თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების დეპარტამენტს მაკუნა თავბერიძე უხელმძღვანელებს

თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების დეპარტამენტს მაკუნა თავბერიძე  უხელმძღვანელებს

თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების დეპარტამენტს, რომელიც სამ მიმართულებას – მარკეტინგს, დიზაინ ფიქრსა და მომხმარებელთა გამოცდილებას აერთიანებს, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ამ პოზიციას მაკუნა თავბერიძე დაიკავებს. მაკუნა თიბისის 2020 წლის მაისში შეუერთდა და ამ დრომდე კონცეპტის მარკეტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. თიბისის მომავალი წლის უმთავრეს პრიორიტეტებს შორის, მაკუნა თავბერიძე მომხმარებლებზე ორიენტირებულ კომუნიკაციას, ისტორიული მემკვიდრეობისა და ახალი თაობის განათლების ხელშეწყობას ასახელებს.

„თიბისი, როგორც ბრენდი, მუდმივი ძიების პროცესშია: მას ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად ინოვაციური, მარტივი და სწრაფი სერვისებისა და პროდუქტების შექმნა და აღმოჩენა სურს. შესაბამისად, თიბისის მარკეტინგის გუნდის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთან ურთიერთობის ისეთი ფორმატების შექმნაა, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება მომხმარებლის საჭიროებები და ინტერესები – ამგვარად, მარკეტინგულ აქტივობებში მთავარ როლს სწორედ მომხმარებლების უკუკავშირი შეასრულებს.

შემოქმედებითი პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება – ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის ახალი თაობისთვის გადაცემაა. ამ კუთხითაც უამრავი სიახლე და შემეცნებითი პროექტი გველოდება, რასაც კულტურის სფეროს მიმართულებით ახალი ინიციატივები და სპორტის სხვადასხვა სახეობის ინტეგრაციაც დაემატება.

კიდევ ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი პროექტი – ახალი თაობის განათლების მხარდაჭერა და ხელშეწყობაა, რაც თიბისის 2023-ის გეგმებში გამორჩეული სიახლე იქნება“, – აღნიშნავს მაკუნა თავბერიძე Forbes Georgia-სთან საუბრისას.

კომპანიის მენეჯმენტის ცვლილებისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია სხვადასხვა მიმართულებების ვექტორების ცვლილება. ცხადია, ამ თემაზე მაკუნა თავბერიძესაც ვესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ თიბისის მომავლის ხედვა აღმოჩენების და სიახლეების უწყვეტი ძიებისა და გაზიარების პროცესთანაა დაკავშირებული.

„თიბისის მარკეტინგული ხედვა, ბრენდის ღირებულებებიდან გამომდინარეობს. ჩვენი მიზანია ადამიანებს ცხოვრების გზაზე აღმოჩენების გაკეთებაში დავეხმაროთ, სიახლეების ძიების პროცესში ვიყოთ მათი გზამკვლევი და ვუბიძგოთ მათ თვითგანვითარებისკენ. მომავლის ხედვაც აღმოჩენების და სიახლეების უწყვეტი ძიებისა და გაზიარების პროცესს უკავშირდება, ამ გზაზე კი, დარწმუნებული ვარ, მომხმარებლებიც პროცესის თანაავტორები გახდებიან“, – ამბობს მაკუნა თავბერიძე Forbes Georgia-სთან საუბრისას.

თიბისის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მაკუნა თავბერიძემ ნინო ეგაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ გასული წლის ნოემბერში განაცხადა. თიბისი კონცეპტში მისვლამდე კი, მაკუნა თავბერიძე, წლების განმავლობაში, Philip Morris International-ის ქართულ, სომხურ და უკრაინულ ოფისებში მუშაობდა, სადაც ბოლოს, მომხმარებლის გამოცდილების მენეჯერის პოზიციას იკავებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *