გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ბოლო დღეებში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება კოსმოსის კვლევის მიმართულებამ მიიპყრო. მეცნიერებმა ახალი კვლევის საფუძველზე გამოთქვეს ვარაუდი, რომ მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტის, მერკურის ქერქი 16 კვადრილიონ ტონა ალმასს შეიცავს. გარდა ამისა, გერმანიაში მდებარე მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტში მომუშავე სპეციალისტებმა დაადგინეს, როდის დაიწყო ირმის ნახტომის გალაქტიკის „სქელი დისკის“ ჩამოყალიბება. ასევე ცნობილი გახდა, როდის გაუშვებს SpaceX-ი თავის კოსმოსურ ხომალდ Starship-ს დედამიწის ორბიტაზე სადებიუტო მისიის ფარგლებში. საზოგადოებას ისტორიული მნიშვნელობის მიღწევით დაამახსოვრა თავი კოსმოსურმა ზონდმა, Solar Orbiter-მა, რომელმაც მზის ყველაზე ახლო მანძილიდან გადაღება შეძელო.

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსა და სიახლეებს: ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა ადამიანის სისხლში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს; ბრიტანელი მეცნიერები ახალი კვლევის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ სისხლის კიბოთი დაავადებული პაციენტების დასუსტებული იმუნური სისტემა შესაძლოა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შემდეგ გაუმჯობესდეს. რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსი მეცნიერები წელს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში მომხდარ ზემოთ ჩამოთვლილ მნიშვნელოვან სიახლეებს დეტალურად მიმოვიხილავთ.

მეცნიერების ვარაუდით, მერკურის ქერქი 16 კვადრილიონ ტონა ალმასს შეიცავს   

მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა მერკური მეცნიერების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს, ვინაიდან ამ ციური სხეულის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა, სპეციალისტების დახმარებით, მის მახასიათებლებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ.

მეცნიერების განცხადებით, მერკურის ქერქი დიდწილად გრაფიტით არის მდიდარი, რომელიც უცხო სხეულებთან შეჯახების შემდეგ ალმასად გარდაიქმნება. პლანეტის ზედაპირი კი მეტეორიტებისა და კომეტების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი კრატერებით არის დაფარული. სპეციალისტები ახალი კვლევის საფუძველზე, რომლის შესახებაც მათ ცოტა ხნის წინ გამართულ კონფერენცია Lunar and Planetary Science Conference-ზე ისაუბრეს, ვარაუდობენ, რომ მერკურის ქერქი შესაძლოა, 16 კვადრილიონ ტონა ალმასს შეიცავდეს.

ფოტო: GETTY IMAGES

„ასტეროიდების ან კომეტების პლანეტის ზედაპირთან წამში ათეულობით კილომეტრის სიჩქარით შეჯახების შედეგად წარმოქმნილმა წნევის ტალღამ შესაძლოა, ეს გრაფიტი ალმასად გადააქციოს“, – განაცხადა კონფერენციაზე გეოლოგმა კევინ კენონმა, რომელიც კვლევაში იყო ჩაბმული.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, დიდი ალბათობით, ეს ალმასები იმ ქვებს არ ემსგავსება, რომლებიც დედამიწაზე საკმაოდ ძვირად ფასობს და სამკაულების დასამზადებლად გამოიყენება. ისინი უფრო მეტად ემსგავსება ალმასებს, რომლებსაც მრეწველობაში აბრაზიული მასალის სახით იყენებენ. სპეციალისტების განცხადებით, პლანეტაზე ალმასები, სავარაუდოდ, გრაფიტთან და ნახშირბადის სხვა ფორმებთან ნარევის სახითაა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ დღემდე პლანეტა მერკურიმდე მისვლა და მასზე დაკვირვება აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს, NASA-ს ორმა კოსმოსურმა ხომალდმა – MESSENGER-მა და Mariner 10-მა შეძლო. ციური სხეულის შესწავლა არა მხოლოდ მისი შორეული მდებარეობის, არამედ იქ არსებული არახელსაყრელი პირობების გამო რთულდება. აღსანიშნავია, რომ მერკურის სიახლოვეს საკმაოდ ძლიერი მიზიდულობა შეინიშნება, პლანეტაზე კი ექსტრემალური ტემპერატურაა, რომელიც 427 °C-დან -173°C-მდე მერყეობს.

მეცნიერები იმედებს ხომალდ BepiColombo-ზე ამყარებენ, რომელიც ევროპისა და იაპონიის კოსმოსურმა სააგენტოებმა ერთობლივი მისიის ფარგლებში მერკურის შესასწავლად 2018 წლის 20 ოქტომბერს გაუშვეს. გეგმის მიხედვით, აპარატი ობიექტამდე 2025 წელს მიაღწევს და მის გამოკვლევას დაიწყებს.

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Starship-ი ორბიტაზე სატესტო ფრენას მაისში შეასრულებს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდი Starship-ი დედამიწის ორბიტაზე სატესტო ფრენას მაისში შეასრულებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Tweeter-ზე დაწერა.

„Starship-ის პირველი ორბიტული ფრენა Raptor 2-ის ძრავებით განხორციელდება, ვინაიდან ისინი ბევრად უფრო ქმედითი და საიმედოა… მომავალი თვისთვის ფრენისთვის ვარგის 39 ძრავას დავამზადებთ, ამის შემდეგ კიდევ ერთი თვე მის ინტეგრირებას დასჭირდება. ასე რომ, ვიმედოვნებ, პირველი ორბიტული სატესტო ფრენა მაისში შედგება“, – დაწერა Tweeter-ზე ილონ მასკმა.

Starship-ი SpaceX-ის მიერ შექმნილი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდია. ილონ მასკის კომპანიისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. აღსანიშნავია, რომ NASA-მ პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში SpaceX-თან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, მწარმოებელი Starship-ით ასტრონავტების მთვარეზე დასმას უზრუნველყოფს. ბოლო ინფორმაციით, მისიის განხორციელება 2026 წელს იგეგმება.

ფოტო: SpaceX

გარდა ამისა, ილონ მასკის მიზანი Starship-ის მარსზე დაგეგმილ მისიებში გამოყენებაა. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანი მარსის ზედაპირზე დაჯდომას 2029 წლისთვის შეძლებს. მასკის კომპანიასა და მის მიერ შექმნილ კოსმოსურ აპარატს აქვთ ამბიცია, წითელ პლანეტაზე ასტრონავტების გაგზავნა უზრუნველყონ.

Starship-ის სადებიუტო ფრენა ორბიტაზე გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა ამის შემდეგ აპარატის გაშვება არაერთხელ გადაიდო. როგორც ცნობილია, სატესტო მისიის განსახორციელებლად SpaceX-მა აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან ნებართვა უნდა მიიღოს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, Starship-ს ტეხასის შტატში მდებარე Starbase-ის სახელწოდებით ცნობილი ბაზიდან გაუშვებენ.

Starship-ის პირველი საფეხური გაშვებიდან რამდენიმე წუთში დედამიწაზე დაბრუნდება და მექსიკის ყურეში, სპეციალურ პლატფორმაზე დაჯდება. რაც შეეხება მეორე საფეხურს, ის პლანეტას ერთხელ შემოუვლის და ხმელეთზე მხოლოდ ამის შემდეგ დაეშვება.

მეცნიერებმა დაადგინეს, როდის დაიწყო ირმის ნახტომის გალაქტიკის დისკის ჩამოყალიბება

გერმანიაში მდებარე მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ირმის ნახტომის გალაქტიკის „სქელი დისკის“ ჩამოყალიბება 13 მილიარდი წლის წინ დაიწყო, 2 მილიარდი წლით ადრე, ვიდრე სპეციალისტებს აქამდე ეგონათ. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი გამოცემა Nature-ში გამოქვეყნდა.

ფოტო: NASA/Nick Risinger

მეცნიერებმა კვლევის დროს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კუთვნილი აპარატის, Gaia-ს მიერ შეგროვებული მონაცემები, ასევე ჩინეთში მდებარე ტელესკოპის, LAMOST-ის მიერ მოპოვებული მასალა გამოიყენეს. ასტრონომების ახალი მიგნება იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გალაქტიკის დისკის ფორმირება დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 800 მილიონი წლის შემდეგ დაიწყო.

ირმის ნახტომის გალაქტიკა ორი ნაწილისგან შედგება – ჰალოსა და დისკისგან. ეს უკანასკნელი თავის მხრივ ორ ნაწილად იყოფა: თხელ დისკად, რომელიც გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავების უმეტესობას მოიცავს და სქელ დისკად, რომელიც მხოლოდ მცირე რაოდენობით მნათობებს აერთიანებს. მეცნიერებმა ირმის ნახტომის გალაქტიკის განვითარების ისტორიაზე დაკვირვება სუბგიგანტი ვარსკვლავების შესწავლის გზით მოახერხეს.

მკვლევრებმა გააანალიზეს დაახლოებით 250,000 მნათობი, რომელთა ასაკი 13.8-დან 15 მილიარდ წლამდე მერყეობს. მათ სიცოცხლის ფაზებზე დაკვირვების შედეგად, სპეციალისტებმა ჩვენი გალაქტიკის გაფართოებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიპოვეს და სწორედ ამ გზით დაადგინეს მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონის ასაკი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში ირმის ნახტომის გალაქტიკის ევოლუციის შესახებ უფრო მეტს შეიტყობენ. ამ მხრივ მათ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის იმედი აქვთ, რომელიც კოსმოსში გასული წლის 25 დეკემბერს გაუშვეს.

რუსი მეცნიერები წელს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას არ მიიღებენ

რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს მიერ Telegram-ის არხის დახმარებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსი მეცნიერები წელს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას არ მიიღებენ. სამინისტრომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამ ურთიერთობა ოკუპანტ ქვეყანასა და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს შორის აღნიშნულ სფეროშიც დაძაბა.

მინისტრმა ვალერი ფალკოვმა უნივერსიტეტებთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე შეჩერდება რუსი მეცნიერების ნაშრომების საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში ინდექსირება. მეცნიერებს არ ეკრძალებათ კვლევების გამოქვეყნება საერთაშორისო გამოცემებში, რომლებიც ინდექსირებულია მონაცემთა ორ ბაზაში: Web of Science-სა და Scopus-ში, თუმცა არ დაეყრდნობიან მათ, როგორც ნაშრომთა ხარისხის ინდიკატორს.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკურმა კომპანია Clarivate-მა, რომელიც Web of Science-ს მართავს, უკვე დახურა საკუთარი ოფისი რუსეთში. მან ასევე განაცხადა, რომ არ შეაფასებს ახალ ჟურნალებს რუსეთის ფედერაციიდან და ბელარუსიდან.

რუს მეცნიერებთან კავშირი გაწყვიტეს სხვა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმაც. მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ, CERN-მა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას აჩერებს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესი, რომელიც რუსეთში უნდა ჩატარებულიყო, ივლისში ვირტუალურად გაიმართება.

უკრაინელი მეცნიერები ბოლო კვირების განმავლობაში საერთაშორისო გამოცემებს მოუწოდებენ, არ გამოაქვეყნონ რუსი მეცნიერების ნაშრომები. ამის მიუხედავად, ცნობილმა სამეცნიერო ჟურნალმა Nature-მა განაცხადა, რომ  მეცნიერების მიერ კვლევების ერთმანეთისთვის გაზიარების შესაძლებლობას ვერ დაბლოკავს. რამდენიმე გამოცემამ, მათ შორის Journal of Molecular Structure-მა, რუსული დაწესებულებებისგან ნაშრომების მიღებაზე უარი თქვა.

მეცნიერებმა ადამიანის სისხლში მიკროპლასტმასა პირველად აღმოაჩინეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ადამიანის სისხლში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა პლასტმასის მცირე ზომის ნაწილაკები მათ მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილე ადამიანების 80%-ის სისხლში გამოავლინეს. ამ არცთუ ისე სასიამოვნო აღმოჩენის შესახებ ნაშრომი სამეცნიერო გამოცემა Environmental International-ში გამოქვეყნდა.

ფოტო: iStock

პლასტმასის პატარა ნაწილაკებს სისხლის დახმარებით ადამიანის ორგანიზმში, ნებისმიერ ადგილზე მოხვედრა შეუძლიათ. არსებობს საშიშროება, რომ ისინი ორგანოებში გაიჭედონ, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. მეცნიერები ახლა იმის უფრო ზუსტად გარკვევას გეგმავენ, თუ რა გავლენას მოახდენს მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში სისხლში არსებული პლასტმასა ადამიანთა ჯანმრთელობაზე.

ლაბორატორილი ექსპერიმენტებით დგინდება, რომ მიკროპლასტმასა ადამიანის უჯრედებს აზიანებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მავნე ნაწილაკები, რომლებიც ადამიანის სხეულში ჰაერიდან ხვდებიან, ყოველწლიურად მილიონობით სიცოცხლეს იწირავენ.

პლასტმასის ნარჩენებით მთელი მსოფლიოა დაბინძურებული. ის გვხვდება თითქმის ყველგან, მაღალი მთებიდან – ოკეანეების ფსკერებამდე. მიკროპლასტმასას შეიძლება შეიცავდეს საკვები და წყალი, რომელსაც ვიღებთ. ასევე, მისი მცირე ნაწილაკები ჩვენს ორგანიზმში ჰაერის ჩასუნთქვის გზითაც კი ხვდება.

Environmental International-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა კვლევა 22 ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანზე ჩაატარეს. აქედან 17 ცდისპირის სისხლის ნიმუშში მიკროპლასტმასის ნაწილაკები აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა 1/3-ის სხეულში პოლისტიროლის შემცველობაც დადასტურდა.

Solar Orbiter-მა მზის ყველაზე ახლოდან გადაღება შეძლო

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კუთვნილმა კოსმოსურმა ზონდმა, Solar Orbiter-მა მზის ყველაზე ახლო მანძილიდან გადაღება შეძელო. ორგანიზაციამ შთამბეჭდავი სურათი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე 24 მარტს გამოაქვეყნა, თუმცა, როგორც ცნობილია, აპარატმა ობიექტი 7 მარტს დააფიქსირა.

ფოტო: ESA

ESA-ს ინფორმაციით, Solar Orbiter-ი ფოტოს გადაღების დროს ზუსტად მზისა და დედამიწის შუაში იყო მოქცეული და ორივე ობიექტიდან 75 მილიონი კილომეტრი აშორებდა. აპარატმა მნათობი მასზე დამონტაჟებული კამერის, Extreme Ultraviolet Imager-ის ობიექტივში მოაქცია.

აღსანიშნავია, რომ კოსმოსური ზონდი ფოტოებს დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში იღებდა. ESA-ს მიერ გამოქვეყნებული სურათი მზის მთლიანი გამოსახულების მისაღებად 25 ცალკეული კადრისგან არის აწყობილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ Solar Orbiter-ი მზის შესასწავლად 2020 წლის 10 თებერვალს, ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან რაკეტა Atlas V-ის დახმარებით გაუშვა. ESA მისიას, რომლის ღირებულებაც 1.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოსთან, NASA-სთან თანამშრომლობით ახორციელებს.

COVID-19-ის ვაქცინის მესამე დოზა სისხლის კიბოს მქონე პაციენტებში იმუნურ პასუხს აუმჯობესებს

ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, სისხლის კიბოთი დაავადებული პაციენტების დასუსტებული იმუნური სისტემა შესაძლოა, გაუმჯობესდეს მას შემდეგ, რაც ისინი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას გაიკეთებენ. ნაშრომი, რომელშიც მკვლევრები აღნიშნული მიგნების შესახებ დეტალურად საუბრობენ, გამოცემა Nature Cancer-ში გამოქვეყნდა.

ლიმფომით დაავადებული პაციენტების იმუნური სისტემა დეფექტების გამო ვაქცინაციაზე არასრულფასოვნად რეაგირებს. თუმცა მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის მიღებას აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებში ანტისხეულებისა და T-უჯრედების საპასუხო რეაქციის გაძლიერება მოჰყვა.

ფოტო: WHO

დიდ ბრიტანეთში მდებარე საუთჰემპტონის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა კვლევა ლიმფომით დაავადებულ 457 ზრდასრულ ადამიანზე ჩაატარეს. როგორც ცნობილია, ცდისპირებს Oxford/AstraZeneca-სა და BioNTech/Pfizer-ის ვაქცინები გაუკეთდათ. მეცნიერები პაციენტების ორგანიზმის იმუნურ პასუხებს პრეპარატის თითოეული დოზის გაკეთების შემდეგ დააკვირდნენ. კვლევაში მონაწილეები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, გარკვეული ინტერვალით, საერთო ჯამში 3-3-ჯერ აცრეს.

კვლევის მიზანი სისხლის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში ვაქცინათა ეფექტიანობის განსაზღვრა იყო. შედეგებმა აჩვენა, რომ კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატის მესამე დოზის ინიექციის შემდეგ პაციენტების 92%-ში, რომლებიც ლიმფომის გამო ანტი-CD20-ის მკურნალობის კურსს არ გადიოდნენ, ანტისხეულების საპასუხო რეაქცია გაუმჯობესდა. რაც შეეხება ცდისპირებს, რომლებიც ამ მიმართულებით მკურნალობდნენ, პრეპარატის ეფექტიანობა მათ 17%-ში გამოვლინდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.