ბრიტანეთსა და ჰონგ-კონგში ეკონომიკის აღდგენის ტემპების გამო, ევროპის უმსხვილესი ბანკის, HSBC-ის მოგება წლის პირველ ნახევარში გაორმაგდა. HSBC-ის EBIT მოგებამ 10.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მოგებაზე, 4.3 მილიარდ აშშ დოლარზე.
ბრიტანული მულტინაციონალური ბანკის განცხადებით, ყველა რეგიონი, სადაც ბანკი ოპერირებს, ამ პერიოდის განმავლობაში მომგებიანი იყო. ბანკმა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 2.1 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება მიიღო.
აღნიშნული ზრდის ფონზე საფინანსო ინსტიტუცია გეგმავს აქციონერებსთვის დივიდენდის გადახდები აღადგინოს. HSBC შუალედური დივიდენდის გაცემასაც გეგმავს, რომლის ოდენობაც 7 ცენტი იქნება თითოეულ აქციაზე.
სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, HSBC-ის რეკორდული მოგების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი პანდემიის დროს სესხებზე მოსალოდნელზე ნაკლები დანაკარგები გახდა. პანდემიისას ბანკებმა მიზანმიმართულად დაზოგეს თანხები იმ სცენარისათვის, თუკი სესხების დაბრუნების პროცესი გაჭიანურდებოდა. HSBC-ის მიერ ასეთი ვითარებისათვის გამოყოფილი თანხის რაოდენობამ კი 700 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ბანკი აცხადებს, რომ რესტრუქტურიზაციის პროცესი კვლავ გაგრძელდება. გასული წლის თებერვალში HSBC-მა დააანონსა, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობას 35,000-ით შეამცირებდა, რათა 2022 წლისათვის დანახარჯები 4.5 მილიარდი აშშ დოლარით შეემცირებინა.
კომპანია აზიის რეგიონში დამატებით 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რაც ასევე რესტრუქტურიზაციის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.