Tesla-მ რეკორდული კვარტალური შემოსავალი დააფიქსირა

Tesla-მ რეკორდული კვარტალური შემოსავალი დააფიქსირა

უახლესი მონაცემებით, Tesla-მ რეკორდული კვარტალური შემოსავალი დააფიქსირა და მესამე კვარტალის მოგებით, თითქმის გაუტოლდა კიდეც კომპანიის მიერ ნაჩვენებ საუკეთესო შედეგს. მიუხედავად ამისა, ელექტრომობილების მწარმოებელი გაყიდვების კუთხით დასახული სრული წლის მიზნის მიღწევას, რომელიც 50%-იან ზრდას ითვალისწინებს, დიდი ალბათობით, მაინც ვერ შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს კვარტალური შემოსავალი, $21.5 მილიარდი, მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდება Wall Street-ის მოლოდინს ($22 მილიარდი), მაშინ როდესაც ერთ აქციაზე კომპანიის მოგებამ მოლოდინს $1.05-ით გადააჭარბა. ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი სამშაბათს, ბირჟის დახურვის შემდგომ 5%-ით დაეცა, საერთო ჯამში კი 2022 წლის დასაწყისიდან 40%-ზე მეტითაა გაუფასურებული.

Tesla-ს ავტომობილების მიწოდება მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) 30%-ით გაიზარდა. ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მეორე კვარტალი კომპანიისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რამაც გავლენა შანხაიში Tesla-ს მთავარ საექსპორტო ცენტრზეც იქონია. კომპანიამ, მანქანის წარმოებისა და მომხმარებელთათვის მიწოდების შემაფერხებელ მიზეზად ლოგისტიკური პრობლემები დაასახელა, რაც განსაკუთრებით Tesla-ს ავტომობილების ჩინეთიდან ევროპაში მიწოდებას ეხება.

მესამე კვარტალში Tesla-ს მიერ მიწოდებული მანქანების რაოდენობამ რეკორდული 343,830 ერთეული შეადგინა. თუმცა წარმოებაში 50%-იანი წლიური ზრდის დასაფიქსირებლად, კომპანიას 2022 წლის უკანასკნელ სამ თვეში 500,000-ზე მეტი ავტომობილის წარმოება მოუწევს. Tesla-ს გენერალური დირექტორის, ილონ მასკის მოლოდინით, კომპანია წარმოების 50%-იან ზრდას გადააჭარბებს, მაგრამ მიმდინარე წელს მიწოდების 50%-იანი ზრდის ზღვარს ქვემოთ დაასრულებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *