ტრამპმა მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლს $5.6 მილიონის კომპენსაცია გადაუხადა

ტრამპმა მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლს $5.6 მილიონის კომპენსაცია გადაუხადა

ფოტო: AFP via Getty Images

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლს სასამართლოს მიერ დაკისრებული $5.6 მილიონის კომპენსაცია გადაუხადა. კომპენსაციის დაფარვამდე ტრამპმა ნაფიც მსაჯულთა განაჩენი, რომლის საფუძველზეც ის ცილისწამებისა და სექსუალური შევიწროებისთვის დამნაშავედ ცნეს, ხელმეორედ გაასაჩივრა, თუმცა კვლავ უშედეგოდ.

თავდაპირველად, 2023 წელს, ნაფიც მსაჯულთა განჩინებით დონალდ ტრამპისთვის დაკისრებული კომპენსაცია $5 მილიონად შეფასდა, თუმცა დაგროვილი საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებით, 5,625,005.48 აშშ დოლარამდე გაიზარდა. სასამართლო დოკუმენტაციის თანახმად, კეროლსა და მის ადვოკატებს თანხა ორშაბათს გადაერიცხათ, მას შემდეგ, რაც ფედერალურმა მოსამართლემ, ლუის კაპლანმა, ტრამპის მორიგი მოთხოვნა გადახდის გადავადებაზე არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი 1990-იან წლებში მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლზე სექსუალური შევიწროებისა და, მოგვიანებით, კეროლის ცილისწამებაში დადანაშაულებისთვის ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ 2023 წელს სცნეს. თუმცა ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, ტრამპის ბრალეულობა გაუპატიურების საქმეში არ დადგენილა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ტრამპი წლების განმავლობაში ასაჩივრებდა და კომპენსაციის გადახდის გადავადებას ცდილობდა. ტრამპის საჩივრები სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ხოლო აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მათ განხილვაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლე კაპლანმა ტრამპის მხრიდან „საქმის გაჭიანურების“ მცდელობაზეც მიუთითა.

თუმცა ტრამპს ელიზაბეთ ჯინ კეროლისთვის, შესაძლოა, გაცილებით დიდი კომპენსაციის გადახდაც მოუწიოს. საუბარია ცალკე ცილისწამების საქმეზე, რომლისთვისაც აშშ-ის პრეზიდენტს ნაფიცმა მსაჯულებმა 83.3 მილიონი აშშ დოლარი დააკისრეს. ტრამპი, სავარაუდოდ, აღნიშნულ საქმეზეც უზენაეს სასამართლოს მიმართავს.

შეგახსენებთ, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა პირველად 2019 წელს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა მასზე 1990-იან წლებში, ნიუ-იორკში, Bergdorf Goodman-ის გასახდელში იძალადა. ტრამპმა ბრალდებები უარყო და კეროლის მიმართ არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც მწერალმა მას უკვე ცილისწამებისთვისაც უჩივლა.