ტფილისში ქალთა დასაქმებაზედ

ტფილისში ქალთა დასაქმებაზედ

„კეთილშობილს ქალს სურს ალაგი იშოვნოს სასტუმროსა და ან „გასტინიცაში“ დახლიდრისა, რადგან ამ საქმეში ნამყოფია და გამოცდილი“; „გიმნაზიაში სწავლა დამთავრებული ქართველი ქალი იაფად ამზადებს ორისავე სქესის ბავშვებს ყოველგვარ საშუალო სასწავლებლების დაბალ კლასებში შესასვლელად“.

XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ტფილისელი თუ ქალაქში დასაქმების იმედად ჩამოსული ქალები ხშირად ამ ტიპის, „კერძოობითი“ საგაზეთო განცხადებებით ცდილობდნენ სამსახურის შოვნას. ეს ის დროა, როცა ამბობდნენ, „ქალებმა გაკვალეს და გატკეპნეს მტკიცე ბილიკი იმ ადგილებში შესავალათ, რომელთა კარები აქნობამდის მათთვის დახშული იყო“.

ქალთა დასაქმების საკითხი, მათ შორის ძველ თბილისში, რთული და კომპლექსური თემა იყო, მით უმეტეს იმ აბსურდული „საბუთების სიმყარის“ გათვალისწინებით, სხვადასხვა სფეროში ქალთა დასაქმების მოწინააღმდეგეები რომ იყვნენ აღჭურვილნი – „ქალი სუსტი არსება არისო და ვერ შესძლებს შრომასაო“. ამას ემატებოდა ბრალდებები, მათ შორის პრესის ფურცლებზე ქართველ ქალთა გაკიცხვა „წინაპართა ჩვეულებებისთვის თავ-მინებების გამო“ და ა.შ.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, თანასწორობის, განათლების ხელმისაწვდომობისა და საკუთარი, მათ შორის შრომითი უფლებებისთვის ძველ თბილისში ქალები აქტიურად იბრძოდნენ და ამ მიმართულებით ქართულ გაზეთებში შემორჩენილი ისტორიები მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. ამ ცნობებით ვიგებთ, რომ ქალები მუშაობდნენ: მასწავლებლებად, ბებიაქალებად, რკინიგზის თანამშრომლებად, მსახიობებად, მკერავებად, ძიძებად და ა.შ.

„მოწყალების და“, ნიკო ფიროსმანაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

მიუხედავად ამისა, მათი პროფესიული საქმიანობა და კარიერული გზა „ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი“…

ბინაზე მომსახურება

გენერალი მაჯდ–ოს-სალტანე, რომელმაც თბილისში XIX საუკუნის მიწურულს იმოგზაურა, საკუთარ მოგონებებში წერდა:

„სიონის უბანში იყო ერთი მაღაზია, რომელიც მომსახურეობას უწევდა მოსახლეობას: აქაურ მოსამსახურე ქალებთან ხელშეკრულების დადება შეეძლო ყველას, ქალსა თუ ქალიშვილს, ვისაც სურდა ბინაზე მომსახურება. შეთანხმება გარკვეული წესით ხდებოდა. მსურველები თავის მისამართს უტოვებდნენ დაწესებულებას და დაწესებულება კი მათ უგზავნიდა მოსამსახურეს… საჭიროების მიხედვით“.

ყველაფერთან ერთად, ამგვარი დაწესებულება ალბათ გარკვეული გარანტიაც იყო, რომ ახალგაზრდა ქალი მოტყუებული არ დარჩებოდა და თუკი დამსაქმებელთა მხრიდან უსიამოვნებას ვერ აიცილებდა თავიდან, ტყუილისა და ძალადობის მსხვერპლი მაინც არ გახდებოდა.

ძალადობის ერთი საზარელი შემთხვევა, რომელიც, სამწუხაროდ, ალბათ არ იქნებდა გამონაკლისი, 1886 წელს მომხდარა ტფილისში.

„19 წლის ქალი გამდლის ადგილს ეძებდაო. შაბათს საღამოს როცა ქალის მამა შინ არ იყო, მივიდა ამ ქალთან სამი უცხო კაცი და უთხრეს, აქა-და აქ ადგილია გამდლისა და წამოდიო. თუ ეხლავე არ წამოხვედი, მერე აღარ მიგიღებენო. ქალი დაჰკითხებია დედას და, რაკი დედა დათანხმებულა, წაჰყოლია ამ უცხო კაცებს, რომელთაც ძალათი გაუპატიურებიათ ქალი და დაუნებებიათ თავი“.

ქალს ეს ამბავი სამართალდამცავთათვის უცნობებია, მათ კი დამნაშავეთა ჯგუფი დაუტუსაღებიათ, თუმცა იმ ფონზე, რომ ძველი თბილისის სამართალდამცავები ქალებზე ძალადობისა თუ სხვა ტიპის დანაშაულის ფაქტებზე დროული და რელევანტური რეაგირებით ვერ დაიკვეხნიდნენ, ამგვარი ოპერატიული დატუსაღებები, პრევენციული თვალსაზრისით, სავარაუდოდ, ნაკლებად ეფექტიანი იქნებოდა.

ბინაზე მომსახურე ქალთა შორის ყოფილან ძიძებიც, რომელთა ნაწილიც, კარგ ამინდში, საღამოობით, მაშინდელი „ერევანსკის“ მოედანზე მდებარე ბაღში იკრიბებოდნენ და ბავშვებიც თან დაჰყავდათ.

ამ უკანასკნელთ არა მხოლოდ ბავშვებისთვის თვალყურის დევნება და საკუთარი მოვალეობის პირნათლად შესრულება, არამედ აბეზარ გამვლელებთან გამკლავებაც უხდებოდათ. 1888 წელს, გაზეთ „ივერიის“ ერთ-ერთი ნომერში ვკითხულობთ, რომ მათ შორის ყოფილა „ახალგაზდა იმერელი ქალიცა, რომელსაც ვიღაც შეგირდი ასდევნებია და მოსვენება აღარ მიუცია. ყოველს საღამოს ეს ქებული შეგირდი აედევნებოდა ამ ქალს და აბეზრებდა თავსა. მოთმინებიდამ გამოსულმა ქალმა განიძრახა დაესაჯა როგორმე ახალგაზდა მოტრფიალე და გამოვიდა იმავე ბაღში პატარა წკეპლით, რომელიც ჰქონდა დამალული კალთის ქვეშ. როდესაც ამ ყმაწვილმა გაუარა გვერდზედ და თავისებურად დაუწყო ამაყობა, ქალმა მიჰმართა წკეპლას და ერთი თუ ორი პატარა ლოველასსა. ზურგ-ამწვარმა მოარშიყემ მალე იკადრა მოშორება ქალისა და ასეთის მამაცობით ოტებული სირცხვილეული ლტოლვილ იქმნა ბაღიდამ“.

სამედიცინო სფერო

1892 წელს, როცა ტფილისში ქოლერა მძვინვარებდა, პასუხისმგებელი პირები და შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მსხვერპლი მინიმალური ყოფილიყო. ამ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობდნენ ტფილისელი ქალებიც.

ეპიდემიის დასრულების შემდეგ, მადლიერმა ქალაქმა არ დაივიწყა არც ის „მალაკნის ქალები, რომლებიც მუქთად ემსახურებოდნენ ხალხს უფასო საჩაიეებში“, რათა გაჭირვებულ მოსახლეობას დაბინძურებული წყალი არ მიეღო და ქოლერა უფრო მეტად არ გავრცელებულიყო და არც „მიხეილის საავადმყოფოს“ მოსამსახურე ქალები, „სახელდობრ: ფერშლები, ავადმყოფის მომვლელები და საზოგადად ყველა, ვინც თავ-გადადებით უვლიდა ხოლერით ავადმყოფებს“. „მალაკნის ქალების“ მსგავსად, ქალაქის ხელმძღვანელობისგან საჩუქრები სამედიცინო სფეროს პერსონალმაც მიიღო.

ზოგადად, სამედიცინო სფეროში ქალთა ჩართულობას, მათ სიმრავლესა და პროფესიონალიზმს რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამას 1877 წლის გაზეთ „ივერიის“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებული ეს ცნობაც მოწმობს:

„საქართველოში შედარებით უფრო ბევრი უბედურება ხდება ხოლმე მარტო იმის გამო, რომ სნეული, ავად-მყოფი ქალი მორცხობს და არ იწვევს მამა-კაცს ექიმსა. მე ჩვენში გამიგონია უკანასკნელს დღეში მყოფის მშობიარის ქალის ქმრისაგან: „რაც უნდა ღმერთი გამიწყრეს, ექიმს არ მოვიყვან, ცოლს არ გავასინჯებო და საქვეყნოდ თავს არ შევირცხვენო“. თუნდა ქმარი დააჯეროთ, თვით ავად-მყოფსა ანუ მის მახლობელთ ხშირად ვერას გზით ვერ დაითანხმებთ, რომ ექიმს უჩვენოს, გაასინჯოს სატკივარი.

ექიმი ქალები რომ იყვნენ ეს მაგალითები აღარ იქნებოდნენ და ვინ იცის რამდენი სული დაიხსნიდა თავის-თავს უდროო სიკვდილისაგან. ქალი ექიმ-ქალს არ მოერიდებოდა, რადგანაც აქ მორცხობას ადგილი არ ექმნებოდა.

სცენები სპექტაკლიდან „და-ძმა“, ნიკო ფიროსმანაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

დრო იყო, როცა ექიმნი მამა-კაცნი და მათთან ერთად თვით საზოგადოებაც ამბობდნენ, ქალს ექიმად ყოფნისათვის არც საჭირო ღონე აქვსო, არც მხნეობა და არც ნიჭიო. ამ მიზეზით ქალს ექიმობის სწავლის გზას უხშობდნენ. წარსულს ვინა ჰსჩივის, უბედურება ის არის, რომ ამ ჟამადაც ისმის მაგნაირი ხმა, რომელსაც არც წარსულს დროში, არც აწინდელში საბუთს ვერ უპოვნიან“.

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მთელი რიგი სტერეოტიპების თუ დოგმების, ასევე სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ქალთა სიმცირის გამო, ხშირად ქალები სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებდნენ!

ამგვარი ვითარება სუფევდა არა მხოლოდ ტფილისში, არამედ საქართველოს სოფლებშიც. იმავე „ივერიის“ ცნობით, „სოფლის ქალები მორცხვობენ ხოლმე და არ აცრევინებენ ყვავილს ყვავილის ამცრელს კაცს. ამიტომ განუზრახავთ, სოფლის ქალებსაც შეასწავლონ ყვავილის აცრა და დაუნიშნონ მათ ჯამაგირი სოფლებში მუშაობისათვის, როგორც ყვავილის ამცრელს კაცებს ეძლევათ“.

ამას გარდა, ბუნებრივია, დიდი მოთხოვნა იყო ბებიაქალებზეც, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ორსულთა „მოლოგინების“ პროცესში. სხვადასხვა გაზეთებში ბებიაქალებიც ათავსებდნენ „კერძოობით“ განცხადებებს, რათა მათი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მსურველი მარტივად დაკავშირებოდა. მაგალითად:

„ბებია (აკუშერკა) ანნა ივანოვნა გალუბენკო გადმოვიდა გორიდგან ქალაქსა; და სდგას მიხეილოვის ქუჩაზე, კაჩუბეის შესახვევში, სახლში #12“.

ყველაფერთან ერთად, ალბათ ბებიაქალების მომსახურებაზე დიდი მოთხოვნის გამო იყო, რომ თფილისის საბებიო ინსტიტუტში სწავლას უამრავი ღარიბი ქალი ეშურებოდა, „ბებიაობის შესწავლით ლუკმა-პურის შეძენის“ იმედი ჰქონდათ.

ცალკე ამბავია ამ სფეროში ჩართულ ქალთა პროფესიონალიზმიც. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ტფილისში ის ხალხიც იჩემებდა ექიმობას, თუ „ბებიაობას“, ვინც ეს საქმე არ იცოდა, შესაბამისად, ხშირი იყო მსხვერპლი…

ქალაქში უჩიოდნენ „იმ საზიზღარის ხელობის მიმდევართა“ სიმრავლესაც, ვინც „სხვა-და-სხვა საშუალებით მუცელს თურმე უცუდებენ ორსულ დედაკაცებს“:

„ერთს ნავთლუხელს ქვრივს ქალს მიუმართავს ამ გვარ ხელობის დედაკაცისათვის მუცლის გასაცუდებლის წამლისათვის. ქვრივს ქალს დაულევია წამალი და, ვიდრე ქალაქიდამ ნავთლუხს მივიდოდა, ისეთი საშინელი ტკივილი მოსვლია ფაეტონშივე, რომ სახლში ძლივს ცოცხალ-მკვდარი შეუყვანიათ. ქალი ორ-სამ საათს უკან გარდაცვლილა. ქალის გვამი გაუჭრიათ და აღმოჩენილა, რომ მუცლის გასაფუჭებელი წამალი საშინელი საწამლავი თურმე ყოფილა“;

„ჩვენ გვაცნობებენ, რომ ერთი ექიმი დედაკაცი სცხოვრებს თურმე ვერაზე, რომლის განსაკუთრებული ხელობა ის არისო, რომ ორსულ დედაკაცებს მუცელს უხდენს. ამ საძაგელ საქმის შესასრულებლად ის დედა-კაცი ხარის-ძირას აძლევს თურმე ორსულს, რომლისაგანაც საშინლად ავად ხდებიან და ბოლოს, დიდის წვალების შემდეგ, მკვდარ ყმაწვილს ჰშობენო“.

ძველი ქართული პრესა ამგვარი განცხადებებით იყო აჭრელებული…

სხვათა შორის, „ექიმობას“ იჩემებდნენ ტფილისელი მკითხავებიც. როგორც ამბობდნენ, „ტფილისი სწორედ მკითხავების ბუნაგი“ იყო. ადგილობრივ თუ ჩამოსულ მკითხავთა უმეტესობა ქალი იყო, რომლებიც მუშტრის ნაკლებობას არასდროს უჩიოდნენ, მით უმეტეს,  რომ შორს გაისმოდა მათი „ქება“; შესაბამისად, ფულსაც „ჩეჩქვით ხვეტდნენ“…

ერთი კია, მკითხავებთან „მკურნალობა“ კლიენტ/პაციენტისთვის არათუ სასურველი, ხშირად ლეტალური შედეგით სრულდებოდა.

მაჭანკლობა

თვითდასაქმებული ქალებისთვის შემოსავლის კარგი წყარო უნდა ყოფილიყო მაჭანკლობა –  საქმიანობა, რომელიც არც ისე პრიმიტიული და სასაცილო იყო, როგორც ეს დღეს შეიძლება ვინმეს ეგონოს.

ოჯახების შექმნის საქმეში მაჭანკლები ზოგჯერ საკვანძო როლს ასრულებდნენ და „კარგი მზითვის გახერხების“ პროცესში მათი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. „მზითევს“, რომელიც ქალის წილი იყო მშობლების ოჯახიდან და უშუალოდ მის საკუთრებად მიიჩნეოდა, იმდროინდელ ტფილისში (და არა მხოლოდ ტფილისში) დიდი ყურადღება ექცეოდა – კარგი მზითვის პატრონს სხვადასხვა წოდებისა თუ შეძლების არაერთი მთხოვნელი გამოუჩნდებოდა, ხოლო ვისაც მზითვი არ ჰქონდა, მისი ბედი ბეწვზე ეკიდა…

ქალაქში არც მაჭანკლების არაკეთილსინდისიერი საქციელი უკვირდათ; ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ამ საქმიანობაში ჩართულ ხალხს ხშირად მიუთხოვებია უმზითვო, მაგრამ ლამაზი ქალი ასაკითა თუ სხვა კრიტერიუმებით შეუფერებელი, შეძლებული მამაკაცისთვის.

მეტიც, ტფილისს ახსოვს შემთხვევა, როდესაც მაჭანკალი გათხოვილ ქალსაც კი ურიგებდა სასურველ „სასიძოებს“. ეს მაჭანკალი, ვინმე ნინო ჯოხაძე, „პატარძლის“ ქმარს მოუკლავს…

ამასთანავე, დროთა განმავლობაში, ქალაქში მაჭანკლები არა მხოლოდ მათი საქმიანობის ტრადიციული გაგებით მოქმედებდნენ, არამედ პროსტიტუციაში ქალთა ჩართვის უკანონო საქმეშიც იღებდნენ მონაწილეობას. ამგვარ ცნობებს, ისევე როგორც ტფილისელი სექსმუშაკების ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიაში – „ყვითელი ქაღალდის ტურფები

მსახიობები

ძველი ქართული პრესის ფურცლებიდან ჩანს, რომ თეატრში, ასე ძლიერ რომ უყვარდათ ტფილისელებს, მსახიობ ქალებს აქტიურად ეძებდნენ.

„აქტრისა მარგარიტა“, ნიკო ფიროსმანაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

1880-იანი წლების პირველ ნახევარში გაზეთები წერდნენ, „ჩვენს სცენას დღევანდლამდის დრამატიული არტისტკა არ აღმოსჩენიაო“ და მიესალმებოდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ქართულს სცენაზედ რამდენიმე ქალსა სურს შესვლა“. ქართულ დასში „შესასვლელად“ თურმე სხვა ქალაქებიდანაც კი ჩამოდიოდნენ, თუმცა ერთ-ერთ ასეთ, გორიდან ჩამოსულ ჯგუფს გვარიანად დაუგვიანია, ტფილისში თეატრალური სეზონის მიწურულს ჩამოსულან:

„ღმერთმა ქნას, რომ ამათში მაინც ვინმე გამოდგეს რიგიან დრამატიულ მოთამაშედ, რადგანაც აქამდისინ ჯერ კიდევ არა ჰყავს ჩვენს სცენას ამ გვარი მოთამაშე ქალი“.

„ამ პოზიციაზე“ მოთხოვნა წლების შემდეგაც ყოფილა. 1901 წელს, „ქართულის დრამატიულის საზოგადოების გამგეობა“, საგაზეთო განცხადებით, ქალებს სცენაზე (მსახიობებად) სამსახურისთვის იწვევდა.

ქალები მასწავლებლებად

მსახიობი ქალების მსგავსად, საგანმანათლებლო სფეროში ჩართული ქალების ბედი თუ უბედობა კიდევ ერთი, ვრცელი თემაა, რომელიც ცალკე კვლევას საჭიროებს.

„მასწავლებელი ქალი, რომელმაც სწავლა შეასრულა ერთ თბილისის სასწავლებელში, აძლევს გაკვეთილებს, ამზადებს ყმაწვილებს ყველა სასწავლებელში და მიიღებს მსურველთ სადგომზედ“ – არაერთი ამგვარი განცხადების მიუხედავად, როგორც ჩანს, 1880-იანი წლების დასაწყისში, მასწავლებლობა ტფილისში ამ სფეროში ჩართული ყველა ქალისთვის შემოსავლიანი საქმე როდი იყო. ამ პერიოდის გაზეთ „დროების“ ერთ-ერთ ნომერში ვკითხულობთ:

„საქველმოქმედო საქალო სკოლის მასწავლებელმა, ქალმა ალექსანდრა ივანეს ასულმა მაკარიძემ თავის სადგომში რევოლვერი იკრა და სასიკვდილოდ დაიჭრა. საწყალი თვის-მკვლელი 23 წლის ობოლი ქალია. ხუთი წელიწადია, რაც პედაგოგიურს ასპარეზზე იღწვის და მუდამ გაჭირვებაში იმყოფება ცხოვრების უსაშუალობის გამო. თვითონაც ამბობს და მისი ამხანაგი ქალებიც ჰმოწმობენ, რომ იგი ამ ზაფხულს შიმშილით სიკვდილს მოელოდა, რადგანაც სკოლა, სადაც იგი მსახურებდა, კანიკულების განმავლობაში ჯამაგირს არ იძევა; კერძო გაკვეთილების შოვნა არ შეეძლო და სხვისაგან შემწეობის მიღება სათაკილოდ მიაჩნდაო.

რამდენიმე საათით წინ ამ უბედურს წუთამდის, მას გაეგო, რომ საქალაქო სკოლაში, სადაც ის მასწავლებლობასა სთხოვდა, იმას უარი უთხრეს და მის მაგიერ სხვას მისცეს. მაკარიძე ჩინებული და სამაგალითო მასწავლებელი ქალი იყო, როგორც მისი მეგობარი ქალები ამბობენ.

ესეც რევოლვერის მეორე მსხვერპლი ამ ერთი თვის განმავლობაში! მაგრამ ნუთუ მხოლოდ რევოლვერია აქ დამნაშავე?!“, – რიტორიკულ კითხვას სვამდა „დროების“ კორესპონდენტი.

მკერავი ქალები

1875 წელს ქალაქში ხმა გავარდნილა, „მუხრანიანთ ხიდთან ქალებს საკერავი მაღაზია გაუმართავთ, მკერვალი ქალების წრეც შეუდგენიათ და შემოსავალის ნაწილის კეთილშობილური მიზნით – ქალთა განათლების მხარდასაჭერად გადადება განუზრახავთო.

„ორთაჭალის ტურფა მარაოთი“, ნიკო ფიროსმანაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

ამბობდნენ, ეს წრე ჯერ-ჯერობით სამი თუ ოთხი ქალისგან შედგება და იმედია, როგორც მკერავ ქალთა რიცხვი, ასევე მათი შემოსავალიც იმატებსო“.

არადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ის დროა, როდესაც ქართველ ქალებს, გაზეთების ფურცლებზე, ძველებური ხელსაქმის, ჩვეულებების „თავ-მინებებასა“ და თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობაში ადანაშაულებდნენ, რის „საბუთადაც“ თითქოსდა ქართველი ქალების პოზიციას აჟღერებდნენ:

„როგორ უნდა ჩავიწყალოთ თვალები ქარგვაში და ძველებურ საკერავებში, როდესაც ზინგერის მაშინა წინ გვიდგას და ფეხის დაჭერის მეტი არა გვინდა რა, რომ თავისით დატრიალდეს და თავისით შეგვიკეროსო“.

ასეა თუ ისე, სრულიად აშკარა იყო, რომ დასაქმების კუთხით ეს პერსპექტიული მიმართულება უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ქართველი ქალები, „ერთგულნი მიმდევარნი ყოველ ახალის მოდისა“, იოლად ებმებოდნენ „მოდის მახეში“.

ამ ყველაფერს, საგანგებოდ კლიენტთა მოსაზიდად, გაზეთებში გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებებიც ემატებოდა:

„სამკერვალო ქალთა ტანისამოსისა. ვღებულობთ ქალთა ტანისამოსს შესაკერავად ყველასათვის ხელ-მისაწვდენ ფასად. ვიყვანთ შეგირდებს და ვაძლევთ გაკვეთილებს ჭრა-კერვისას და სხვა-და-სხვა ხელ-საქმისას. ჭრა-კერვის და ხელ-საქმის სახელოსნოს გამგე ანნა მერკვილაძისა“.

ქალები რკინიგზაზე

1872 წლის ოქტომბერში, რკინიგზა რომ გაიხსნა და როგორც იქნა „თფილისიდამ-ფოთს რკინის გზით ჩასვლას“ ვეღირსეთ, ტფილისელებს ალბათ რთულად წარმოედინათ, რომ რკინიგზაზე, „ერთ საშიშო და სახიფათო რაიმეზე“, როგორც მას უწოდებდნენ, მალე ქალებიც დასაქმდებოდნენ.

საინტერესოა, რომ მატარებლის პირველი რეისიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 1897 წელს, გზათა სამინისტროს განკარგულებით, რკინიგზაზე მომსახურე ქალები სრულად გაუთავისუფლებიათ ღამღამობით მუშაობისგან.

ამავე პერიოდში, ამიერკავკასიის რკინიგზაში მომსახურე ქალებს „ჯამაგირის“ მომატების თხოვნით მიუმართავთ გზათა მინისტრისთვის – „კაცები, რომელსაც ერთი და იგივე სამსახური აქვთ ქალებთან, იღებენ გაცილებით მომეტებულ ჯამაგირს ვიდრე ქალები, როდესაც უკანასკნელები არაფრით არ ჩამოუვარდებიან კაცებს საქმის კეთებაში და ხშირად უფრო ბევრს მუშაობენო“.

1894 წლისთვის, ტფილისის რკინიგზის სადგურზევე ჰქონია გამართული „კანტორა“ ერთ-ერთ სადაზღვევო საზოგადოებას. კანტორას ქალი განაგებდა:

„ამ კანტორაში მსურველს შეუძლია თავის-თავი დაიზღოს, როცა იგი სამგზავროთ გაემართება, იმ ნაირად, რომ თუ რამ უბედურება შეემთხვევა გზაში, დამზღვეველი საზოგადოება დანიშნულს ფულს გადაუხდის იმის ოჯახს, ან ვისთვისაც იგი მოისურვებს. ამისათვის წინდაწინვე უნდა გადაიხადოს რამდენიმე მანათი, რომელსაც აქვე, ამ კანტორაში, გამოუცხადებს ამ საქმისათვის დანიშნული აგენტი ქალი“.

ვაჭრობის სფერო

ტფილისში, კავკასიის ვაჭრობის ცენტრში, კომერციაში სხვადასხვა ფორმით ქალებიც რომ იქნებოდნენ ჩართული, რთული მისახვედრი არ არის. მაგრამ არათუ მაშინ, ალბათ დღესაც ძნელად თუ მოიძებნება ვაჭრობაში ჩართული იმგვარი ღირსეული ადამიანი, ვის შესახებაც გაზეთი „ივერია“ 1887 წელს წერდა:

„ჩვენ გვიამბეს, რომ ამას წინად ტფილისში ერთს რომელიღაც მაღაზიაში დარჩენია ვიღაცას 175 ათასი მანათი ნაღდი ფულიო. მეორე დღეს დანაკარგის პატრონი მოსულა მაღაზიაში, უნახავს ის ქალი, რომელიც თურმე ვაჭრობს ამ მაღაზიაში, და უთხოვნია ფული. ქალს აუღია დანაკარგი 175 ათასი მანათი და სრულად და უკლებლივ ჩაუბარებია. ფულის პატრონს ისე გაჰხარებია, რომ ხუთასი თუმანი უჩუქებია ამ ქალისათვისაო“.

„ქალი ბაზრის სანინსპექტორი“, ნიკო ფიროსმანაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

დაბოლოს, საგაზეთო ცნობებიდან ჩანს, რომ ზოგჯერ არც ტფილისელი ქალები თაკილობდნენ უკანონო გზით ხელის მოთბობას.

მაგალითად, 1890 წლის ერთ ჩვეულებრივ კვირა დილას, ტფილისის პოლიციას დაუკავებია ორი ქალი, „რომელთაც მოპარული ტანისამოსი გაეტანათ ბაზარში და ჰყიდდნენ“…

აქვე გთავაზობთ კიდევ ერთ გამორჩეულ ამბავს ძველი ქართული პრესიდან, რომელიც 1888 წელს მომხდარ შემთხვევაზე გვიამბობს:

„თუ კაცები იჩენენ სხვა-და-სხვა ხერხსა და ოსტატობას ქურდობასა და ავაზაკობაში, არც ქალები ჩამორჩენილან უკან. გუშინ-წინ ერთს კარგად ჩაცმულს მანდილოსანს უყიდნია სხვა-და-სხვა სავაჭროები მეწვრილმანის დუქანში, გაუყოლებია თან ამავე დუქნის შეგირდი და უთქვამს, სახლში გაგისწორდებიო. შეგირდიც გაჰყოლია. როცა შესულან ერთს სახლის ეზოში, ქალს უთქვამს, მოიტა რაც მიყიდნია, შენ აქ დამიცადე და ფულსაც ეხლავე გამოგიტანო. შეგირდს გადაუცია ნავაჭრი ქალისთვის, მხოლოდ იქ დაცდაზე-კი არ დათანხმებულა, თან დასდევნებია; ქალს უვლია აქეთ იქით და უკითხავს ხალხისათვის: კნეინა სადა დგასო. ამ კითხვაზე ბევრს სიცილით უპასუხნია: კნეინა, ბატონო, აქ ბევრი გახლავსთ, უნდა გვარიც ბრძანოთო. ბოლოს რომ ვეღარა მოუხერხებია-რა, გადაუცია ნავაჭრი შეგირდისათვის და უთქვამს: უკანვე წაიღე და შემინახეთ, ერთის საათის შემდეგ ჩამოვიტან ფულსაო. ამისთანა მაგალითები არა იშვიათად მომხდარა და შეგირდი რომ მოხერხებით არ მოქცეულიყო, საქონელს დაანებებდა და მანდილოსანი მალე გაჰქრებოდა.

მაგრამ ამ მარცხის გამო ქალს სხვისის საქონლის მუქთად ხელში მოგდების მადა არ გაჰფუჭებია… დღესაც უცდია ვიღაცა ქალს (უეჭველია, ის იქნება) ასეთივე ხრიკი. თამამშოვის ქარვასლაში შესულა ვიღაც კარგადვე ჩაცმული ქალი, უვაჭრნია ბარხუდაროვის ფეხთ-საცმელის მაღაზიაში, ამოურჩევია ცამეტის მანათის საქონელი, გამოუყოლებია ბიჭი და წამოსულა. მოუყვანია ლაბორატორიის ქუჩაზედ, დამდგარა ზუბალაშვილის სახლების წინ და უთქვამს: აქ დამიცადე და ფულს ეხლავე გამოგიგზავნი ბიჭის ხელითაო. შესულა და შესულა. რომ ლოდინის ილაჯი გასწყვეტია ბიჭსა, შეჰყოლია, გამოუკითხავს, მაგრამ… ვინ დაგიკარგავს, ვის დაეძებ: დაკარგულა ზემოხსენებული ქალბატონი, ლაბორატორიის ქუჩიდგან შესულს ახალ-ბებუთოვის ქუჩაზედ ამოუყვია თავი და გამქრალა. ბიჭს მოურთავს ტირილი და პოლიციაში გამოუცხადებია ეს უბედურება“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *