ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი გაიხსნა - რა დახვდებათ მგზავრებს?

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი გაიხსნა - რა დახვდებათ მგზავრებს?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ძველი და ახალი ტერმინალები გაერთიანდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, აეროპორტი ახლა ექვსჯერ უფრო დიდია, ვიდრე ადრე იყო. კერძოდ, ქუთაისის აეროპორტის ძველი ტერმინალის ფართობი 4800 კვადრატული მეტრი იყო, გაფართოების შედეგად კი ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. ამასთან, აქამდე თუ ძველი ტერმინალი წლიურად 600 ათასი მგზავრის გატარებას ახერხებდა, განახლებული ტერმინალის შემთხვევაში მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში ორ-ნახევარ მილიონამდე გაიზარდა.

გარდა ამისა, ქუთაისის განახლებული აეროპორტის ტერმინალში სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა 10-დან 18-მდე გაიზარდა, აქედან ორი ე.წ. baggage drop off-ია, სადაც მგზავრები, რეგისტრაციის ონლაინრეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. გაზრდილია სასაზღვრო გამშვები ჯიხურების რაოდენობა გაფრენის ზონაში 6-დან 11-მდე, ხოლო მოფრენის მხარეს– 8-დან 14-მდე.

რაც შეეხება კომერციულ ფართებს, ძველ ტერმინალში თუ 200 კვ/მ კომერციული ფართი იყო, განახლებულ ტერმინალში მათი კვადრატულობა 2000-მდე გაიზარდა. განახლებულ ტერმინალში მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა და გამწვანებული ტერასა. აეროპორტის შვიდი გასასვლელი (ე.წ. Gate) საათში 1200 მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.

„განახლებულ აეროპორტში მგზავრებს დახვდებათ გაუმჯობესებული სერვისები. მათ მოემსახურებათ მეტი თანამშრომელი, მეტი კვების ობიექტი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა. მგზავრებს ასევე  ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ self check-in-ი, baggage drop-ი, ასევე  მათ ქუთაისის განახლებულ აეროპორტში საერთაშორისო ბრენდის კვების ობიექტები მოემსახურებათ. აუცილებელია აღვნიშნო, რომ იმერეთის რეგიონისთვის შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები და აეროპორტი ერთდროულად, თავის კონტრაქტორებთან ერთად, მომავალში 1200-მდე ადამიანს დაასაქმებს”, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის, ხოლო ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მარიამ ყარყარაშვილმა იმუშავა, რომელმაც არსებული კონცეფცია აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის გაფართოების მასშტაბური პროექტი 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. ტერმინალის გაფართოება/აღჭურვის საინვესტიციო ღირებულებამ 110 მლნ ლარი შეადგინა. ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ანაგმა” შეასრულა. პარალელურად, “ანაგმა” აწარმოა აეროპორტის არსებული შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. სხვადასხვა დროს აეროპორტის გაფართოების პროექტზე დასაქმებული იყო 500-ზე მეტი ადამიანი და100-ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია.

ცნობისთვის, ქუთაისის აეროპორტიდან ამჟამად პირდაპირი საჰაერო გზით გამგზავრება ევროპის ექვსი ქვეყნის ცხრა ქალაქში, ხოლო ცენტრალური აზიის სამ ქალაქშია შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *