თალიბანმა ავღანეთში ნარკოტიკული მცენარეების კულტივირება, ნარკოტიკების წარმოება, გამოყენება და ტრანსპორტირება აკრძალა, – ამის შესახებ CNN-ი წერს. „ავღანეთის ისლამური საამიროს უზენაესი ლიდერის დეკრეტის თანახმად, მოვახსენებთ ყველა ავღანელს, რომ ამიერიდან, ოპიუმის ყაყაჩოს კულტივაცია ქვეყნის მასშტაბით აიკრძალება… აღნიშნული დეკრეტის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირის ნათესები მყისიერად განადგურდება, ხოლო თავად ის შარიათის წესების მიხედვით დაისჯება“, – ითქვა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე. ცნობისთვის, დეკრეტი ყველა ნარკოტიკულ ნივთიერებას ეხება.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთი მსოფლიოში ოპიუმის უდიდესი მწარმოებელია – 2017 წელს, გაერომ ავღანეთის ოპიუმის ინდუსტრია $1.4 მილიარდად შეაფასა. როგორც ირკვევა, ბოლო დროს ოპიუმის წარმოება კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ავღანელ ფერმერებს ფინანსურად ნაკლებად მოგებიანი სხვა კულტურების მოყვანა არ სურთ.