ახალი კონცეფცია, ახალი გარემო, ახალი უპირატესობა – თიბისი მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნას განაგრძობს. ის, რომ ბანკში მისულ ადამიანს თიბისი არა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერასა და ფულთან დაკავშირებულ მომსახურებებს სთავაზობს, არამედ მის განწყობაზეც ზრუნავს, სიახლე არაა. სიახლეა ახალი კონცეფციის ფილიალები, რომლებიც თიბისიმ თბილისში უკვე ექვს ადგილას გახსნა. ახალ ფილიალებში ადამიანებს უფრო თანამედროვე, მყუდრო და ამავე დროს საქმიანი გარემო დახვდებათ. გარდა ამისა, აქ მომხმარებელს ბანკის ყველა პროდუქტისა და სერვისის ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობა აქვს.
თიბისი 2021 წლის განმავლობაში არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც ახალი ფილიალების რაოდენობის 15-ით გაზრდას გეგმავს.
„2022-2023 წლისთვის ყველა ფილიალი უნდა იყოს განახლებული ახალი კონცეფციით“, – ამბობს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, თორნიკე გოგიჩაიშვილი.
სიმწვანე, სიმშვიდე და სივრცე არის ის, რაც, ფსიქოლოგების თქმით, ადამიანებს განწყობას უქმნის. ეს და კიდევ ბევრი დეტალია გათვალისწინებული თიბისის ახალ ფილიალებში, რომელთა შექმნისთვისაც ბუნებრივი მასალების – ხე, ბეტონი, აგური, მცენარეები და ღია ფერების სინთეზია გამოყენებული. ეს ყველაფერი ინტერიერს მეგობრულსა და კომფორტულს ხდის.
„ჩვენს ახალ ფილიალებში ვერ იგრძნობთ, რომ მაინცდამაინც ფინანსურ ორგანიზაციაში ხართ. შეგიძლიათ დასხდეთ, ლეპტოპი ამოიღოთ და იმუშაოთ. არის ყავის აპარატებიც, შეგიძლიათ, თან ყავაც მიირთვათ. პარალელურად კი თუ რაიმე კონსულტაცია გჭირდებათ, ჩვენი კონსულტანტებიც იქვე არიან“, – ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი, რომელიც გუნდთან და საერთაშორისო სააგენტო GEOMETRY-სთან ერთად ფილიალების ახალი კონცეფციის შექმნაზე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ცნობისთვის, GEOMETRY მულტინაციონალურ სარეკლამო ჰოლდინგურ კომპანია WWP-ში შემავალი კრეატიული კომერციის სააგენტოა, რომელსაც მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არაერთ ქვეყანაში აქვს. თიბისის გარდა, მისი კლიენტები ყოფილან ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორიცააა Coca cola, US Bank-ი, Nike-ი, Philips-ი და სხვა.
სააგენტოს მიერ შექმნილი თიბისის ფილიალების ახალი დიზაინის ამოქმედება პანდემიის პერიოდს დაემთხვა, თუმცა გუნდმა ეს გამოწვევად მიიღო, გეგმები არ შეცვალა და ახალი კონცეფციის დანერგვას არ შეუშინდა. საბოლოო ჯამში, უცხოელმა და ადგილობრივმა დიზაინერებმა და სპეციალისტებმა მოახერხეს, რომ თიბისის ახალი ფილიალები გადაექციათ არა მხოლოდ ფილიალებად, არამედ ერთგვარ საზოგადოებრივ ჰაბად. „ჩვენ მომხმარებელსა და ბანკის თანამშრომელს შორის ინტერაქციისთვის უფრო მეტად დემოკრატიული და თანამშრომლობისთვის გახსნილი გარემოს შექმნა გვინდოდა“, – აღნიშნავს GEOMETRY-ის კრეატიული დირექტორი რიჩარდ ჰარტლი.
გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი ნებისმიერ სიახლეს და გადაწყვეტილებას ბევრი კვლევისა და ანალიზის საფუძველზე იღებს, გამონაკლისი არც ეს შემთხვევა ყოფილა. დიზაინის შექმნისას ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, მომხმარებელი იყო.
„მომხმარებლები მათი ბანკებისგან ელოდებიან უფრო მეტს, ვიდრე საბანკო მომსახურებაა. ახალი ფილიალები კი ისეა მოწყობილი, რომ იგრძნობოდეს უფრო მეტი არაფორმალური გარემო, ღიაობა და ემპათია. ამ ყველაფრით კი მომხმარებელი გრძნობს უფრო მეტ თავდაჯერებულობას და იმას, რომ სწორედ ის არის ყურადღების ცენტრში და მას ყველანაირ დახმარებას გაუწევენ“, – ამბობს ბრიტანული საკონსულტაციო დიზაინერული კომპანია Type- ის სტრატეგიული დირექტორი მარტინ სევერსი, რომელმაც თიბისის ახალი ფილიალების კონცეფციის შექმნაში GEOMETRY-ისთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მისივე თქმით, თიბისის ახალ ფილიალებში ნათლად იგრძნობა, რომ ბანკი თავის მომხმარებლებს ცხოვრებას უმარტივებს.
„მომხმარებლების მოლოდინი და საჭიროებები ყოველთვის იცვლება. თიბისის ახალი ფილიალების მოქნილი დიზაინი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ბრენდს თავდაჯერებულად შეუძლია, ცვლილებებს შესაბამისად უპასუხოს“, – განაცხადა Type-ის დამფუძნებელმა და პროექტის ხელმძღვანელმა კრის ემბიჯმა.
თიბისიმ ფილიალების კონცეფცია ბოლოს დაახლოებით 5-7 წლის წინ განაახლა. თორნიკე გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ განახლება სწორედ მომხმარებლების მოთხოვნების ცვლილებიდან და სერვისის გაუმჯობესებიდან გამომდინარე ხდება და ეს ერთგვარი ევოლუციური პროცესია.
ადრე თიბისის ფილიალებში არაერთი ფუნქციის მქონე თანამშრომელი გვხვდებოდა. ზოგი მხოლოდ ფულთან მუშაობდა, ზოგი კონსულტანტი იყო, ზოგიც კიდევ საკრედიტო იფიცერი. შემდეგ მათი ფუნქციები ორ ძირითად რგოლზე – მოლარე-კონსულტანტებსა და მრჩევლებზე გადანაწილდა. „ახალი კონცეფიის მიხედვით კი შემოგვაქვს მომსახურების უნივერსალური მოდელი, ანუ რა მომსახურებისთვისაც და რომელ თანამშრომელთანაც არ უნდა მივიდეს მომხმარებელი, ის ნებისმიერი თანამშრომლისგან ნებისმიერი მომსახურების მიღებას შეძლებს“, – აღნიშნავს თიბისის გენდირექტორის მოადგილე.
გარდა იმისა, რომ ახალი კონცეფციის ფილიალები მორგებულია მომხმარებლების მოთხოვნებს და მათი მაქსიმალური კომფორტისა და ცხოვრების გამარტივებისკენაა მიმართული, ახალ ფილიალებს საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვთ. კერძოდ, განახლებულ სივრცეებში ზრუნავენ იმაზეც, რომ მომხმარებლებს ასწავლონ ანგარიშების დამოუკიდებლად მართვა. როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ გადახდებს, მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ ეს მარტივად, თავადვე შეიძლება გააკეთონ ციფრული ბანკის მეშვეობით.
მიუხედავად იმისა, რომ თიბისის აქტიური მომხმარებლების 55%-ზე მეტი უკვე გაციფრულებულია, ბანკში უფრო მეტი ადამიანის ციფრულ სივრცეში გადაყვანის ამბიცია აქვთ. მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებიც ამის საჭიროებას გვიჩვენებს. ამას ადასტურებს თიბისის ახალი კონცეფციის ფილიალების პროექტის ერთ-ერთი ავტორი რიჩარდ ჰარტლიც, რომელსაც ბრიტანულ საბანკო სფეროსთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს: „ყველაზე ნათელი ტენდენციაა სერვისების სწრაფი და უწყვეტი გაციფრულების პროცესი. ეს ასეც გაგრძელდება და კიდევ უფრო დაჩქარდება, ამიტომაც ფიზიკური საბანკო სივრცის ფუნქციები შეიცვალა და ახლა აქცენტი ტრანზაქციების განხორციელებიდან ემოციური კავშირების მნიშვნელობაზე გადადის“.
ამერიკული საკონსულტაციო კომპანია Mc- Kinsey & Company-ის კვლევის მიხედვითაც ბანკების მომხმარებლებისთვის თითქმის ყველა ქვეყანაში ადამიანური კავშირები კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. ეს ტენდენცია თიბისის ახალი კონცეფციის ფილიალებშიც გათვალისწინებულია. „აქ სალაროს სივრცეები ციფრული მომსახურების ჰაბად, მოსაცდელი სივრცეები კი ღონისძიებების გამართვის ადგილად გადაიქცევა“, – აღნიშნავს მარტინ სევერსი. მართალია, სტატისტიკურად პანდემიის დროს მომხმარებელთა რაოდენობა ფილიალებში შემცირებულია, თუმცა, თიბისის დაკვირვებით, ვინც ფილიალში მიდის, მათთვის გაზრდილია ძირითად პროდუქტებზე კონსულტაციის დრო. სწორედ ამიტომაც მიიჩნევენ ერთ-ერთ უმსხვილეს ქართულ ბანკში მთავარ ამოსავალ წერტილად ფილიალში მისული მომხმარებლებისთვის უფრო მეტად ხარისხიანი, ნაყოფიერი და კომფორტული გარემოს შექმნას.