ტრამპების ანტიტრამპული ნაბიჯები

ტრამპების ანტიტრამპული ნაბიჯები

მამის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპის ვაჟები მის ბიზნესს მკვეთრად არადონალდურად მართავენ.

არსებობს დიდი ოცნებები და არსებობს კიდევ ტრამპის ზომის ოცნებები – ისეთები, დიდ ასოებსა და ცათამბეჯენებს რომ ითხოვს დიდ ქალაქებში. სწორედ ამ ოცნებებმა გადმოისროლეს დონალდ ტრამპის ბაბუა, ფრიდრიხი, გერმანიიდან ნიუ-იორკამდე და მერე კლონდაიკში – ოქროს ციებ-ცხელების მიმართულებით; ამ ოცნებებმავე უბიძგეს პრეზიდენტის მამას, ფრედს, ბინების იმპერია აეშენებინა ბრუკლინსა და ქუინსში; და ამ ოცნებებმა მიიყვანეს დონალდი მანჰეტენის ცათამბეჯენამდე, დაბოლოს – თეთრ სახლში.  

როცა ტრამპმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა და ბიზნესის მართვის სადავეები მეოთხე თაობას გადააბარა, მის ვაჟებსაც, ერიკსა და დონს, დიდი ამბიციები ჰქონდათ. მაგრამ მათმა გეგმამ, ამერიკის შუაგული ორი ახალი ლიცენზირებული სასტუმრო ბრენდით დაებომბათ, ვერ მოიპოვა სათანადო პოპულარობა და ამ წლის დასაწყისში განუტევა სული. ამან ვაჟებს – რომელთაც ხელ-ფეხს მამის დადებული პირობა უბოჭავთ, პრეზიდენტობისას საერთაშორისო გაფართოებაზე უარს ვამბობო – საკმაოდ არატრამპული სტრატეგიის არჩევა აიძულა.  

“თუ ჯერჯერობით ზრდის შენელება მოგვეთხოვება, ამას სიხარულით გავაკეთებთ”, – აღნიშნა ერიკ ტრამპმა განცხადებაში, რომელიც თებერვალში სასტუმროს გეგმების ჩაშლას მოჰყვა, დონ უმცროსმა კი დაამატა: “როცა პოლიტიკა მორჩება, ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის – მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე მაღალი კლასის უძრავი ქონების შენებას”.

გარკვეული აზრით, ტრამპის ქონებას ერთი-ორი რისკიანი ფსონის გამოყენება შეუძლია: პრეზიდენტის ავლადიდება ახლა $3.1 მილიარდს შეადგენს (რაც საკმარისად კარგია, Forbes 400-ში 275-ე ადგილი რომ მოეპოვებინა) – იმდენივეს, რამდენსაც შარშან, და $400 მილიონით ნაკლებს პრეზიდენტად არჩევის პერიოდთან შედარებით. მაგრამ დონ უმცროსი და ერიკი კონსერვატულად თამაშობენ, არსებულ უძრავ ქონებას უვლიან, სესხებს ფარავენ და ნაღდ ფულს ახვავებენ. მამის ინაუგურაციის შემდეგ მათ პრეზიდენტის უძრავი ქონებიდან $100 მილიონის ტოლფასი ჰოლდინგები გაასხვისეს, ოღონდ 100-ზე მეტი პაწაწინა ტრანზაქციის მეშვეობით, რომლებიც, მეტწილად, შეუმჩნევლად განხორციელდა.   

დომინიკელთა რესპუბლიკაში, 2018-ის იანვარს, უმცროსმა ტრამპებმა მიწის ნაკვეთი $3.2 მილიონად გაყიდეს. ეს მამის მიერ დადებული პირობის – ანუ პრეზიდენტობისას ახალ უცხოურ ხელშეკრულებებზე ნათქვამი უარის – ყველაზე აშკარა დარღვევა იყო (Trump Organization-მა ამ სტატიისთვის კომენტარი არ გააკეთა). სხვა შემთხვევებში, მათ საქმე გავლენიან პირთა სტატუსის მოსურნეებთან აწარმოეს, რომელთაც ალბათ პრეზიდენტის ჯიბესთან ახლომახლო ყოფნის შესაძლებლობა დაინახეს. ტრამპის უშველებელი სახლი ბევერლი-ჰილზში ვაჟებმა $13.5 მილიონად მიჰყიდეს ინდონეზიელ მილიარდერთან (და ტრამპის ბიზნესპარტნიორთან), ჰენრი ტანოესოედიბჯოსთან დაკავშირებულ კომპანიას. მანჰეტენის პენტჰაუზი კი ერთ ქალს გაუთავისუფლეს, რომლის ბიზნესი ჩინელ ოფიციოზთან წვდომის გაყიდვაში მდგომარეობს.    

სხვა ხელშეკრულებები ნამდვილად არ მიიქცევდა არავის ყურადღებას, გამყიდველი შეერთებული შტატების პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო. მაგრამ ახლა, როცა ტრამპი ოვალურ კაბინეტში ზის, საქმე შესაძლოა, ცოტათი უცნაურად წარიმართოს. აიღეთ, მაგალითად, დაახლოებით $900 მილიონად გაყიდული Spring Creek Towers-ი, რომელიც ამერიკაში ფედერალურად სუბსიდირებულ ყველაზე მსხვილ საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს. ტრამპი იქ 4%-ს – მამამისის მანჰეტენს მიღმა არსებული იმპერიის გადმონაშთს – ფლობდა. უძრავი ქონების ლეგალური დოკუმენტების თანახმად, კომუნალური და ურბანული განვითარების მინისტრს, ბენ კარსონს საგანგებო ნებართვის გაცემა მოუხდა, ეს ხელშეკრულება რომ გაფორმებულიყო. ამან ტრამპს დაქვემდებარებულები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა: მათ მწვანე შუქი აუნთეს ტრანზაქციას, რომლითაც მათმა ბოსმა თითქმის $33 მილიონი იშოვა.    

ამდენი გაყიდვის კვალობაზე, ტრამპებმა ძალიან მცირე რეინვესტიცია თუ გააკეთეს. Trump Tower-ს უმნიშვნელო განახლებები ჩაუტარდა, სან-ფრანცისკოში მდებარე ხუთსართულიანი საოფისე შენობა გარემონტდა და ტრამპები წაგებიან ევროპულ გოლფის კურორტებს კვლავ ძეძგავენ ფულით. მაგრამ ერთი ახალი შესყიდვაც განახორციელეს: Mar-a-Lago-ს მეზობელ სახლ-კარში $18.5 მილიონი გადაუხადეს თავიანთ დეიდას, მერიან ტრამპ ბარის. ახალი გოლფის მოედნებისა თუ სასტუმროების ყიდვას არ ჩქარობენ; მეტიც, კოლეგა-ტიტანებმა ნიუ-იორკის უძრავი ქონების სცენიდან შენიშნეს, რომ პრეზიდენტი ქალაქში, პრაქტიკულად, აღარ ჩანს. “რეალურად აღარაა უძრავი ქონების დეველოპერი”, – უთხრა წელს ბრუკლინელმა მილიარდერმა დევიდ ვალენტასმა Forbes-ს.           

ნაცვლად ამისა, ტრამპის შვილები მშვიდად ამცირებენ სესხს, რომელიც მათ მამას იმპერიის აგებაში დაეხმარა. გათვლების თანახმად, ინაუგურაციის შემდეგ მათ $60 მილიონი აქვთ გადახდილი. ნიუ-იორკში, – 40 Wall Street-ში, 6 East 57th Street-სა და 502 Park Avenue-ში, – დაახლოებით $19 მილიონის ტოლფასი დავალიანებისგან განთავისუფლდნენ. სან-ფრანცისკოში, სადაც პრეზიდენტი, მილიარდერ სტივენ როტის Vornado Realty Trust-თან ერთად, ცათამბჯენის 30%-ს ფლობს, ტრამპის შვილებმა მამის $8-მილიონიანი ვალი დაფარეს. 2016-ის მიწურულს ტრამპმა $30-მილიონიან ვალში ლას-ვეგასის ცათამბჯენი ჩადო, რომელსაც კოლეგა-მილიარდერ ფილ რაფინთან ერთად ფლობს, ამით კი ალბათ გარკვეული ნაღდი ფული გამოითავისუფლა საპრეზიდენტო კამპანიისას ბოლო წუთს გაკეთებული $12 მილიონის შემოწირულებებისთვის. შენობაში ათობით კერძო ბინის გაყიდვის შედეგად, ტრამპებმა ეს ვალიც დაფარეს.