ჯამში ოცდათხუთმეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა, მათ შორის აშშ-დან, კანადიდან, გაერთიანებული სამეფოდან და მასპინძელი საფრანგეთიდან განაცხადეს, რომ ისინი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობას არ ეთანხმებიან. მიზეზი, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომია.
ქვეყნების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის (IOC) მიწერილ წერილში უარყვეს ორგანიზაციის გადაწყვეტილება, რომელიც რუს და ბელარუს სპორტსმენებს დამოუკიდებელ ოლიმპიელთა რანგში ღონისძიებაში მონაწილეობის უფლებას აძლევს. ქვეყნების განცხადებით, არ არსებობს „რაიმე პრაქტიკული მიზეზი“, რის გამოც სპორტსმენებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობა არ უნდა აეკრძალოთ.
IOC-ისთვის წარდგენილი წერილი მოიცავს ხელმომწერებს 35 ქვეყნიდან, გარდა ამისა, თანხმობას ოთხი სხვა ქვეყნიდან – ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, დანია – რომელთაც ადრევე განაცხადეს, რომ რუსი სპორტსმენების მონაწილეობას ოლიმპიადაზე ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. „რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ღონისძიებაზე დაშვების შემთხვევაში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, თუ როგორ არ იდენტიფიცირდებიან მონაწილეები მათ ქვეყნებთან, მაშინ როდესაც სწორედ სახელმწიფოები უშუალოდ აფინანსებენ და მხარს უჭერენ მათივე სპორტსმენებს“, – აღნიშნულია წერილში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში პარიზის მერმა ან იდალგომ განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობას 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე „იმ დრომდე, სანამ მიმდინარეობს ომი, რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“. გასულ თვეში კი პოლონეთის სპორტის მინისტრმა, კამილ ბორტნიჩუკმა Reuters-ს განუცხადა, რომ ქვეყანათა ჯგუფი ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად ემზადება.
აქვე გეტყვით, რომ IOC-ისთვის წარდგენილი წერილის ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის ვერ ვხედავთ საქართველოს. ქვეყნის წარმომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებიათ.