Twitter-მა ილონ მასკის საკუთრებაში პირველი შესყიდვა განახორციელა

Twitter-მა ილონ მასკის საკუთრებაში პირველი შესყიდვა განახორციელა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოციალური პლატფორმა Twitter-ის ახლად შექმნილმა მშობელმა კომპანია X Corp-მა, ილონ მასკის საკუთრებაში ყოფნის პერიოდში პირველი შესყიდვა განახორციელა. როგორც ჩანს, მილიარდერი თავის თავდაპირველ გეგმას მიჰყვა და Twitter-ის ე.წ. „ყველაფრის აპლიკაციად“ გარდასაქმნელად, ტექნოლოგიური ტალანტების დასაქმების პლატფორმა Laskie შეიძინა.

სოციალურ პლატფორმასა და Laskie-ის შორის მიღწეულ შესაძლო შეთანხმებაზე პირველად ინფორმაცია Axios-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი ეს გამოცემა Bloomberg-მაც დაადასტურა. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გარიგება უკვე შედგა, ღირებულება კი „ნაწილობრივ აქციებისა და ნაწილობრივ ნაღდი ფულის“ საშუალებით დაიფარა.

შესყიდვასთან დაკავშირებულ ეჭვებს ის ფაქტიც აძლიერებს, რომ Laskie-ის ვებგვერდი ამ ეტაპზე ცარიელია, ხოლო პლატფორმა ხელმისაწვდომი აღარ არის. ცნობისთვის, Laskie-ის საშუალებით ვაკანსიის ტრადიციული გამოქვეყნებისა და განაცხადის პროცესების გვერდის ავლით, ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაოს მაძიებლები მათ პროფილზე არსებული დეტალების საფუძველზე დამსაქმებლებს უკავშირდებოდნენ.

შესყიდვასთან დაკავშირებით არც მასკს, არც Twitter-ის ახალ CEO ლინდა იაკარინოს და არც Laskie-ის დამფუძნებელ კრის ბაკეს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ამ ეტაპისთვის ასევე გაურკვეველია, Twitter-ი Laskie-ის სერვისის თავის პლატფორმაზე ინტეგრირებას გეგმავს, თუ მას დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას მისცემს.