მას შემდეგ, რაც ჩინური ციფრული ვალუტის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, სახელმწიფოს ორ დომინანტ ონლაინგადახდის პლატფორმას Alipay-სა და WeChat-ს პოტენციური საფრთხე შეექმნა. ჩინეთი გეგმავს, ციფრული იუანი საქონლისა და მომსახურების ბაზარზე დომინანტი იყოს.
ჩინეთის კომერციული ცენტრი შანხაიში აქტიურად ეწევა ჩინური ციფრული ვალუტის პოპულარიზაციას და ციფრული იუანით მომხმარებლებს ონლაინგადახდის პლატფორმების ალტერნატიულ გზას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები ციფრული იუანით გადახდისას გვერდს აუვლიან ყველა სხვა ტექნიკურ ოპერაციას, რომლებსაც ონლაინგადახდის პლატფორმები ითხოვენ.
ჩინეთის სახალხო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც შანხაიში ციფრული ვალუტის ჩაშვებაში მონაწილეობდა, აცხადებს: „ხალხი გააცნობიერებს, რომ ციფრული იუანით გადახდა იმდენად მოსახერხებელია, რომ მათ აღარ მოუწევთ Alipay-სა და WeChat Pay-ს ენდონ“.
მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, ჩინეთის სახალხო ბანკის განცხადებით, ციფრული იუანი ონლაინგადახდის აპლიკაციებს კონკურენციას არ გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ Alipay და WeChat-ი ონლაინგადახდის 94%-ს აკონტროლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწრაფად არ გადაერთვება ციფრულ იუანზე, ბანკები 5 მაისის სავაჭრო ფესტივალთან დაკავშირებით, გაციფრულებული ფულით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეღავათებს სთავაზობენ.
ჩინეთის სახალხო ბანკის წარმომადგენელი, ლი ბო აცხადებს: „იუანის გაციფრულებისთვის პრიორიტეტი სახელმწიფოს შიგნით მისი გამოყენების ხელშეწყობაა“. აღნიშნული ასევე ციფრული იუანის სტატუსს გლობალურად გაამყარებს. როგორც ჩინეთის სახალხო ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, ციფრული იუანის უსაფრთხოების სისტემა ბიტკოინთან შედარებით უფრო დახვეწილი და განვითარებულია, ასევე, უკვე დაიწყო იმის განხილვა, თუ რა გავლენას მოახდენს გაციფრულებული ფული დოლარზე.