თურქეთის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები - რეიტინგში პირველი Turkish Airlines-ია

თურქეთის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები - რეიტინგში პირველი Turkish Airlines-ია

ავიაკომპანია Turkish Airlines-ი თურქეთში წელსაც ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდად დასახელდა. ამის შესახებ თურქული მედია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შემფასებელი საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

თურქული უმსხვილესი ავიაკომპანია ზედიზედ უკვე მეხუთე წელია, ქვეყანაში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს. მისი ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება $1.6 მილიარდია, რაც გასულ წელთან შედარებით 18.7%-ით ნაკლებია. საბაზრო კაპიტალიზაციის კლება კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ წინა წლების წარმატების ისტორიას პანდემიის დროსაც ვაგრძელებთ და თურქეთის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი კიდევ ერთხელ გავხდით“, – განაცხადა Turkish Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილკერ აიჯიმ.

Turkish Airlines-ი 1933 წელს დაარსდა. მის ფლოტში 367 სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავი შედის. ავიაკომპანია მსოფლიო მასშტაბით 323 მიმართულებით დაფრინავს. მათ შორის 273 – საერთაშორისო, ხოლო 50 შიდა მიმართულებებია.

100 ყველაზე ძვირად ღირებულ თურქულ ბრენდებს შორის რეიტინგში მეორე ადგილზე საოჯახო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Arcelik-ია, რომლის ღირებულებაც $1.59 მილიარდია. აღიშნული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია გასულ წელთან შედარებით, 2021-ში 24.6%-ითაა გაზრდილი. მესამე ადგილზე კი ფინანსური ინსტიტუტი Isbank-ია $1.19 მილიარდის ღირებულებით. აღნიშნული ბრენდის ღირებულებაც გასულ წელთან შედარებით გაიზარდა და ზრდამ 25.3% შეადგინა.

თურქეთში ყველაზე ძვირად ღირებული 15 ბრენდის სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. Turkish Airlines – საბაზრო ღირებულება $1.6 მილიარდი
  2. Arcelik – საბაზრო ღირებულება $1.58 მილიარდი
  3. Isbank – საბაზრო ღირებულება $1.19 მილიარდი
  4. Garanti BBVA – საბაზრო ღირებულება $1.19 მილიარდი
  5. Turkcell – საბაზრო ღირებულება $1.06 მილიარდი
  6. Ziraat Bank – საბაზრო ღირებულება $0.95 მილიარდი
  7. Akbank – საბაზრო ღირებულება $0.91 მილიარდი
  8. Yapi Kredi – საბაზრო ღირებულება $0.83 მილიარდი
  9. Turk Telekom – საბაზრო ღირებულება $0.78 მილიარდი
  10. Ford Otosan – საბაზრო ღირებულება $0.78 მილიარდი
  11. Vestel – საბაზრო ღირებულება $0.70 მილიარდი
  12. BIM – საბაზრო ღირებულება $0.61 მილიარდი
  13. BSH საბაზრო ღირებულება $0.54 მილიარდი
  14. Vakifbank – საბაზრო ღირებულება $0.50 მილიარდი
  15. Ulker – საბაზრო ღირებულება $0.45 მილიარდი

ცნობისთვის, Brand Finance-ი ყოველწლიურად 5000 ბრენდს აფასებს.