2030 წლისთვის „ფოლკსვაგენის“ გაყიდვების 50%-ს ელექტრონული მანქანები შეადგენს

2030 წლისთვის „ფოლკსვაგენის“ გაყიდვების 50%-ს ელექტრონული მანქანები შეადგენს

გერმანული საავტომობილო ბრენდ „ფოლკსვაგენის“ გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის  გაყიდვების 50%-ს ელექტრონული ავტომობილები შეადგენს. ხოლო 2040 წლის ბოლომდე იგივე მაჩვენებელი 100%-ს მიუახლოვდება. ეს გეგმები „ფოლკსვაგენის“ მთავარი მიზნის, 2050 წლისთვის „კარბონნეიტრალურობის“ მიღწევის, ნაწილია.

კომპანიამ 2021-2025 წლების განმავლობაში უახლესი ტექნოლოგიების განსავითარებლად 73 მილიარდი ევრო გამოყო, რაც კომპანიის მთლიანი ინვესტიციების 50%-ს შეადგენს. „ფოლკსვაგენის“ განცხადებით, შიდა წვის ძრავის ელექტრონული ბატარეით ჩასანაცვლებლად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები.

2030 წლისთვის „ფოლკსვაგენი“ ევროპაში ექვსი ბატარეის მწარმოებელი ქარხნის გახსნის ხელშეწყობას გეგმავს. პირველი ქარხანა 2023 წელს გაიხსნება შვედეთში და მას Northvolt-ი მართავს, ხოლო მეორე ქარხანა ჩინურ Gotion High-Tech-ის კომპანიასთან თანამშრომლობით 2025 წელს გერმანიაში გაიხსნება.

ამას გარდა, კომპანიის სამომავლო გეგმა მოიცავს ახალი პლატფორმების შექმნასაც. „ფოლკსვაგენის“ სოფთვეარ კომპანია CARIAD-ი მუშაობს პლატფორმაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის დისტანციურად ერთიანი სისტემის მეშვეობით ავტომობილების გარკვეული ფუნქციების კონტროლს.

აღსანიშნავია, რომ 2019-ში კომპანიის მიერ გამოშვებული სრულად ელექტრონული Volkswagen ID.3 წინასწარი გაყიდვების პერიოდშივე სრულად გაიყიდა. კონკურენციის მატებასთან ერთად, სხვა ევროპული კომპანიებიც, როგორიცაა შვედური „ვოლვო“ და ფრანგული „რენო“, გამოთქვამენ მზადყოფნას, გაზარდონ ელექტრონული ავტომობილების გამოშვება.