UC Berkeley-ს ინოვაციური სწავლება საქართველოში

UC Berkeley-ს ინოვაციური სწავლება საქართველოში

საქართველოს უნივერსიტეტი და Future Laboratory–ი, UC Berkeley–სთან თანამშრომლობით, ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამას იწყებს. მისი მართვა კოკა თოფურიას და ირაკლი ქაშიბაძის ხელში იქნება.

2022 წლის სექტემბრიდან საქართველოს უნივერსიტეტში ინოვაციისა და მეწარმეობის სამაგისტრო კურსი იხსნება: პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში, UC Berkeley-ის მეწარმეობისა და ტექნოლოგიების ცენტრი (SCET) საქართველოს უნივერსიტეტსა და კომპანია Future Laboratory-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის ფორმირებაში დაეხმარება.

UC Berkeley მსოფლიოს ტოპ-უნივერსიტეტების ნებისმიერ რეიტინგში საჯარო უნივერსიტეტების უპირობო ლიდერია; ხოლო ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებას თუ ავიღებთ – კალიფორნიის შტატის ეს გამორჩეული უნივერსიტეტი მთელ მსოფლიოში, MIT-ის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.

გლობალურ ლიდერთან პარტნიორობის გარდა, მომავლის სამაგისტრო პროგრამაში ყველაზე მიმზიდველი პროექტზე დაფუძნებული სწავლების გამოცდილებაა – ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები ამ პროგრამაზე თეორიულ ცოდნას პრაქტიკულის პარალელურად დააგროვებენ. საბოლოო მიზანია არა მხოლოდ უკვე დასაქმებული ადამიანებისთვის კომპეტენციის გაზრდა და სათანადო უნარებით მათი აღჭურვა, არამედ დამოუკიდებელი სამეწარმეო აზროვნებისა და მოტივაციის განვითარებაც.

ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის სტუდენტებისა და პროფესორების რეგულარულ მივლინებას UC Berkeleyში. ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სამი თვის განმავლობაში, UC Berkeley-ში, კალიფორნიაში, სტარტაპსემესტრს დაესწრებიან და, საგნების წარმატებით დახურვის შემთხვევაში, უკან სემესტრულ სერტიფიკატსაც ჩამოიტანენ.

პროგრამის ავტორიც და პარტნიორიც მიიჩნევენ, რომ საბოლოო ჯამში, გარკვეული ბიზნესიდეით ანთებულმა ადამიანმა ამ ორი წლის შემდეგ ან საკუთარი ბიზნესის წარმოება უნდა შეძლოს, ან სამეწარმეო აზროვნების დასაქმების ადგილზე წარმატებით გამოყენება.

ინოვაციას ამ პროგრამისა და მისი გარემოს ყველა ეტაპზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მივყვეთ თანამიმდევრობით.

დავიწყოთ იმით, რომ ამ პროგრამას ავტორიც ჰყავს და პარტნიორიც. ავტორი ამ შემთხვევაში Future Laboratory-ა, რომელსაც ირაკლი ქაშიბაძე ხელმძღვანელობს. პარტნიორი კი საქართველოს უნივერსიტეტი, რომელსაც დღეს კოკა თოფურია წარმოადგენს და რომელიც Future Laboratory-ის მსგავსი ორგანიზაციებისთვის ერთგვარი პლატფორმის როლს ასრულებს: საქართველოს უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ შესაძლებელია ხარისხიანი პრაქტიკულ-საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და მთელი იმ რესურსით სარგებლობა, რაც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამართულ კერძო უნივერსიტეტს აქვს.

ირაკლი ქაშიბაძე | ფოტო: ხათუნა ხუციშვილი/Forbes Georgia

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს გულწრფელად სჯერა – რომ არა საქართველოს უნივერსიტეტის ასეთი ინოვაციური მიდგომა, უნივერსიტეტის ყურადღების მიღმა შესაძლოა, ბევრი ისეთი პროგრამა დარჩენილიყო, რომლებზეც რეალური მოთხოვნა არსებობს. „ეს საფრთხე იზრდება, თუკი უნივერსიტეტი მხოლოდ საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი“, – ამბობს კოკა თოფურია.

ამასთან, ხარისხი, რაც ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის გადამწყვეტია, ამ ინოვაციური სქემის შემთხვევაშიც ბოლომდე გადაზღვეულია. როგორც რექტორი განმარტავს, უნივერსიტეტის ხარისხის განვითარების ცენტრი პროგრამას დეტალურად ამოწმებს; ამ პროგრამებშიც უნივერსიტეტის კომპეტენციები, უნივერსიტეტის ლექტორები საქმდებიან; უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახური კი ცხრილების დაგეგმვასა და სტუდენტების სტატუსის მართვაზეა პასუხისმგებელი.

„ამდენად, გარედან მოსულ პროგრამებს ჩვენგან სრული ორგანიზაციული მხარდაჭერა აქვთ, – ამბობს კოკა თოფურია, – პროგრამის შინაარსობრივი მხარე კი შეგვიძლია, თავისუფლად ვანდოთ გარე პროფესიონალებს“.

Future Laboratory-ს პროექტების პროფესიონალურად მართვის გამოცდილება როგორც უნივერსიტეტს გარეთ, ისე მის შიგნითაც დაუგროვდა.

დღეს Future Laboratory-ის პორტფოლიო – რომელიც ორიენტირებულია, კერძო ბიზნესის ტრანსფორმაცია ინოვაციების მეშვეობით მოახდინოს – საქართველოს უნივერსიტეტს გარეთ, მაგალითად, მოლდოვასა და ყირგიზეთში ტექნოპარკების გამართვას მოიცავს; საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებს შიგნით კი UG Startup Factory-ის წარმატებით მართვის გამოცდილება აქვს. ეს პროგრამა დაარსებიდან ხუთი წლის თავზე სტარტაპების მერვე გამოშვებას მასპინძლობს. ჯამურად მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა მოზიდული. ინვესტირებას, 100-ათასლარიანი მხარდაჭერით, სხვა ინვესტორებთან ერთად, თავად საქართველოს უნივერსიტეტიც ახდენს.

კოკა თოფურია | ფოტო: ხათუნა ხუციშვილი/Forbes Georgia

UC Berkeley-სთან პარტნიორობით ახალი სამაგისტრო პროგრამის დაქოქვა, როგორც ჩანს, შიდა თანამშრომლობის ამ წარმატებულმა მაგალითმაც განაპირობა. „ვიწყებთ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამით. მოგვიანებით იქნება საბაკალავრო პროგრამაც“, – ამბობს Future Laboratory-ის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე.

ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზების დადებას არ ჩქარობენ, თუმცა მიზანია, რომ რეგიონში წამყვანები გახდნენ და ოთხ წელიწადში სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებს ათასი კურსდამთავრებული ჰყავდეს.

„ეს პროგრამა იქნება ძალიან საინტერესო შეთავაზება როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ნამდვილად რეგიონული დონის მოვლენაა“, – ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია: ერთია, რომ საქართველოს უჩნდება შანსი, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბდეს და მეორეა, რომ მეწარმეობის პროგრამა ამ ფორმით უკვე სიახლეა.

როგორც ირაკლი ქაშიბაძე ამბობს, ლიდერშიპს ლექციებით ვერ ისწავლი. „შეიძლება მიიღო ინფორმაცია კონცეფციების შესახებ, მაგრამ ლექციის მოსმენით ლიდერი ვერ გახდები, ისევე როგორც თეორიულად ვერ ისწავლი ცურვას, – განმარტავს ირაკლი ქაშიბაძე. – ამიტომ ჩვენ დიდ აქცენტს დავსვამთ პიროვნული უნარების ვარჯიშზე. ხელს შევუწყობთ კრეატიულობის, ლიდერული უნარების განვითარებას და პრაქტიკად ქცევას. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, წარუმატებლობის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს“.

გამოცდილ CEO-ს, რომელსაც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციისა და ინოვაციური ინდუსტრიის სფეროში ცოდნისა და პრაქტიკის მდიდარი ისტორია აქვს, დაეჯერება. ირაკლი ქაშიბაძის სპეციალიზაცია მოიცავს ბიზნესდაგეგმარების, კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღების, ინოვაციური მენეჯმენტის, ინოვაციური განვითარების, მენეჯმენტისა და სტარტაპების სფეროებს. ამასთან, ირაკლი ქაშიბაძეს მთავრობაში წამყვან თანამდებობებზე მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს და სახელმწიფო დონეზე მნიშვნელოვანი პროექტების ინიციატორიც არაერთხელ ყოფილა – ამ ჩამონათვალში ხვდება ინოვაციებისა და სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებაც.

ინოვაციებსა და მეწარმეობასთან დაკავშირებულ უნარებზე რომ დიდი მოთხოვნაა, ამაზე დღევანდელი ჩვენი გარემოც ნათლად მეტყველებს. მთავრობას, ბიზნესს, მოქალაქეებს, საგანმანათლებლო სივრცეს – ერთ დღეს ყველას ასე ერთბაშად დასჭირდა პროცესების გადაწყობა და ახალ, ონლაინრეალობასთან შეგუება. COVID-19-მა ეს პროცესი, ცხადია, დააჩქარა, თუმცა მის გარეშეც გაციფრულება უკვე დიდი ხანია, აღარ იყო მსოფლიოს მომავალი – არამედ, აწმყო.

„ეს პროგრამა არ იქნება განკუთვნილი მხოლოდ მათთვის, ვინც სტარტაპის შექმნას აპირებს, – ამბობს ირაკლი ქაშიბაძე – ჩვენ ძალიან ღირებული პროგრამა ვიქნებით კომპანიებისთვის, იმ კორპორაციებისთვის, ვინც ე.წ. ციფრულ ინოვაციურ ტრანსფორმაციას გეგმავს. ასევე – სამთავრობო ნაწილშიც. პროგრამა ძალიან ღირებული იქნება იმ მოხელეებისთვის, ვისაც სწრაფად სურს სამთავრობო ინოვაციური პროცესების განხორციელება. მთავრობის დონეზეც ვნახეთ, ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება რამდენად მნიშვნელოვანია“.

და ეს ყველაფერი რეგიონული მასშტაბით. საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ თუ კონკურენტულობის გაზრდა და შენარჩუნება გინდა, ნებისმიერ სფეროში, ექსპორტზე ორიენტირებული უნდა იყო. საერთაშორისო სტუდენტების საქართველოში მოზიდვა და მათთვის ხარისხიანი განათლების შეთავაზება კი ექსპორტია.

„კონკურენტუნარიანობისა და ხარისხის ზრდას ვერცერთი სტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს, – მტკიცედ სჯერა კოკა თოფურიას, – ეს უნდა უზრუნველყოს ბაზარმა. რაც უფრო დიდ ბაზარზე მოვსინჯავთ ჩვენს ძალებს, მით უფრო მეტი მოტივაცია გვექნება, ავწიოთ ხარისხი და ყველაზე მაღალი სტანდარტის მომსახურებები უზრუნველვყოთ“.

სამაგისტრო პროგრამისთვის რეგიონული დატვირთვის მინიჭებას ის მიზანიც აქვს, რომ დაინგრეს საბჭოთა მენტალობა და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუნდეს კომფორტის ზონის გაფართოება და თუნდაც ძალიან მსხვილ კომპანიაში წარმატებით დასაქმებულიდან, დამსაქმებლად გარდაქმნა.

„ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს წარმატებული სტარტაპერის აზროვნება, – ამბობს კოკა თოფურია. – იდეიდან, რომელიც ათასჯერ გადაკეთდება და მიწაზე დაეშვება, რეალური ბიზნესის შექმნა უნდა იყოს შესაძლებელი. ეს იქნება ამ ორწლიანი, პრაქტიკულად, სააქსელერაციო-საინკუბაციო სამაგისტრო პროგრამის მთავარი შედეგი. უნივერსიტეტმა უნდა წაახალისოს სტუდენტი, რომ საკუთარ ახალ თავგადასავალს შეეჭიდოს და ეს მით უფრო მარტივია, სანამ ადამიანი დასაქმებულის რუტინას ბოლომდე მოირგებს და შეეჩვევა“.

თუმცა, მეორე მხრივ, ეს თავსმოხვეული მიზანი ვერ იქნება, ამიტომ პროგრამა ისეა აწყობილი, რომ უკვე რუტინამორგებულ დასაქმებულსაც უკეთესი უნარები შესძინოს – 2022 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის ყველა კურსდამთავრებულს შეეძლება სწორად დატესტოს თავისი იდეა, სწორად გაიტანოს ბაზარზე, გაყიდოს, დაამყაროს კონტაქტები, სწორი ურთიერთობა ჰქონდეს გუნდთან და არა მარტო ეცოდინება, არამედ შეეძლება კიდეც ამ ყველაფრის პრაქტიკაში დანერგვა.

„ამ ორი წლის განმავლობაში ეს იქნება მაქსიმალურად პრაქტიკული სწავლება, – ამბობს ირაკლი ქაშიბაძე. – რეალურ ამოცანებზე იქნება მიმართული და, საბოლოო ჯამში, რასაც კომპანიები დასაქმებულების გადამზადებაზე ხარჯავენ – მათ შორის, ლიდერულ პოზიციებზე, მათ შორის, ინოვაციების მიმართულებით – ჩვენ სწორედ ასეთ კადრებს მოვამზადებთ“.

UC Berkeley-სთან თანამშრომლობა კი იმას უზრუნველყოფს, რომ მთელი კურსის განმავლობაში სტუდენტებს ექნებათ წვდომა უნიკალურ საერთაშორისო მენტორებზე, ტრენერებზე, პრაქტიკოსებზე, ვინც მრავალმილიონიანი სტარტაპები უკვე შექმნეს და ან გაყიდეს, ან დღესაც მართავენ. „სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ყველაზე დიდ და ყველაზე ცნობილ ლიდერ აქსელერაციის პროგრამებში ჩაერთონ; წვდომა ჰქონდეთ ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე; ძალები მოსინჯონ სილიკონის ველზე“, – განმარტავს კოკა თოფურია.

რომ შევაჯამოთ: ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულთა შეუქცევად განვითარებას მყარი საფუძველი ორი გზით ჩაუყაროს: ერთი, ე.წ. soft skills-ის ანუ საქმისთვის აუცილებელი პიროვნული უნარებისა და თვისებების შეძენა, ხოლო მეორე, სტარტაპების კონკურენტუნარიანობის ზრდა და მათთვის ამ გზით რისკის შემცირება იქნება.

გლობალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოგებაზე ხუთიდან მხოლოდ ორი სტარტაპი გადის. სამიდან ერთი სტარტაპი ან თავის შენახვას ახერხებს, ან წაგებაზეა.

როგორც ირაკლი ქაშიბაძე გვიხსნის, ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შემდეგ, რეგიონის ბაზარზე ე.წ. ჭკვიანი სტარტაპები უნდა გამოჩნდნენ, რომლებიც ვენჩურულ სამყაროში ჭკვიან ინვესტიციებად ცნობილ დაბანდებებს მოიზიდავენ.

ისევ გლობალურ სტატისტიკას თუ შევხედავთ, ეს შეიძლება ისეთი სფეროების განვითარებას და გამოცოცხლებას ნიშნავდეს, როგორიცაა ფინტექი, ციფრული ჯანდაცვა, ელექტრონული კომერცია, მედია, ფარმაცევტული ბიზნესი, სოციალური ქსელები, საგანმანათლებლო ტექნოლოგიები, უძრავი ქონების ტექნოლოგიები, სატელიტები, განახლებადი ენერგია, კვანტური გამოთვლები და სხვა.

ეს კი ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალი სიმძლავრეების დამატებას ნიშნავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *