თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო, „ჰილტონ გარდენ ინნი“ დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში, ვაკეში, ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება. პროექტი, რომლის საერთო ღირებულებამაც 35 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ქართულმა უძრავი ქონების კომპანია „რედიქს ჯგუფმა“ განახორციელა. ამ და სხვა დეტალებზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა პაპაშვილმა Forbes Georgia-სთან ისაუბრა.
პაპაშვილის თქმით, „ჰილტონ გარდენ ინნი“ ჯერ კიდევ გასული წლიდან უნდა ამუშავებულიყო, თუმცა ამას ხელი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ამოქმედებულმა შეზღუდვებმა და ლოკდაუნმა შეუშალა. შედეგად, დედაქალაქში „ჰილტონის“ ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა დაახლოებით წელიწად-ნახევრით გადაიდო. რაც შეეხება Forbes Georgia-ს მიერ დასმულ შეკითხვას, თუ როდიდან ელოდებიან „ჰილტონ გარდენ ინნის“ სრული დატვირთვით ამუშავებას, ლაშა პაპაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:
„მე ვფიქრობ, მომავალი წლის გაზაფხულიდან, მანამდე დაბალი აქტივობა იქნება ალბათ. თუმცა, ივლისი და აგვისტო ქართულმა სასტუმროებმა კარგი მაჩვენებლებით დაასრულეს – 50-55%-იანი დატვირთულობა იყო საშუალოდ. ამ შემთხვევაში თბილისის სასტუმროებს ვგულისხმობ, თორემ რეგიონებში უფრო მეტიც იყო. იქ ძირითადად ქართველი ტურისტი დადის, თბილისი მაინც უცხოელებისაა“.
„ჰილტონ გარდენ ინნი“ ვაკეში, ჭავჭავაძის 64 ნომერში მდებარეობს. სასტუმროს დიზაინზე იტალიელმა არქიტექტორებმა იმუშავეს. 14-სართულიანი შენობის ფასადი მუქი ფერის ტერაკოტით და მინითაა მოპირკეთებული, შენობის ინტერიერში კი ღია ფერის მეტალი, დამუშავებული მარმარილო და ხე ჭარბობს. „ჰილტონ გარდენ ინნში“ სტუმრებისთვის 165 ნომერია განკუთვნილი. განთავსებული. სასტუმროში, ასევე, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები, ქართულ-ევროპული რესტორნები, აუზი და საუნაა განთავსებული.