გადაათვალიერეთ Global 2000-ის უმსხვილესი კომპანიების წლევანდელი სია და მის სათავეში ბევრ ნაცნობ სახელს იპოვით – ისეთებს, როგორიცაა: Exxon Mobil, General Electric, Apple, JPMorgan Chase, Berkshire Hathaway. მაგრამ ამ მსოფლიო მასშტაბის საკულტო ბრენდებს შორის აღმოაჩენთ რამდენიმე კომპანიასაც, რომლებსაც ალბათ არ იცნობთ და რომლებსაც სიაში განსაცვიფრებლად მაღალი პოზიციები უკავიათ. ასეთებია: ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი (Industrial & Commercial Bank of China) $2,5 ტრილიონის ღირებულების აქტივებით, ასევე ჩინეთის მშენებლობის ბანკი (China Construction Bank) და ჩინეთის ბანკი (Bank of China), თითოეული – $1,9 ტრილიონის აქტივებით.
დღეს მსოფლიოს 21 უმსხვილესი კომპანიიდან ოთხი – ჩინეთის ბანკია. ICBC რომელიც სიაში მეხუთე ნომერია, ასევე მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი კრედიტორია $33-მილიარდიანი აქტივებით (2011 წ.). მართლაც, ამჟამად ჩინეთის საბანკო სისტემა მსოფლიოში სიდიდით მესამეა აშშ-ისა და იაპონიის შემდეგ; მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქამდე მისი ბიზნესი ჩინეთის ფარგლებს თითქმის არ გასცილებია. ICBC არ არის მაინცდამაინც ფართოდ ცნობილი საერთაშორისო საბანკო აბრევიატურა – ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, HSBC – მაგრამ, მიუხედავად ამისა, ინვესტორებმა ICBC-ს აშშ-ის ნებისმიერ ბანკზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია მიანიჭეს.
2010 წელს ჩინეთის აგრარულმა ბანკმა (Agricultural Bank of China – პირველი კომერციული ბანკი, რომელიც 50-იან წლებში მაო ძედუნმა გლეხების დასახმარებლად დააარსა) პირველად ისტორიაში აქციების უმსხვილესი პირველადი საჯარო შეთავაზება განახორციელა, $22,1 მილიარდი მიიღო და დაასრულა პროცესი, რომელმაც ჩინეთის ოთხი უმსხვილესი ბანკის აქციები მასშტაბური შეთავაზებების სიაში მოახვედრა. ეს საკმაოდ დამაჯერებელი განაცხადია მსოფლიო კაპიტალის ბაზრებზე ჩინური კაპიტალის დამკვიდრების შესახებ.
მაგრამ სახელმწიფო ინარჩუნებს მკაცრ კონტროლს ჩინეთის უდიდეს ბანკებზე, რის გამოც უცხოური ინვესტიციების წილი უმნიშვნელოა. კაპიტალის კონტროლისა და ფიქსირებული პროცენტული განაკვეთების სახელმწიფო პოლიტიკამ ჩინეთის ბანკებს ვირტუალური ჩინური კედელი შემოავლო. ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ, ჩინეთის მთავრობის განკარგულებით, ჩინეთის ბანკებს ეკონომიკის სტიმულირების მიზნით 2 წლის განმავლობაში $3 ტრილიონის გაცემის უფლება მიეცათ.
შეძლებს ჩინეთი ოდესმე მსოფლიოში საბანკო საქმის ლიდერი გახდეს? თებერვალში ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა შეიმუშავა სამსაფეხურიანი გეგმა, რომელიც დაანგრევს ჩინეთის მსხვილი ბანკების გარშემო აღმართულ ბარიერებს. გაჩნდა იმედი, რომ ჩინეთის სამრეწველო კომპანიების კვალდაკვალ, ბანკებსაც მიეცემათ შესაძლებლობა გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და კაპიტალი მიაწოდონ მსოფლიო ეკონომიკას, რომელიც მის გამოყენებას შეძლებს. „ჩინეთის ბანკებს კარგი შესაძლებლობა ეძლევათ გაჰყვნენ ჩინურ კომპანიებს და უზრუნველყონ მათი დაფინანსება; საკითხავი ის არის, მოემსახურებიან თუ არა უცხოურ კომპანიებსაც”, – ამბობს ბენ სიმპფენდორფერი, ჰონკონგში მოღვაწე კონსულტანტი – „ჩინეთი მოგებული დარჩება საკუთარი კაპიტალის ექსპორტით და დანარჩენი მსოფლიოც ისარგებლებს, განსაკუთრებით – ჩინური პროდუქციის უცხოელი მყიდველები”.
ჩვეულებრივ, პეკინის პოლიტიკა მხოლოდ იმ ფინანსურ კომპანიებს მართავს, რომლებიც დიდ ფულს დებენ საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობაში. ჩინეთის განვითარების ბანკს (China Development Bank), სტრატეგიულ დაწესებულებას, დადებული აქვს რამდენიმე დიდი გარიგება აფრიკაში და გაცემული აქვს $10-მილიარდიანი სესხი ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია Petroleo Brasileiro-სათვის. თუმცა გაჩნდა იმის ნიშნები, რომ ჩინეთის დიდი კომერციული ბანკებიც ემზადებიან გლობალურ ბანკებად გარდაქმნისთვის. ICBC ხსნის და ყიდულობს ფილიალებს ნიუ-იორკიდან ნიდერლანდამდე, შარშან კი არგენტინაში Standard Bank-ის $600 მილიონის აქტივები შეიძინა. ამჟამად ის უამრავ საბანკო მოსამსახურეს ქირაობს ბრაზილიაში. „ჩინური ბანკები ბევრად დიდ როლს ითამაშებენ საერთაშორისო ასპარეზზე, ვიდრე წარსულში”, – ამბობს ჯონ ვეინშენკი, ჩინეთის Construction Bank-ის ნიუ-იორკის ფილიალის კორპორაციული ფინანსური დირექტორი. ამ ბანკმა ორი წლის განმავლობაში $2-მილიარდიანი საკრედიტო პორტფელის შექმნა მოახერხა. „ეს არის ჩვენი გეგმა. გარწმუნებთ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში გავფართოვდებით ამერიკის ორივე კონტინენტზე”.
თუმცა თვით ვეინშენკსაც კი არ სჯერა, რომ პეკინის ბანკები ახლო მომავალში შეძლებენ Wells Fargo-ის შევიწროებას. ჩინეთი სწორედ ახლა აპირებს რიგითი საკადრო ცვლილებების განხორციელებას, რასაც ათ წელიწადში ერთხელ აკეთებს. ხოლო ხელმძღვანელობის გამოცვლა, როგორც ჩანს, ხელს შეუშლის გლობალური საბანკო გაფართოების პროცესს. ასევე ბოლომდე არ არის ნათელი, რამდენად მოახერხებენ ჩინეთის ბანკები უცხოურ ბაზრებზე დამკვიდრებას – ამას შესაძლოა ხელი შეუშალოს იმ გარემოებამ, რომ ისინი განიცდიან სამუშაო ძალის დეფიციტს საერთაშორისო ფილიალების დასაკომპლექტებლად და საკრედიტო რისკის შესაფასებლად.
სხვებს კიდევ უფრო ბუნდოვნად ესახებათ ჩინური საბანკო სისტემის მომავალი. „მათი კაპიტალიზაცია არასაკმარისია იმისათვის, რომ ამჟამინდელი პოზიციიდან სხვა საფეხურზე გადაინაცვლონ”, – ამბობს კარლ უოლტერი, რომელმაც 20 წელი გაატარა ჩინეთში, სადაც საბანკო ფორპოსტებს აკომპლექტებდა ისეთი კომპანიისთვის, როგორიცაა JPMorgan Chase – „ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ მთავრობა მათ საზღვარგარეთ გასვლის საშუალებას მისცემს, მაშინ როცა რეალურად ამ ბანკებს გარდაქმნა ესაჭიროებათ”.
უოლტერი თანაავტორია (ფრეიზერ ჰოუისთან ერთად) პოპულარული წიგნისა „წითელი კაპიტალიზმი: ჩინეთის უჩვეულო აღორძინების მყიფე ფინანსური საფუძველი” (Wiley, 2011), რომელიც ჩინეთის ფინანსური სისტემის შესახებ მოგვითხრობს. უოლტერი ამბობს, რომ ჩინეთის საბანკო მოგება ხელოვნურადაა შექმნილი მთავრობის მიერ მართვადი საპროცენტო განაკვეთებით და ბანკებს წარმოდგენა არა აქვთ, როგორ გათვალონ არსებული რისკები. „ეჭვგარეშეა, რომ ჩინეთის დიდი ბანკები მსხვილ მოგებას იღებენ, რადგან ისინი იაფად ფინანსდებიან ჩინური ოჯახების მიერ, რომლებსაც ძალიან უყვართ დანაზოგების გაკეთება და სხვაგან არსად აქვთ მათი დაბანდების საშუალება. ბანკები დიდ სესხებს არ აძლევენ კერძო სექტორის მეწარმეებს – შედეგად მივიღეთ ე.წ. „რუხი” საკრედიტო ბაზარი, რომელსაც $600 მილიარდად აფასებენ და როდესაც მათ მიერ ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებზე ან სახელმწიფო კომპანიებზე გაცემულ სესხს საფრთხე დაემუქრება, მთავრობა ხშირად უწვდის დახმარების ხელს.
აპრილში თვით ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ვენ ჯიაბაომ განაცხადა, რომ ჩინეთის დიდი ბანკები ფულს „მეტისმეტად იოლად” შოულობენ და უნდა დაიშალონ. „რატომ? – იმიტომ, რომ რამდენიმე უმსხვილეს ბანკს მონოპოლიური პოზიცია უკავია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მათგან არის შესაძლებელი კრედიტისა და კაპიტალის მიღება”, – თქვა ვენმა.
„ჩინეთის საბანკო სისტემის რეფორმის მასშტაბი იმაში გამოიხატა, რომ გენერალურმა აღმასრულებლებმა „არმანი” ჩაიცვეს და ინგლისურად ალაპარაკდნენ”, – ამბობს იაშენგ ჰუანგი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ბიზნესის პროფესორი, ჩინეთის ეკონომიკის სპეციალისტი. „თუ ამერიკულ ბანკებს მეტისმეტად მსხვილი მასშტაბების გამო გაკოტრების საფრთხე ემუქრება, ჩინეთში იგივე პრობლემა ბევრად მწვავედ დგას”.
ჩინეთის ფულის დამგროვებელი მექანიზმები
როდესაც საქმე მოგებიანობას ეხება, ჩინეთის უმსხვილესი ბანკები ჯობნის მათ ამერიკელ კონკურენტებს. ICBC მსოფლიოს ყველაზე დიდი მოგების მქონე კრედიტორია.