თურქეთი სოციალური დახმარების პროგრამას 1 თვით ახანგრძლივებს

თურქეთი სოციალური დახმარების პროგრამას 1 თვით ახანგრძლივებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივებს ხელფასებით მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შემუშავდა – ამის შესახებ თურქული გამოცემა Hürrriyet-ი წერს.

პრეზიდენტმა განცხადება ორშაბათის მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ კიდევ ერთი თვით გაგრძელდება ასევე ნაღდი ფულით დახმარება ოჯახებისთვის, რომელთაც ამის საჭიროება აქვთ. ამისთვის კი ჯამში 18 მილიარდი ლირა დაიხარჯება, რაც $2.6 მილიარდია.

რაც შეეხება ხელფასების პროგრამას, იმ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური პანდემიის გამო დროებით დაკარგეს, ან შეუმცირდათ სამუშაო საათები და შესაბამისად ანაზღაურებაც, მთავრობა ივლისში მათ ხელფასებს ნაწილობრივად აანაზღაურებს. აღნიშნული პროგრამა მარტში ამოქმედდა, მას შემდეგ რაც თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა.

შეგახსენებთ, თურქეთის ეკონომიკა პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა. ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა და მაისის თვეში დოლართან მიმართებით 7.49 შეადგინა. თურქეთში პრობლემად რჩება მიმდინარე მაღალი ინფლაცია და ექსპერტების პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წელს დაახლოებით 3.5%-ით შემცირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *