ცნობილი სახეები, რომელთაც მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ პლატფორმა დატოვეს

ცნობილი სახეები, რომელთაც მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ პლატფორმა დატოვეს

უკანასკნელ პერიოდში, ცნობილი სახეების მხრიდან, სოციალურ ქსელ Twitter-ის დატოვების შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. პლატფორმაზე ანგარიშის გაუქმების გადაწყვეტილება გასულ თვეში მილიარდერ ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდგომ განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდება. ცნობილ ადამიანებს შორის, რომელთაც სოციალური ქსელი უკვე დატოვეს, მუსიკოსი ჯეკ უაიტი და მოდელი ჯიჯი ჰადიდიც არიან.

White Stripes-ის ყოფილმა წევრმა ჯეკ უაიტმა Twitter-ის ანგარიში 20 ნოემბერს გააუქმა. უაიტის განცხადებით, მასკის გადაწყვეტილება, აღედგინა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში, მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მუსიკოსმა Twitter-ის ახალი მფლობელი ძალაუფლების გამოყენებაში დაადანაშაულა, „ძალადობის გამომწვევი მატყუარების ხელშეწყობისთვის, რომლებიც მსოფლიოს და ქვეყანას უკან აბრუნებენ“.

Twitter-იდან წამსვლელებს შორისაა Nine Inch Nails-ის ვოკალისტი ტრენტ რეზნორი. როგორც Hollywood Reporter-თან მუსიკოსმა განაცხადა, „მილიარდერთა კლასის ქედმაღლობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყველა საკითხის გადაჭრა შეუძლიათ, მსოფლიოს არ სჭირდება“. რეზნორი მიიჩნევს, რომ Twitter-ი სწორედ ასეთ ტოქსიკურ გარემოდ გადაიქცა.

The View-ის ერთ-ერთი ეპიზოდისას, Twitter-ის დატოვების შესახებ განცხადება ვუპი გოლდბერგმაც გააკეთა. მსახიობმა პლატფორმას „უწესრიგო“ უწოდა და დასძინა, რომ დაიღალა ე.წ. „წინ და უკან“-ქმედებებით, რაც „გარკვეული ტიპის დამოკიდებულების დაბლოკვასა და შემდგომ აღდგენაში“ გამოიხატებოდა. თუმცა, სიტუაციის გამოსწორების შემთხვევაში, გოლდბერგი სოციალურ ქსელში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, Twitter-ის ანგარიში გააუქმა ჯიჯი ჰადიდმა. მოდელმა Twitter-ს მასკის ხელმძღვანელობის ქვეშ „სანაგვე ორმო“ უწოდა, რომლის ნაწილად დარჩენაც, მიუხედავად თაყვანისმცემლებთან ურთიერთობის სურვილისა, აღარ სურდა. პლატფორმა დატოვა შონდა რაიმსმაც და თავის მიმდევრებს განუცხადა, რომ ილონის გეგმებთან მას რაიმე სახის კავშირი არ ექნებოდა.

ერთ-ერთი პირველი ცნობილ სახეთაგან, ვინც სოციალურ ქსელში ანგარიშის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ტონი ბრექსტონი იყო. ილონ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვიდან მეორე დღესვე მომღერალმა განაცხადა, რომ „შეძრწუნებული და შოკირებული“ იყო იმ კონტენტით, რომელიც პლატფორმაზე მისი შეძენის შემდეგ დახვდა. „სიძულვილის ენა, თავისუფალი სიტყვის ფარდის ქვეშ, მიუღებელია“, – აღნიშნა ბრექსტონმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ი $44 მილიარდად შეისყიდა. პირველივე დღეს მასკმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სიგალი და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიჯაია გადე თანამდებობიდან გადააყენა.

ცნობისთვის, კომპანიის შიდა მოხსენების თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდგომ Twitter-ის უმსხვილესი მომხმარებლების რაოდენობა პლატფორმაზე მნიშვნელოვნად შემცირდა. იმ მომხმარებლების მიერ პლატფორმის დატოვების შემდეგ, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად წერდნენ ისეთ ცნობილ ადამიანებზე, როგორებიც, მაგალითად, კარდაშიანები არიან. კომპანიამ დიდი დანაკარგები განიცადა, რასაც მისი მესვეურები Instagram-სა და TikTok-ზე მომხმარებელთა მიგრაციას უკავშირებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *