ფოტო: Reuters
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, დრონებისა და მათთვის საჭირო კომპონენტების იმპორტზე ახალი, ფართომასშტაბიანი ტარიფები დააწესა. მიზანი ამერიკული კომპანიების, ასევე სამართალდამცველი უწყებებისა და სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან ჩინური დრონების ტექნოლოგიაზე დამოკიდებულების შემცირებაა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე დრონებზე 100%-იანი ტარიფები განისაზღვრა. მათ შორისაა 25 კილოგრამზე მეტი წონის ან თერმოგადაღების მქონე დრონები. ხოლო 25%-იანი ტარიფები წესდება იმ დრონების იმპორტზე, რომელთა ასაფრენი წონა 25 კილოგრამამდეა.
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების გვერდის ავლაში —მათ შორის ჩინური პროდუქციის საკუთარ ტერიტორიაზე გატარებითა და შემდეგ აშშ-ში ექსპორტით — პეკინს და სხვა ქვეყნებს 40-ზე ქვეყანა ეხმარება. ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებით, ამ გზით აშშ-ში ყოველწლიურად ჩინეთიდან $60 მილიარდამდე ღირებულების საქონელი შედის. შედეგად, აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტი ყოველწლიურად $19-26 მილიარდის ტარიფებიდან მიღებულ შემოსავალს კარგავს.
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, ჩინური დრონების ტექნოლოგიებზე ზეწოლის გაძლიერებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯია. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) ჩინური დრონების იმპორტი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში აკრძალა და განაცხადა, რომ ე.წ. „მტრულად განწყობილ ქვეყნებში“ წარმოებულ დრონებზე, აშშ-ში უსადენო კომუნიკაციებისთვის საჭირო ნებართვას აღარ გასცემდა.
ამასთან, ახალი წესები სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ დრონებზეც განსხვავებულ ტარიფებს ითვალისწინებს. იაპონიიდან, ლიხტენშტაინიდან, სამხრეთ კორეიდან, შვეიცარიიდან, ტაივანიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოტანილ დრონებსა და მათ კომპონენტებზე ტარიფი 15% იქნება, გაერთიანებული სამეფოდან იმპორტირებულზე კი — 10%.













