რამდენიმე თვის წინ უელსის ერთ პატარა ქალაქში – ბომარისში აღმოვჩნდი. 1838 წელს გახსნილ სასტუმროში ვცხოვრობდი, ძველი რემონტით, ზღვის პირას და ღამით თოლიების ხმა მესმოდა. დილით კი საუზმეზე უცნაური, როგორც შემდეგ გავარკვიე, ადგილობრივი უელსური სახელწოდების მქონე იოგურტი მხვდებოდა – LLAETH Y LLAN. აღმოჩნდა, რომ ეს იოგურტი სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სოფელ დებინგშირში მზადდებოდა. ფერმის მფლობელები კი გარეტ და ფელმა რობერტსები იყვნენ. სწორედ მათ გაგაცნობთ დღეს.
“ფერმერობას ყოველთვის ვაფასებდი, როგორც საქმეს, რომელსაც თან ახლავს საფრთხეები და შესაძლებლობები”, – ასეთია გარეტ რობერტსის დამოკიდებულება იმ საქმის მიმართ, რომელსაც ნახევარი საუკუნეა, კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ ემსახურება.
70 წლისაა. უელსის სოფელ დებინგშირში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად და იოგურტს ამზადებს. წვერს არ იპარსავს. ურჩევნია, ყოველ ჯერზე, როცა საწარმოში შედის, დამატებითი ოპერაცია ჩაატაროს: ჯერ ქუდი უნდა დაიხუროს, შემდეგ სპეციალური ფაჩუჩები და ხალათი ჩაიცვას, ბოლოს კი – წვერის გამო, პირბადეც აიკრას და იოგურტის წარმოების პროცესს ასე დააკვირდეს.
მისი ფერმა, როგორც თვითონ ამბობს, სხვა ადგილობრივ ფერმებთან შედარებით, მცირეა: 20 ჰექტარი უჭირავს, 32 ადამიანს ასაქმებს და, ბრიტანულ მედიას თუ დავუჯერებთ, ყოველწლიურად მილიონი გირვანქა სტერლინგის შემოსავალი მოაქვს. 2015 წელს გარეტ რობერტსს განსაკუთრებული ახალი წელი გაუთენდა: გაერთიანებული სამეფოს კვებისა და ფერმერული ინდუსტრიის ჯილდო მიიღო და მისი ბიზნესი წლის საუკეთესო ოჯახურ ბიზნესად აღიარეს.
აქამდე რომ მოსულიყო, გრძელი გზა გაიარა.
“სკოლაში ცუდი ნიშნები მქონდა. აკადემიური თვალსაზრისით არაფრად ვვარგივარ”, – პირდაპირ ამბობს და მეტი დამაჯერებლობისთვის თავსაც აქნევს. რომელიღაც გამწარებულმა მასწავლებელმა ერთხელ მიაძახა – არაფერი გეშველება, ყველაზე იაფფასიან საქმეს მოჰკიდებ ხელს და ფერმაში მუშაობით ამოგხდება სულიო. 1962 წელი იყო. გარეტმა სკოლა დაამთავრა და თავი იღბლიანად იგრძნო, როცა მის სოფელში ყველაზე დიდი მამულების მფლობელმა სამსახური შესთავაზა.
გარეტ რობერტსის პირველი საქმე ღორების მოვლა იყო. „ღორებთან მუშაობამ ერთი რამ მასწავლა: უნდა გაიღიმო და საქმე კეთილსინდისიერად აკეთო“, – ასეთია უკვე შემდგარი ფერმერის ცხოვრებისეული კრედო.
ღიმილი მის სახეს მართლაც იშვიათად ტოვებს. როცა საქმეზე საუბრობს, თვალები ენთება, ხელებს შლის, ხმა ეცვლება – თითქოს ცდილობს, ისე გადმოსცეს სათქმელი, რომ მსმენელისთვის ინსპირაციის წყარო გახდეს. მისი ისტორია ხომ სირთულეების დაძლევის ისტორიაა. ჰეფი ენდით.
10 წლის მუშაობის შემდეგ გარეტ რობერტსი ლენდლორდმა დააწინაურა და მთავარ მენახირედ დანიშნა: გარეტს ძროხების მოწველა და ამ ცხოველების მოგებიანობის კონტროლი ევალებოდა.
კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ლენდლორდისგან საქმიანი წინადადება მიიღო: ცოლს რომ მოიყვანდა, შეეძლო მიწის მცირე ნაკვეთი ქირით აეღო, რომ საკუთარი ბიზნესი წამოეწყო. „ეს მიწაა, ჩვენ რომ ვდგავართ. ეს მცირე ფერმა“, – მეუბნება გარეტი და მარჯვენა ფეხით მიწას აწვება.
ასე მიიღო გარეტმა 20 ჰექტარი მიწა და ცოლიც მოიყვანა. როგორც თვითონ ამბობს, “ძალიან კარგი გოგონ”, რომელსაც მასზე „ბევრად მეტი ფული ჰქონდა“. გარეტის საცოლე, ფელმა, დებინგშირიდან 40 მილის მოშორებით, ლივერპულში ცხოვრობდა. მამამისი სოციალური დაცვის აგენტი იყო. თვითონაც კარგი სამსახური ჰქონდა. გარეტთან სოფელში გადმოვიდა საცხოვრებლად და სახლის მშენებლობაშიც დაეხმარა. სახლი კარგი გამოვიდა: „წარმოუდგენელია, იმ დროს ტუალეტიც კი შიგნით გვქონდა“, – ღიმილით იხსენებს გარეტ რობერტსი და ხმის ტემბრი უღრმავდება.
გარეტი შრომას აგრძელებდა: თუ შინ, თუ გარეთ – თავისი ლენდლორდისთვის. იმდენი თანხაც მოაქუჩა, რომ 12 ძროხა ეყიდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობა სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა.
გარეტი ჯერ კიდევ ღორებს უვლიდა, როცა ბრიტანეთის მთავრობამ 1969 წლის აგვისტოში ჩრდილოეთ ირლანდიაში პირველი საჯარისო ნაწილები შეიყვანა. ეს იყო ე.წ. „დროებითი ოპერაცია“, რომელიც სამდღიანი ძალადობის ჩახშობას და წესრიგის აღდგენას ისახავდა მიზნად. თუმცა წლიდან წლამდე კონფლიქტი მწვავდებოდა და სულ უფრო მეტი მსხვერპლი მოჰქონდა.
ამ კონფლიქტის მთავარი მიზეზი ჩრდილოეთ ირლანდიის კონსტიტუციური სტატუსი იყო. როგორც ბრიტანულ ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ, იუნიონისტები, რომელთა უმრავლესობა პროტესტანტები იყვნენ, ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას ემხრობოდნენ, ნაციონალისტები კი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა კათოლიკეები იყვნენ, ჩრდილოეთ ირლანდიას ირლანდიის რესპუბლიკის ნაწილად მიიჩნევდნენ.
ლენდლორდის შვილი ამ კონფლიქტის დროს ჯარში ოფიცრად მსახურობდა და სასიკვდილოდ დაიჭრა. ამ ფაქტის შემდეგ მამულების მფლობელმა ქირით გაცემული მიწის გაყიდვა გადაწყვიტა. „ეს მიწა აუცილებლად უნდა მეყიდა. საბედნიეროდ, შემეძლო ჩემი თავისთვის ამის უფლება მიმეცა. აქედან იწყება ყველაფერი“, – მეუბნება გარეტი ისე, თითქოს მთელი შვიდი წუთია, ფეხზე მდგომები არ შევყევით საუბარს მის ნამდვილ ინგლისურ ბაღში მისი ნამდვილი ინგლისური სახლის უკან და მწვანე ბალახისა და ფელმას მიერ მომზადებული სენდვიჩების სუნი არ გვიღიტინებდეს ცხვირში.
ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტმა დაღი მთელ ევროპას დაასვა, განსაკუთრებით – უელსს. მსოფლიოს ამ ნაწილში ფული გაძვირდა. „ფერმერობა რომ დავიწყე, საპროცენტო განაკვეთი 5% იყო და უცებ, ბანკები უკვე 18%-ის გადახდას მთხოვდნენ“, – იხსენებს გარეტი. ფერმის შენახვა გართულდა. ვერც ფელმა დაბრუნდებოდა კარგ სამსახურში, რადგან, გარეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, უკვე ორი ბავშვი ჰყავდა მოსავლელი. „და ისევ იღბალი“, – ოდნავ საზეიმო ხმით მიცხადებს გარეტი და ვხედავ, როგორ კრავს ხელს მუშტად.
იღბალი კი ახალი მიგნება იყო – რძის ჩამოტარება. გარეტს უკვე აღარ სჭირდებოდა კოოპერატივისთვის მიეყიდა რძე. მას შეეძლო პირდაპირ კარის ზღურბლზე მიეწოდებინა პროდუქტი მომხმარებლისთვის და ამით დამატებული ღირებულება შეექმნა. „მაშინ ნედლი რძე კარგად იყიდებოდა“, – მიხსნის გარეტი და დასძენს: „ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი ვიყავი. მარკეტინგის არაფერი გამეგებოდა. ბაზარი მაიძულებდა ახალ-ახალი გზებისთვის მიმეგნო, რომ თავი გადამერჩინა“.
თუმცა საფრთხეები არ ილეოდა. შემდეგი გამოცდა სალმონელა აღმოჩნდა. ეს საკმაოდ გამძლე მიკრობია, რომელიც მწარმოებლის მხრიდან მალფუჭებადი პროდუქტის სწრაფ და მკაცრ კონტროლს მოითხოვს, რაც, როგორც გარეტ რობერტსი ამბობს, არც ადვილი საქმე იყო და არც – იაფი: „უცებ აღმოჩნდა, რომ ჩემნაირი ახალგაზრდა ოჯახები აცხადებდნენ – არ გვინდა ნედლი რძე! რომ გადავრჩენილიყავი, პირველი პასტერიზატორი ვიყიდე. და ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში“.
რძის დამუშავებამ გარეტ რობერტსს უფრო დიდი ბაზრებისკენ გაუხსნა გზა. მას უკვე შეეძლო თავისი პროდუქტი მაღაზიებში შეეტანა, სასტუმროებისთვის მიეყიდა. ცხოვრების სტილი – ფერმერობა – ნელ-ნელა უკვე ნამდვილ ბიზნესში იზრდებოდა და ამ ყველაფერს, გარეტის აზრით, მართავდა არა მარკეტინგი, არამედ თავისუფალ ბაზარზე არსებული მოთხოვნა: „ხალხს უნდოდა კარგი უელსური რძე“.
ასე გადავიდა გარეტ რობერტსი 80-იან წლებში. „მედია გაგიჟდა ჟანსაღ საკვებზე“, – მეუბნება გარეტი და პაუზას იჭერს, თითქოს ჟურნალისტის რეაქციას ელოდება, თუმცა მალევე აგრძელებს: „მოხდილი და ნახევრად მოხდილი რძე შემოვიდა მოდაში. რა უნდა მექნა? მხოლოდ ცხიმიანი რძე მქონდა. ისევ ბიზნესის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდი: ადგილობრივი სუპერმარკეტები უარით მისტუმრებდნენ. უნდა მემოქმედა“.
და გარეტ რობერტსმა ჰომოგენიზატორი და სეპარატორი იყიდა.
სეპარატორი რძეს ნაღებს აცილებს – ამდენად, გარეტს უკვე შეეძლო მომხმარებლისთვის მოხდილი და ნახევრად მოხდილი რძე შეეთავაზებინა. ბიზნესი ისევ ამოიქოქა. თუმცა გარეტს საკმაო დრო დასჭირდა, რომ მიმხვდარიყო – უკვე ახალი პროდუქტიც ჰქონდა. ეს იყო ნაღები. „რა ვუყო ამ ნაღებს? – პირველად ეს გავიფიქრე“, – მეუბნება გარეტი და იქვე ამატებს: „ორ წუთში მივხვდი: ხალხი უნდა დამერწმუნებინა, რომ ჩემგან ნაღებიც ეყიდათ“.
ამ მიზნის მისაღწევად, გარეტმა ინგლისური სახელის ნაცვლად, ნაღების პირველ პროდუქტს ადგილობრივი – უელსური სახელი შეურჩია. LLAETH Y LLAN ერთადერთი პროდუქტი იყო უელსის სოფლის დახლებზე უელსური სახელწოდებით. მომხმარებლის რეაქციამაც არ დააყოვნა. „აზრზე არ ვიყავი, რომ ეს კარგი მარკეტინგი იყო“, – ხმამაღლა იცინის გარეტი, თუმცა მალევე სერიოზულდება და დაბალი ტემბრით მიხსნის: “ამჯერად ჩემს საკუთარ ბიზნესს მე თვითონვე შევუქმენი საფრთხე”.
საქმე ის არის, რომ ნაღებმა მოკლე დროში რძეზე მეტი პოპულარობა მოიპოვა. დღითიდღე სულ უფრო მეტი მოხდილი რძე რჩებოდა გაუყიდავი. მხოლოდ ნაღების გაყიდვა კი სასურველ მოგებას არ ტოვებდა. „და მაშინ ტვინში ნათურა ამენთო. რატომ არ დავაკავშირო ერთმანეთს ყველაფერი? რძე, ნაღები, ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც შევიძინე. და კიდევ ერთხელ მივენდე იღბალს. მოდი, ვცადოთ იოგურტი, ვუთხარი ფელმას და ჩვენც ვცადეთ“.
ასე დამზადდა პირველი ორ-ნახევარი ლიტრი იოგურტი ერთ მოცუცქნულ ჯამში. წარმოება 4-5 წელიწადში კვირაში 1000 ლიტრამდე გაიზარდა და უცებ აღმოჩნდა, რომ ძველი პატარა სარძევე ფერმა საკმარისი აღარ იყო. 1995 წელს ახალი საწარმო ააშენეს და ყოველკვირეულად დაახლოებით 2-3 ტონას აწარმოებდნენ. დღეს ამ საწარმოს მოცულობა ყოველკვირეულად 35 ტონა იოგურტამდეა გაზრდილი და მის გვერდით თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ქარხანა შენდება. გარეტი და ფელმა აღარც რძეს ასხამენ ბოთლებში და აღარც ნაღების მოხდაზე წვალობენ. მხოლოდ უელსური სახელის მქონე იოგურტი უწყვიათ ყუთებით, რომელიც მალე მთელი გაერთიანებული სამეფოს დახლებზე დაეწყობა, ექსპორტზე ბელგიასა და საფრანგეთში გავა და მეც, ბომარისში მიბრუნებულს, სასტუმროში დამხვდება.
„ვიღაცას რომ ეთქვა ჩემთვის თუნდაც 25 წლის წინ, რომ მე აქ და ამჟამად ვიქნებოდი, არაფრით დავიჯერებდი“, – მეუბნება წლის საუკეთესო ოჯახური ბიზნესის მფლობელი გარეტ რობერტსი: „ერთი ჩვეულებრივი ფერმერი ბიჭი ვიყავი, ყველაზე დაბალი სტატუსით. არაფრიდან დავიწყე და ახლა შემიძლია კარგი რეინჯ როვერიც მყავდეს. ოღონდ – 70 წლის ვარ“.