ფოტო: Getty Images
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კრიპტოინდუსტრიის მაღალი რანგის წარმომადგენლებს თეთრ სახლში უმასპინძლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპმა კონგრესს კრიპტოვალუტების რეგულირების გამჭვირვალობის აქტის მიღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რასაც ბიტკოინის ღირებულების მკვეთრი ზრდა მოჰყვა.
კონგრესისადმი ტრამპის მიმართვის შემდეგ, ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის, ფასი $69,825-მდე გაიზარდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით 8.5%-იანი მატებაა. ეს, ივნისის დასაწყისის შემდეგ, რაც ბიტკოინის ღირებულება $70,000-იან ნიშნულს ჩამოსცდა, ამ კრიპტოაქტივისთვის ყველაზე მაღალი შეფასებაა.
თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, კრიპტოვალუტების ბაზრის ზრდა მხოლოდ ბიტკოინით არ შემოიფარგლა. მეორე ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის, ეთერის, ფასი $2,261.26-მდე გაიზარდა, შესაბამისად, წინა დღესთან შედარებით დაახლოებით 18.3%-ით.
მკვეთრი ზრდა დააფიქსირეს სხვა მსხვილმა კრიპტოაქტივებმა, მაგალითად, Solana-ს SOL-ის ფასმა 11.5%-ით, Binance-ის BNB-ის ღირებულებამ 4.3%-ით, XRP-ის 10.6%-ით, ხოლო პოპულარული მემკოინის, DOGE-ის ფასმა 7.3%-ით იმატა.
ცნობისთვის, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას კრიპტოინდუსტრიის არაერთი გავლენიანი ფიგურა ესწრებოდა. მათ შორის იყო Coinbase-ის CEO ბრაიან არმსტრონგი, რომლის ქონებასაც ამერიკული Forbes-ი დაახლოებით $7.8 მილიარდად აფასებს. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა Robinhood-ის CEO ვლად ტენევი ($5.7 მილიარდი), კრიპტობირჟა Gemini-ს თანადამფუძნებლები და ტრამპის მხარდამჭერი კამპანიის მსხვილი დონორები, ტაილერ და კამერონ ვინკლვოსები, Kraken-ის თანააღმასრულებელი დირექტორი არჯუნ სეთი და Intercontinental Exchange-ის CEO ჯეფრი შპრეხერი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპმა კონგრესს ე.წ. „გამჭვირვალობის აქტის“ სამართლიანი ვერსიის მიღებისკენ ღიად მოუწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კანონმდებლობა მათ ქვეყანას კრიპტოინდუსტრიაში კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებაში დაეხმარება. ტრამპმა კრიპტოვალუტებს „ფინანსური ტექნოლოგიაც“ უწოდა, რომელსაც ამერიკელებისთვის მეტი სამუშაო ადგილისა და სიმდიდრის შექმნა შეუძლია.















