“ჯანდაცვის კუთხით პანდემიაზე საქართველოს მთავრობის პასუხი იყო მსოფლიო კლასი” – ამის შესახებ Dentons-ის მთავარმა მრჩეველმა და „სილქნეტის“ საბჭოს წევრმა თედ ჯონასმა Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას განაცხადა.
„რაც საქართველომ გააკეთა სწორად, ეს არის ის, რომ მთავრობამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ასპარეზზე გამოსვლის საშუალება მისცა ჯანდაცვის ექსპერტებს – გაეანალიზებინათ სიტუაცია მეცნიერულად და სამედიცინო კუთხით და ემოქმედათ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად. ამ ექსპერტებმა უთხრეს მთავრობას, რა იყო საჭირო და შემდეგ ეს მთავრობამ ზედმიწევნით განახორციელა. ასე რომ, პირველი საკითხი იყო – პოლიტიკა ჯანდაცვის ექსპერტებმა შეიმუშავეს და მთავრობა ამ პოლიტიკას მიჰყვა. მეორე საკითხია – საზოგადოების დამოკიდებულება მთავრობის მიმართ. ვინაიდან მთავრობა უსმენდა ჯანდაცვის სპეციალისტებს, და მოქალაქეებმა იცოდნენ რომ მთავრობა უსმენდა ჯანდაცვის სპეციალისტებს, მოსახლეობამ გამოიჩინა სრული ნდობა პროცესის მიმართ და შესაბამისად დაემორჩილა მთავრობის მიერ დაწესებულ წესებს, ვინაიდან თავის მხრივ მთავრობამ აჩვენა, რომ პროცესში გადაწყვეტილებებისას სანდო, მეცნიერთა და პროფესიონალთა ინფორმაციებს ეყრდნობოდა“ – აღნიშნა თედ ჯონასმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის ნდობასა და ქართველი ხალხის ხასიათზე.
“1994 წლიდან ვარ საქართველოში. 1994-2000 წლებში ვცხოვრობდი აქ და ნანახი მაქვს ქვეყნის განვითარების თითქმის ყველა პერიოდი, დაწყებული მხედრიონიდან შევარდნაძის მმართველობის პერიოდზე გადასვლით. შემდეგ, 2005 წელს დავბრუნდი, შემდეგ იყო ომი და თანმდევი რთული პერიოდი. მე ვნახე ყველა ეტაპზე, თუ როგორ გადაიტანეს ქართველებმა ბევრი კრიზისი და დავრწმუნდი ქართველების მოქნილობასა და გონიერებაში. ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა მაღალი კულტურაც მთავრობის მოსმენის და ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულების მიმართულებით. და, გულწრფელად ვისურვებდი იგივე მეთქვა აშშ-ზე. სამწუხაროდ ეს საკითხი იქ ძალიან პოლიტიზებულია და მოსახლეობა უარყოფს მეცნიერულ ინფორმაციებს და რჩევებს. ვფიქრობ, ამ კუთხით ქართველებმა გაცილებით უკეთესი დამოკიდებულება და შესაბამისად, შედეგებიც აჩვენეს“, – განაცხადა თედ ჯონასმა.