ახალი კვლევის თანახმად, წონის დასაკლებმა პოპულარულმა საინიექციო მედიკამენტმა, Wegovy-მ, ხუთწლიანი საცდელი პერიოდის განმავლობაში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად სიკვდილის, გულის შეტევისა და ინსულტის რისკი 20%-ით შეამცირა. ამის შესახებ პრეპარატის მწარმოებელმა კომპანია Novo Nordisk-იმ პრესრელიზის საშუალებით განაცხადა.
SELECT-ის სახელწოდებით ცნობილ კვლევაში მონაწილეობა 45 წელზე უფროსი ასაკის 18,000-მა ადამიანმა მიიღო, მსოფლიოს 41 ქვეყნიდან. ცდისპირებს კვირაში ერთხელ Wegovy-ის 2.4 მგ დოზასა და პლაცებოს აძლევდნენ. Novo Nordisk-ის ცნობით, კვლევაში მონაწილეებს ჭარბი წონა და სიმსუქნე, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებდათ, თუმცა დიაბეტის სამედიცინო ისტორია არ ჰქონიათ.
Novo Nordisk-ი გეგმავს, Wegovy-ის გამოყენების გაფართოებისთვის მარეგულირებელ ორგანოებს აშშ-სა და ევროკავშირში განცხადება მიმდინარე წელს წარუდგინოს. კომპანიის ინფორმაციით, ზემოხსენებული კვლევის დეტალური შედეგები წლის ბოლოს სამეცნიერო კონფერენციაზეც იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ სიახლის გავრცელების შემდეგ Novo Nordisk-ის აქციების ფასი 16%-ით გაიზარდა.