თურქეთი: აღმოსავლეთ შავ ზღვაში ბუნებრივი აირისა და ნავთობის მარაგებია

თურქეთი: აღმოსავლეთ შავ ზღვაში ბუნებრივი აირისა და ნავთობის მარაგებია

რეგიონის შიდა პოტენციალის შესაფასებლად, თურქეთი შავ ზღვაში ნახშირწყალბადების აღმოსაჩენად კვლევით სამუშაოებს ააქტიურებს. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, ფატიჰ დონმეზის განცხადებით, აღმოსავლეთ შავ ზღვაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის დამატებითი მარაგის არსებობის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

თურქეთი ორდუსა და რიზეს მიდამოებში ბურღვით სამუშაოებს 2023 წლამდე გააგრძელებს. სამუშაოების  დასაჩქარებლად უკვე განთავსდა საბურღი და სეისმური ხომალდებიც. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა ერდოღანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში მაღალი ხარისხის ნავთობის აღმოჩენის შესახებაც განაცხადა. წინასწარი შეფასებით, გაბარის რეგიონის რეზერვი თურქეთის დღიურ გამომუშავებას დაახლოებით 100,000 ბარელით, 180,000 ბარელამდე გაზრდის.

თურქეთის მიზანი შიდა წარმოების ზრდა და გარე რესურსებზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებაა, რაც ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების კლებას შეუწყობს ხელს. ოფშორული ინფრასტრუქტურის, მათ შორის საბურღი პლატფორმებისა და მილსადენების განვითარებით, თურქეთი შავი ზღვიდან რესურსების მოპოვებასა და ტრანსპორტირებას აქტიურად აძლიერებს.

მიმდინარე წლის აპრილში თურქეთმა შავი ზღვის რეზერვებიდან, რომლებიც ეტაპობრივად 2020 წლის აგვისტოდან აღმოაჩინა, ეროვნულ ქსელში ბუნებრივი აირის გადატუმბვა დაიწყო. თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი დაახლოებით 710 მილიარდ კუბურ მეტრს უდრის, მისი საბაზრო ღირებულება კი $1 ტრილიონადაა შეფასებული.