The Drinks Business-მა „ასკანელი ძმების“ დამფუძნებელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა

The Drinks Business-მა „ასკანელი ძმების“ დამფუძნებელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა

სასმელების ბიზნესზე ორიენტირებულმა წამყვანმა ევროპულმა გამოცემა The Drinks Business-მა „ასკანელი ძმების“ დამფუძნებელ გოჩა ჩხაიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. გამოცემამ ბრიტანელ მკითხველს ქართული ღვინის ბრენდის წარმოშობის ისტორია და წარმოებასთან დაკავშირებული დეტალები გააცნო, ქართველმა მეწარმემ კი „ასკანელი ძმების“ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„რადგან ჩვენი პროდუქცია იმ ქვეყნიდანაა სადაც ღვინო დაიბადა, ანბანი კი ასო A-დან იწყება“, ასე უპასუხა „ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა The Drinks Business-ის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ უნდა დააგემოვნოს ბრიტანელმა მომხმარებელმა მათი ბრენდის ღვინოები. „ასკანელი ძმების“ კომპანია ვენახებს კახეთსა და გურიაში ფლობს, ჯამში 456 ჰექტარ ვენახს, ღვინის სამ ქარხანასა და სპირტსახდელ ქარხანას. გარდა ამისა, კომპანია კახეთში 46-ოთახიანი მდიდრული ობიექტის მშენებლობასაც ასრულებს, რომელიც უკვე შეძლებს წლევანდელი მოსავლისთვის რეგიონში ჩასული სტუმრების მომსახურებას.

გარდა ამისა, კომპანია განაგრძობს რესტორნების გახსნას საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მათ შორის იყო სანქტ-პეტერბურგიც, თუმცა არსებული მოვლენებიდან გამომდინარე, რუსეთში დამატებითი რესტორნების გახსნა აღარ იგეგმება. „ასკანელი ძმების“ ორი რესტორანი მდებარეობს დუბაისა და ყაზახეთში, სამომავლოდ კი, რესტორნების ქსელის განვითარებასთან ერთად, მომავალ ხუთ წელიწადში კომპანია ფრენჩაიზის პროგრამის ზრდასაც აანონსებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის დამფუძნებელმა გამოცემასთან ქვევრში ღვინის დამზადების ტრადიციაზეც ისაუბრა და ქვევრებს „იდენტობისა და ტრადიციის სიმბოლო უწოდა“. „ქვევრი უნიკალური საშუალებაა ქართული ვაზის ჯიშების, მათ შორის წითელწვნიანი საფერავის მისაღებად. ქვევრი სუნთქავს და სხვა ჭურჭელთან შედარებით აჩქარებს მომწიფების პერიოდს“, – აღნიშნავს ჩხაიძე The Drinks Business-თან საუბრისას. ხოლო საქართველოს ლანდშაფტთან მუშაობას, რომელსაც თავად გამოცემა „ღვინის აკვნად“ მოიხსენიებს, ჩხაიძე ბედნიერების უმაღლეს მდგომარეობას უწოდებს.

„ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას, Liber Pater-ის დამფუძნებელ ლუიკ პასკეზეც ისაუბრა, რომელთან ერთადაც, მიმდინარე ზაფხულს უსახელოურის ჯიშისგან დამზადებული ღვინის 500 ბოთლის წარმოება იგეგმება. ახალი ღვინის სახელწოდება „ლიზა ბებო“ კი კომპანიის დამფუძნებლების ბებიის პატივსაცემადაა შერჩეული.

ცნობისთვის, „ასკანელი ძმები“ მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში 700 ჯილდოს მოპოვება შეძლო. მათ შორისაა, Mundus Vini-ზე მოპოვებული ოქრო რქაწითლისთვის და ორი ოქრო „საფერავი პრემიუმისთვის“.