წელს საქართველოს კომერციულმა ბანკებმა ₾1.8 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს

წელს საქართველოს კომერციულმა ბანკებმა ₾1.8 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს

მიმდინარე წლის რვა თვის ფინანსურ შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა კოლექტიურად 1.812 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. განახლებული მონაცემები ეროვნულმა ბანკმა დღეს გამოაქვეყნა.

სებ-ის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოს ბოლოს, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 72.1 მილიარდ ლარს შეადგენს. კომერციული ბანკების მთლიანი მოგება 2.12 მილიარდ ლარს გაუტოლდა, საიდანაც მოგების გადასახადმა 315 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, საბანკო სექტორის კაპიტალი 11.2 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.5 პროცენტია.

რაც შეეხება კომერციული ბანკების ბანკების საქმიანობის სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს, საპროცენტო შემოსავლებმა 4.6 მლრდ შეადგინა, საიდანაც სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი 3.87 მლრდ ლარს უდრიდა, ფასიანი ქაღალდებიდან კი – 487 მილიონ ლარს. კომერციული ბანკების საპროცენტო ხარჯები 2 მლრდ ლარით განისაზღვრა, საიდანაც 1.36 მლრდ ლარი დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯებზე მოდიოდა.

2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. ცნობისთვის, საქართველოს კომერციული ბანკები სებ-ს ფინანსურ მაჩვენებლებს IFRS-ის სტანდარტის შესაბამისად მომზადებულ მონაცემებზე დაყრდნობით წარუდგენენ.