურ ვალუტაში სესხების აკრძალვის საკანონმდებლო ნორმა  შემსუბუქდება, ეს ზედმეტი საკრედიტო რისკების აღების გარეშე, ეკონომიკაში უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდას გახდის შესაძლებელს, რაც ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *