თურქეთში ტურიზმის შემოსავალმა წელს, შესაძლოა, პანდემიის მიუხედავად, $15 მლრდ-ს მიაღწიოს

თურქეთში ტურიზმის შემოსავალმა წელს, შესაძლოა, პანდემიის მიუხედავად, $15 მლრდ-ს მიაღწიოს

თურქეთის ტურიზმის შემოსავლებმა 2020 წლის ბოლოს შესაძლოა $15 მილიარდს მიაღწიოს პანდემიის მიუხედავად. ამის შესახებ თურქული მედია წერს. როგორც მედიას ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელმა განუცხადა, სექტორი ნელ-ნელა აღდგენის პროცესშია და იზრდება საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი.

თუმცა, ტურიზმის განვითარების სააგენტოს საბჭოს წევრის ბიროლ აკმანის განცხადებით, ქვეყანა ვეღარ მიაღწევს პრეპანდემიურ მიზანს და წელს 60 მილიონი ტურისტის მიღწევას ვერ შეძლებს. მაგრამ მისივე თქმით, სოციალური დისტანცირების და უსაფრთხოების წესების დაცვა, ტურიზმის სექტორს კრიზისიდან მალე გამოსვლის შესაძლებლობას მიცემს.

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთის ყველაზე პოპულარულმა ტურისტულმა მიმართულება ანტალიამ იანვრიდან 19 აგვისტოს ჩათვლით 1 მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო 31 ქვეყნიდან. მათ შორის 300 000 უკრაინელი იყო, 281 000 –რუსი, 221 000 – გერმანელი, ხოლო 85 000 – ბრიტანელი.

შედარებისთვის, 2019 წელს თურქეთის ტურიზმის სექტორის შემოსავალი იყო $34.52 მილიარდი. გასულ წელს ქვეყანას 52 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 2018 წელთან შედარებით 13.7%-ით მეტი იყო.

ცნობისთვის, თურქეთის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ის ტურისტები, რომლებსაც კორონავირუსი არდადეგების დროს დაუდასტურდებათ, შესაძლებლობა ექნებათ იმ სასტუმროში განთავსდნენ იზოლაციაში, სადაც ისინი ისვენებენ. სასტუმროებს კი, რომლებსაც უსაფრთხო ტურიზმის სერთიფიკატი აქვთ, მოეთხოვებათ პაციენტებისთვის უზრუნველყონ უსაფრთხო და იზოლირებული ნომრები სასტუმროში.