თიბისი - ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით

თიბისი -  ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით

აზიის განვითარების ბანკმა – ADB, ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულ ბანკებს შორის, თიბისი ყველაზე სწრაფად მზარდ ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ, 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ADB-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი ტრანზაქციის განხორციელებისთვის მიიღო.

ასევე, თიბისიმ, კორპორაციული კლიენტისთვის სომხეთში ღვინის დანადგარების მიწოდების მიზნით წარმატებით განხორციელებული ტრანზაქციისთვის, მსოფლიოში წლის საუკეთესო SME ტრანზაქციის ჯილდოც მოიპოვა. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში ზედიზედ უკვე მეორედ გაიმარჯვა.

„ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკის ჯილდო სრულიად ახალი და ძალიან საპასუხისმგებლო სტატუსია თიბისისთვის. საერთაშორისო აღიარება ადასტურებს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ – კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ, მათ ბიზნესპროცესებს ვამარტივებთ და ნებისმიერ რეალობაში, სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. რაც შეეხება მსოფლიოში საუკეთესო ტრანზაქციის ჯილდოს, ამ აღიარებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში ზედიზედ უკვე მეორედ გამარჯვება. გასულ წლებში, აღნიშნულ კატეგორიაში საუკეთესო ტრანზაქციის ჯილდოს მფლობელები ისეთი საერთაშორისო ბანკები ხდებოდნენ, როგორებიცაა: Standard Chartered Bank, Citibank და სხვები“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის დაჯილდოების ფარგლებში, თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან მესამე ჯილდოც მოიპოვა და ტრანზაქციების რაოდენობის დამსახურებით, საქართველოში ADB-ის წამყვან პარტნიორ ბანკად ზედიზედ უკვე მერვედ დასახელდა.

ADB-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის ხელშეწყობის პროგრამა (TSCFP), საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და რეგიონის მდგრადი განვითარების მიზნით, პარტნიორ ბანკებზე გარანტიებსა და სესხებს გასცემს. 2009 წლიდან დღემდე, პროგრამამ ჯამურად 57 მილიარდი დოლარის ღირებულების 45,510 ტრანზაქცია განახორციელა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *